13 votes
0 comments
0 shares
Save
563 views
Maia Khomeriki
Lastra a Signa · 3 months ago

დილა მშვიდობისა, დილა სიხარულისა და დილა სიყვარულისა მოგმადლოთ უფალმა!💖

დღეს ტიციანი დაიბადა❤

მეარღნეები და პოსტები

... და ალიონზე თეთრ დუქანთან

სტირის არღანი.

მტკვარი ახლოა, უნდა მტკვარში

თავი დავიხრჩო.

სიყვარულისგან მეტ მოთმენის

არა მაქვს ღონე,

მინდა ამ დილას ამ ცივ მტკვარში

თავი დავიხრჩო.

მეტი მოზიდეთ კალმახები

მაშ არაგვიდან,

რაც იყოს იყოს. ამ ქეიფსაც

ერთხელ ავიტან.

ერთ ლამაზ ქალზე მარტო ერთი

ლექსი დარჩება,

განა გავხდებით პოეტები

ლექსის ჩარჩებად?..

- ნინა, ნინა, ჩემო ნინა

გათხოვება, ხომ არ გინდა?

- გათხოვება რომ მინდოდეს,

შენი კითხვა მე რად მინდა?

ასე მეარღნე, დაამტვრიე,

დასცხე, გეთაყვა,

აბა რად გიღირს ერთი ძველი

შენ მუხამბაზი!

რამდენი ძველი სიყვარული

ამ მტკვარს თან გაჰყვა,

ზაჰესის სინას ხომ გაჰყვება

ეხლაც ჯამბაზი.

- "შაბათი რომ დაღამდება,

კვირა გათენდება.

თამრიკო მოწამლულა,

რაღა მეშველება?“

ტყვილი იქნება, ჩემო ძმაო,

თავს ვინ იწამლავს?

ალბათ იმ ქალსაც სულ ტყუილად

ჰქვიოდა თამრო!

ის სხვა სიყვარულს უეჭველად

გულში იმალავს,

რამდენიც გინდა, თვითონ ვიცი,

იმას ჰყავს საქმრო...

ჩემო მეარღნევ, გენაცვალე,

წაიღე სული,

საქართველოში ნეტა ასე

ვინმეს ვუყვარდე

რა ვუყოთ მერე, პოეტი ვარ

ხელით წასული,

საქართველოში ხომ ფეტვივით

სთესავენ ვარდებს!

ვიცი გიყვარვარ, ასე მწარედ

მიტირებ არღანს,

ვიცი გიყვარვარ, რომ არ გინდა

მოკვდეს თამარი.

ფენ, ჩემო ძმაო, თუ მოკვდები

არვინ დაგმარხავს,

თავის სამარხი ზედ გარტყია

ვერცხლის ქამარი.

ცდები, მეარღნევ, გათხოვდება

ეგ შენი ნინა!

არ დაიწერო, ის თამრიკოც

რომ მოიწამლოს.

ქალი ქალია, დიდხანს უქმროდ

რამ არონია,

ქალი ქალია და იშოვის

თავის მალამოს.

უბრალოდ ვკვდებით მეარღნები

და პოეტები,

მაგრამ ჩვენ ალბათ თავის მოკვლაც

გვეპატიება...

1927 წელი, 16 თებერვალი

#goodplaces
Maia Khomeriki
Lastra a Signa · 3 months ago
Similar Posts
Kutaisi Daily
Zeda Simoneti · 2 months ago
"ქუთაისზე როგორ უნდა დავწერო" - აკა მორჩილაძის ქუთაისი
რამდენიმე წლის წინ სოციალურ ქსელ "ფეისბუქზე" მწერალმა აკა მორჩილაძემ ვრცელი ბლოგი დაწერა, სადაც ის ქუთაისის ისტორიაზე ყვება და ამ ქალაქის ღირებულებებს იხსენებს. გთავაზობთ ბლოგს: ქუთაისზე როგორ უნდა დავწერო, ქუთაისს ისეთი მწერლები ჰყავს. ქუთაისი ისე მიყვარს, რომ იქ არც მიცხოვრია. ერთ ღამეზე მეტი, გადაბმულად არც არასდროს გამითევია. დღემდე ვერ ავუღე ალღო ქალაქის გეოგრაფიას. ანუ, მარტო რომ შევიდე, ეგებ გასასვლელს ვეღარც ვუწიო. შესასვლელი ვიცი, მარცხნივ კვახჭირი დარჩება. ძველი შესასვლელიც ვიცი, ურიცკის ქუჩით. არსებობს ახლა ძველი შესასვლელი? ეგ სამწუხაროდ აღარ ვიცი. ანდა რა მნიშვნელობა აქვს? ქუთაისში არ მიდიხარ ხოლმე გეოგრაფიის დასამახსოვრებლად. არასდროს. ქუთაისში მიდიხარ და მორჩა. მართლა არ ვიცი, როგორ დავწერო ქუთაისზე. თავში სულ ფერადები დამირბის. ეს არ არის ბოლო ოცი წლის ფერადები. იყო ფერადები ბოლო ოც წელიწადს? ალბათ იყო, მაგრამ მე როგორღაც არ მომხვდა. 1918 წლის ზამთარში, სულ რამდენიმე დღეში, ქუთაისი დაიცალა. ყველამ, ვინც ქუთაისის სახეს ქმნიდა, რატომღაც გადაწყვიტა, რომ თბილისში წამოსულიყო. პოეტებმა, მხატვრებმა, მსახიობებმა, მასწავლებლებმა, ინჟინრებმა ასე გადაწყვიტეს. მგონი იმიტომ, რომ საქართველო დამოუკიდებელი იყო და ერთგვარ ცენტრად თბილისი აღიქმებოდა. ეს შეუმჩნეველი ამბავია ჩვენს ისტორიაში. თან უცნაური ამბავი. არადა მომხდარი ამბავია. დიდი შეცდომაც, რომელიც ალბათ ვეღარასდროს გამოსწორდება. ქუთაისის ლეგენდარული ქართული გიმნაზიის მასწავლებლები შეიქნენ თბილისის უნივერსიტეტის პროფესორები. განთქმული ქუთაისელი ექიმები მოეწყვნენ თბილისის საავადმყოფოებში. ქუთაისელი პოეტები ჩამოსხდნენ თბილისის კაფე "ქიმერიონში", რომელიც ეგებ სხვა არც არაფერი იყო, უქიმერიონის გარდა. უქიმერიონის აღმართი... გეხსომებათ. ამის შედეგი ის იყო, რომ ერთი ქალაქი დაიმცრო, მეორე კი კიდევ უფრო იზარდა. არა მხოლოდ ესენი: ლეგენდარული ახალციხური გვარებიც კი, რომლებიც ქუთაისში აგე, როდის მოვიდნენ, თბილისისკენ გამოეშურენ. რა არის ეს თბილისი ამისთანა. რატომ იყო საჭირო. რისთვის იყო საჭირო ეს დაძვრა. ასეთი უცაბედი. არც მახსოვს, სად ამოვიკითხე ეს ამბავი. ერთადერთი წინადადება ეწერა, - ასე მოხდაო. მგონი, არც იყო ქართული ტექსტი. ინგლისური იყო. ნამდვილად ინგლისური. ჩვენს წიგნებში არ წერია ხოლმე ასეთი რამეები. ეს ალბათ ძლიერ ინფარქტს ნიშნავდა. სულაც არ მინდოდა ამ დრამატული ამბის გახსენება. ბოლოს და ბოლოს ქუთაისს თავადაც ერგებოდა საუნივერსიტეტო ქალაქად ყოფნა. მოხუცებული დიმიტრი ყიფიანი, რომელიც ყველა თანამდებობას ჩამოშორებული იყო, ბოლოს იმერეთის თავადაზნაურობის მარშლად აირჩიეს. გადარეული ყოფილა, - რა მიქნეს ამ ქუთაისელებმა, როგორ დამხვდნენო. ეტლში ჩამსვეს და მთელი ქალაქი ზარზეიმით მომატარესო. დიმიტრი, ქართლელი ყიფიანი იყო, სუმბათაანთ აზნაური. ცხოვრება ისე გალია, რომ ზედმეტად არავის გაუღიმია მისთვის. ქუთაისური გიტარა. სად წავიდა ქუთაისური გიტარა? მგონი, დღევანდელ თბილისურ ტრიოებში გადმოინაცვლა. ოღონდ, სიმართლე რომ ვთქვა, არც ამის გახსენება მინდოდა. სულ სხვა რამის დაწერა მინდა. სამსონ ფირცხალავას უწერია, - ქუთაისიდან თბილისში რომ გადმოვედი, წავხდი კაცი, ვერ შევეგუე ასეთ სიჭრელეს, ასეთ განსხვავებულობასო. პურსაც კი ვერ ვჭამდი, იმდენად განსხვავდებოდა ქუთაისურისგან, ჩემი დამემართა, სანამ მივეჩვიეო. ბავშვობისა რა მახსოვს და, ადრიან დილით ქუთაისში, რუსთაველის ქუჩაზე, პაწაწინა სახლში მამიდაჩემი ცხელ ხაჭაპურს ჭრის და ჩაის ძველებურ ჭიქაში ბლომად ალუბლის მურაბას მიყრის. ვფიქრობდი, რანაირია ნეტა ეს ქუთაისი-თქო. არ ვიცოდი, ვიცოდი მხოლოდ ეს სახლი. ჩვენები ომამდე ქუთაისში ცხოვრობდნენ, კაი დიდი სახლი ჰქონდათ გორაზე. მერე ომმა არია ცხოვრება. ბაბუაჩემი დაიძრა. ეს გრძელი ისტორიაა და უცხოს არ დააინტერესებს. სინამდვილეში სულ სხვა რამე მინდოდა მეთქვა. აი, ვუტრიალებ და ვერ ვახერხებ. რაღაც ნაკუწებს ვკრეფ და მგონი, საბოლოოდ რამე გამომივა. მე რა უნდა დავწერო ქუთაისზე. ბავშვობიდან ვყოფილვარ იქ. ქუთაისის სადგურში დიდთოვლობას გაჩხერილ მატარებელშიც ვმჯდარვარ, სათაფლიას დუქანშიც ვყოფილვარ, გელათის ამბავსაც მივხვედრილვარ, მგონი, და ბაგრატის ტაძრის თაღში რომ ლეღვის ხე იყო შეზრდილი, ისიც დამამახსოვრდა. შიგ ჩიტები ფრთხიალებდნენ. ლეღვი იყო, მგონი. ვერ ვცნობდი მაშინ, პატარა ვიყავი. საოცარი რამ კი იყო. ახლა აღარ არისო, - მითხრეს. ბაგრატი უნდა აშენდესო, მგონი, ამასაც ამბობდნენ. ის თაღში ამოზრდილი ტოტები და შიგ შეფრთხიალებული ჩიტი, მგონი, ყველაზე ლამაზი რამ არი, რაც ცხოვრებაში მინახავს.კიბეც გადასარევია. გახსოვთ, "საბუდარელ ჭაბუკში" ჩხუბი როა ამ კიბეზე? ცუდი უშანგი და კარგი გოგიტა რო ჩხუბობენ? ქუთაისი სურათებია. სურათებს სიცოცხლე უნდა. სად არის სიცოცხლე? რა უნდა ვთქვა ქუთაისზე. ნაგლეჯები: რესტორანი ქვაშავაზე. ძველი გოგისვანიძეები. დავით აღმაშენებელი. მოწამეთა. მამაო გაგი თავისი სამკურნალო ბალახებით. ყველა მაინც გაგის ეძახდა. ბიკენტიას წყვილი ქაბაბი. ნიკო ნიკოლაძის დები. აკაკი აივანზე. ბოჩკები. ქუთეისელი ქურდები. ქუთეისელი ბუფეტჩიკები. ტუა. ბუნჩულა. რა ვიცი. სულ სურათებია, რომლებსაც ბავშვობიდან ვხედავდი გაკვრით ან არ ვხედავდი, ყურს მოვკრავდი და წარმოვიდგენდი. რა ინდუსტრიის მშენებელი ეგ იყო. გალაკტიონი. ქუთაისის გიმნაზია. ცისფერი ყანწის ბიჭები. დახვრეტილი ბარონ ბიბინეიშვილის მოგონებები ქუთაისის შესახებ. საოცარი მოგონებები, სხვათა შორის. ქუთაისის ციხე. აწ გამქრალი. სტალინის კამერა. გიჟუას ნახტომი. თხაწვერა გოგია. პოეზია. ქუთაისის თეატრი. ის, ძველი, ჭიჭიკია და ბიჭიკია. იმათი ძაღლი. ბისკვიტია. პიანი ბაზარი. მწვანე ბაზარი. კვაჭი კვაჭანტირაძე, კაცი დაბადებული სამტრედიასა და ხონს შუა, ქუთაისში გაგიმნაზისტებული. სულ მომწონდა ქუთაისის უბნების სახელები. თბილისისა როგორღაც უფრო დამჯდარი და პირქუში იყო. მწვანეყვავილა. სასაფლაოს უკეთესი სახელი მე არ გამიგონია. ასე რომ ჟღერდეს. სამსონ თოფურია. სამსონ თოფურიას ლეგენდარული ბიუსტი. სად არის იგი? გინახავთ სამსონ თოფურიას ფოტო? ექიმი, ადესაში მტვირთავად ნამუშევარი. სხვა იერის კაცი. აკაკის გადამრჩენი, არაერთხელ. ექიმი ასევე, ივანე გომართელი. სოციალისტი, მგონი. წერდა გაუთავებლად. გარეგნობა-საუკეთესო სასიძო. რიონის წვერა. რიონის ქვები. კომუნისტებმა გაისროლეს რიონი ქუთაისიდან. დააწყალმარჩხეს. დარჩა ქვები. თეთრი. ქუთაისის ხიდები... შეიძლება, რომ ყველაფერი ასე სახელიანი იყოს? ასე გამოკვეთილი? ჯაჭვის ხიდი. სანამ ვნახავდი, ბავშვობაში უშველებელი წარმომედგინა. მერე გადავიარეთ. პატარა ხიდია. მაინც განუმეორებელი. არაფერი და ყველაფერი. როგორ მირბის ზედ, რევოლვერმომარჯვებული კონსტანტინე დადეშქელიანი, რომელმაც ეს წუთია მოჰკლა გუბერნატორი. ამპრეტუზო მედუზო. პიკასოს ბიჭი. ლადო მესხიშვილი, ხმა ჩახლეჩილი, ფრანც მოორის როლში, კინაღამ მართლა რომ ჩამოიხრჩო თავი. პიპინია მიქელაძე ახტა სცენაზე, ხმლით გადასჭრა თოკი. დარჩა ხმა გაბზარული. ქუთაისის ხმა. სერგია ერისთავი. გიცანი, სერგია გიცანიიი? რიონს რო მივქონდე და მეძახდე, გიცნობო, ასეა საქართველოს ამბავიო. სერგია ერისთავი. ქუთაისური ხუმრობა. დღეს, მგონი, ოდნავ ნაძალადევი, სერგიაზე და სხვათა კლასიკაზე აწყობილი. ოთარ მამფორიაზე, რასაკვირველია.[pagebreak] მინახავს მოხუცებული ბუღალტრები, შავი ჰალსტუხებით, ტილოს პიჯაკებში, გარეთა ჯიბეში სამი-სამი ავტორუჩკით, შლაპებით. ბაღში. მოვესწარი ამის შემჩნევას. ბაღისკიდეც მახსოვს. ცოტა ლუპენული ხუმრობებისკენ მიდრეკილად წერდნენ მის შესახებ. ბულვარი, გულვარდი. ასე უნდა სწორედ სიტყვის მორგება და გადაკეთება. დანიელა ურია. ქუთაისის ებრაელობა. ქუთაისის რუსობა და ქუთაისის პოლონელობა. მოკრივე ბოჭოლია. ნამდვილი ვარსკვლავის კი არა, შოუ და რაღაცა. ძველი ქუთაისელი ძელეცები. ერთხელ, ბავშვობაში, ქუჩაზე დამახსოვრებული კაცი. ეს ვინაა, იცი? იობიძეა, ათასკაციანი ქორწილი რო გადოუხადა შვილს და რო დეიჭირეს. დაჭერები. პიერ, პიერ. მე მილიციაში ვმუშაობ და ქორწილებში თუ ვუბაგუნე დოლს... ქუთეისია, უნდა უბაგუნო. ჩემი მეგობარი ნოდარი. ტიტე ვაჩაძე. ტორპედო. ქუთაისის ტორპედო. თავისი მთელი ამბებით. იუზა ლოსაბერიძის გოლი კიევის კარში, სისინა ქარის თანხლებით. ომი ქუთაისის სტადიონზე, სიკვდილი. სახალხო მღელვარება. დაღუპული ბიჭი. ბადრი ფარულავა, დურმიშხან ქვირია, ლეგენდა - ჯემალ ხერხაძე. კარგია, როცა ყველაფერი შენი გაქვს. მე მომწონს, სხვისი არ ვიცი. მე რა უნდა ვთქვა ქუთაისზე, რაც არ უთქვამთ და რაც თავიანთ გულში არ გაუტარებიათ? მართლა მაისში იყო მაგარი. ქარები იცის, ოხრული ქარები. მიდი, მოდი, თეთრო ხიდო, ოღასკურა, საფიჩხია... შალიკო ხვინგიაძე. სინამდვილეში გიგიაძე. შეხვედრები ჰიტლერთან. დათეშიძის გორა. აგული ერისთავი, სასაფლაოთა მიქელანჯელო. პერსონაჟები და რეალური ადამიანები სრულიად ერთად, ყოველგვარი გამოცალკევების გარეშე. ქუთაისური გვარები. მიქელაძე-მიქელთაძე. რომელ ქალაქში დაარქმევენ შვილს შედანს ჩვენს დროში? შედან ჭილაძე, მეჩვიდმეტე საუკუნის დიდი მსმელი. ჰოდა, არქმევენ. კოლია ქვარიანი. კოლია ქვარიანი! გოლიათი, ამერიკულ ფილმებში. გადახვეწილი. დიდი და მელოტი კოლია ქვარიანი. ზანგ ხულიგნებთან ჩხუბში დაღუპული სამოცდაჩვიდმეტი წლის დევი. დღემდე კლასიკა, ჭიდაობის სურათი, ჩახედეთ იუთუბს, ჯინ სტენლი-კოლია ქვარიანი. სიმონ ქვარიანი,ისტორიული რომანი... მამაჩემის მოგონება: ჩამოვედი მატარებლიდან, გავიარე სადგური, დილაა, ვიტრინიდან ხელს მიქნევენ ბოჭოლია და გენდრიმოვიჩი, წინ უდგათ არყის ბოთლები და ლუდის კათხები. უნდა დაგვეწიო, თითო ბოთლი დაცლილი გვაქ უკვეო. რავარი დასაწევია. პერაშკი ჩააყოლე, პერაშკი. რიონის წვერა. გინახავთ, ჩხირებზე აგებული? ეს ორი ვარია შოუშვი ისრიმ მაყვალში... მწვანილი, ქუთაისის მწვანილობის ეპოქა... მგონი, რაღაც ვთქვი და რაღაცას მოვყევი, იქ არმცხოვრები კაცის პირობაზე, თორემ მე რას უნდა მოვყვე ქუთაისზე. მე ვინ ვარ ამ საქმეშიი? ვთქვი, რისი თქმაც მინდოდა. ცოტათი მაინც. მთავარი კი არ მითქვამს. დიდი ქუთაისური ლიტერატურა. დიდზე დიდი. პირადად ჩემთვის სრულიად გადამწყვეტი და განუმეორებელი დღევანდელი ჩვენი მწერლობისთვის. ეგ რომ არ ყოფილიყო... არ ვიცი, აზრებს ძნელად გამოვთქვამ ხოლმე ფილოლოგიურად. ასე დაცლილმა, ასე გადასხვაფერებულმა, გულგამოღებულმა, მაინც მოახერხა და ამდენი გააკეთა. ამდენი კი არა, მე რო მკითხო... ჩემს გონებაში ქუთაისი, როგორც სისტემა დაიწყო რეზო ჭეიშვილის მოთხრობით, სადაც წყალტუბოს არქივში მომუშავე მწერლის ცხოვრება იყო აღწერილი და სადაც მოთხრობილ იყო მოკრივე ბაჭიას სიკვდილზე ავტოკატასტროფაში. ალბათ ბაჭია მაშინვე დავუკავშირე, ადრევე გაგონილ ბოჭოლიას და ალბათ იმასაც მივხვდი, რომ ეს ერთი და იგივე კაცია. მე რა უნდა ვთქვა ქუთაისზე. ეგებ სულაც არასწორად ვამბობ ოდესღაც გაგონილ სახელებს. მაგრამ მახსოვს წვიმა იმ მოთხრობაში და ძველი ქუთაისელი ძელეცები რესტორანში. არ ვიცი რატომ, მაგრამ ამ მოთხრობამ ჩემზე სრულიად განუმეორებელი შთაბეჭდილება მოახდინა. სრულიად გარკვევით ვხედავდი იმ ადამიანებს, რომლებიც იქ მიმოდიოდნენ. შეიძლება იმიტომ, რომ რაღაცები და ვიღაცები უკვე მენახა ქუთაისში. არ ვიცი. მაგრამ ასე კი იყო და ახლაც ასეა. მერე წავიკითხე მისივე "მუსიკა ქარში". ჩემი ჭკუით, ეს არის უმნიშვნელოვანესი ქართული წიგნი ბოლო ას წელიწადში. ჩემთვის, ისევ და ისევ, თორემ სხვისთვის რა ვიცი. ამ წიგნის ტონი სრულიად უცხოა ჩვენებური წიგნებისთვის. ომის და ომისშემდგომი ქუთაისი. სიმინდი, ბაბუა, ლეკის ბიჭი, პორფილი, დაუმთავრებელი სახლი. ბიჭი, რომელიც ყველაფერს იმახსოვრებს. ასეთი ქუთაისი კარგა ხანს მმართავდა. სულ არ გავდა იმას, რასაც თვალს მოვკრავდი ხოლმე. იქ რომ მოვხვდებოდი, აუცილებლად გადავხტებოდი ხოლმე ამ წიგნში და ვადარებდი. ეგეთი ქვეყანაა საქართველო. გააკეთებ ასეთ რაღაცას და არის ეს რაღაცა ჩუმად, ვითომ ასეთი წესია. მოხდება ხოლმე ასე. მგონი, არ უნდა შევყოლოდი ამ ლაპარაკს. ვეღარ დავამთავრებ. ანდა დაუნდობლად უნდა მოვკვეცო. ჩემი ქუთაისური წიგნები კი რასაკვირველია ჩემთან დარჩება. ერთხელ კოტე ჯანდიერმა რეზო გაბრიაძესთან წამიყვანა. ვისხედით და ვლაპარაკობდით. მე რა უნდა მელაპარაკა, მკითხავდა რამეს და ვუპასუხებდი. იჯდა და ხმადაბლა გვიამბობდა რაღაცებს, ლიმონათს აძალებდა ჩემს ქალიშვილს და მალიმალ ეუბნებოდა, - ყოჩაღ, თუ სამიანებს იღებ ხოლმეო. მისი მობილური ყიოდა მამალივით, ის თავად ეწეოდა ძალიან წვრილ სიგარეტებს, ჩასცქეროდა საფერფლეს და ხმადაბლა გვიყვებოდა, როგორ ჩამოვიდა ქუთაისიდან თბილისში, დაბალი და გამხდარი; როგორ დადიოდა საჯაროში, სად რომელი ბირჟა იდგა რუსთაველზე და ამას ყვებოდა არა წარსულისადმი მისი თაობის თბილისელთათვის ჩვეული რომანტიკით და ლაღიძის წყლებზე აქცენტით, არამედ როგორც განვლილი ტკივილის შესახებ.ეს არ იყო ტკივილი წასული რომანტიზმის შესახებ. ეს სულ სხვა ტკივილი იყო. მე მინდოდა, ქუთაისზე მოეყოლა. ხომ არ დავუწყებდი გამოკითხვას. იმ ნაამბობში, ქუთაისი ერთადერთხელ ახსენა და ისე, რომ არ უხსენებია. ასე თქვა: ჩამოვედი აქ, ბავშვი. სიყვარულის მეტი არაფერი მენახა და არაფერი ვიცოდი. ჰოდა, რაიმეს კითხვა ქუთაისის შესახებ რაღა საჭირო იყო. კაცმა თქვა, - სიყვარულიდან ჩამოვედიო. ისე რაღაცნაირად დამამახსოვრდა.. . ახლა ხომ არ მოვყვები, რა არის რეზო გაბრიაძის ქუთაისი და რა მნიშვნელობა ჰქონდა ჩვენთვის მის ქუთაისს ბოლო ორმოც წელიწადს. მგონი, რაღაც კუთხით, მისმა ქუთაისმა გადაგვარჩინა კიდეც. ოღონდ ადამიანებს არ უყვართ ასეთ რამეებზე ფიქრი. ვაი და, სადამდე მიხვიდე. მე კიდევ, რა უნდა ვთქვა ქუთაისზე. ეს იყო ხმელთაშუა ზღვის ქალაქი, რატომღაც მოხვედრილი ხმელთაშუა ზღვისგან შორს. ალბათ ეს არის ამ ქალაქის დრამა. მოვიგეთ, ფეოლა... გაგიჭირდებოდათ. მიტროფანე ლაღიძემაც იქიდან დაძრა თავისი წყლები თბილისისკენ." #ქუთაისი #აკამორჩილაძე #KUTAISIDAILY
AstroGeorgia
Tbilisi · 1 week ago
მალხაზ გველუკაშვილი - აზრები
1. არაფერი ხდება შემთხვევით, ყველა შემთხვევითობა კანონზომიერია. ყოველი მარცხი ჩვენი არასწორი არჩევანის და ყოველი უბედურება - ჩვენი გაურკვევლობის შედეგია. ამიტომ, უნდა გამოვიკვლიოთ საგანთა არსი. არსში წვდომა საშუალებას მოგვცემს - გავაკეთოთ სწორი არჩევანი (ჰო, ან არა). გამოირიცხება შემთხვევითობა და წარმატება გარდუვალი გახდება. 2. ცხოვრება ომია, რომელშიც უნდა გამოვიწრთოთ, თუ გვინდა რომ ბიჯით წავიწიოთ წინ. გამარჯვება თავისით არ მოდის, ის უნდა მოვიპოვოთ. 3. იმისათვის რომ გაიმარჯვო, ჯერ უნდა გაძლიერდე. იმისათვის რომ გაძლიერდე, აუცილებელია რომ გაათავისუფლო ნება მონობისაგან, გონება პირობითობებისაგან და რწმენა კერპებისაგან. თუ შენი ბრძოლა სამართალიანია და გჯერა რომ გაიმარჯვებ, აუცილებლად გაიმარჯვებ, რადგან ბოლო სიმართლისაა... და ბოლოს, ნუ გეშინია, რადგან შიში და სიკვდილი მეგობრები არიან... 4. ყველა განუხორციელებელი მიზანი - ცარიელი მიზანია. მოქმედება მხოლოდ მაშინ იქცევა მოქმედებად, როცა მას განსაზღვრავს ნება. ამიტომ ამბობენ ძველი წმინდა და საკრალური წიგნები, რომ ადამიანები განისჯებიან არა თავიანთი აზრებითა და მიზნებით, არამედ მათი საქმეების მიხედვით. იმისათვის რომ ვიყოთ, უნდა ვიმოქმედოთ. 5. ნებისმიერი ფენომენის (ადამიანის, საგნის, სიცოცხლის და თუნდაც ზოგადად პროცესის) არსებობა პირდაპირ ან ირიბად კავშირშია სხვა ფენომენის წარსულთან, აწყმოსთან და მომავალთან. შეგრძნება იმისა, რომ ისინი დამოუკიდებლად არსებობენ და მათ შორის არანაირი კავშირი არ არის, დაფუძნებულია ან არასრულფასოვან ცოდნაზე, ან ფენომენთა არსში წვდომის უუნარობაზე. 6. ლაო ძიმ ბრძანა - სახელებმა დასაზღვრეს საგანთა საზღვრებიო. სახელი დეფინიციაა. ამიტომ ყველაფერს დაარქვით თავის სახელი და ის თავის საზღვრებში მოექცევა... ვეღარ გადმოკვეთავს თქვენს მიერ გავლებულ წითელ ხაზს. ნუ მოგერიდებათ!.. და ჩინელი ბრძენკაცის კიდევ ერთ ფრაზას გაგახსენებთ - უწოდე სნეულებას სნეულება და გაგეცლება სნეულება. 6. გაგება, გაცნობიერება, ცოდნა იძლევა კონტროლის საშუალებას. რაც მეტია ცნობილი ობიექტის შესახებ, მით უფრო იოლია მასზე კონტროლის განხორციელება. ცოდნაა ჭეშმარიტი ძალაუფლება. 7. გააცნობიერეთ საკუთარი "მე". ვერ იქნებით სხვისთვის ბოროტი, თუ გააცნობიერებთ რა საშინელების მოტანა შეუძლია ამა თუ იმ ბოროტებას თქვენთვის... ამიტომაა ნათქვამი - შეიცან თავი შენი. 8. ტრანსცენდენტალური სიყვარული ეს არის შესაქმის პირველადი იმპულსი და მიზეზი. სიყვარული, თავისი არსით, ზეგრძნობადია და მისი ნებისმიერ ასპექტში განხორციელება გამოვლინებაა სასიცოცხლო და შემოქმედებითი ენერგიებისა. ტრანსცენდენტალური სიყვარული, როგორც ბინერი, წინააღმდეგობათა ერთიანობაა, რაც მის ნეიტრალურ სახეს განსაზღვრავს. მასში აქტიური და პასიური ელემენტები გაწონასწორებულ მთლიანობაში გვხვდებიან. ე.ი. სამყაროში არსებობს მხოლოდ სიყვარული და მას არ გააჩნია არანაერი და არავითარი წინააღმდეგობა. რაც შეეხება ისეთ გრძნობებს, როგორიცაა სიძულვილი და ვნება, ადამიანთა დაცემული ნების, იგივე ნებელობის შედეგნი არიან. ისინი სიყვარულის საპირწონე (დაპირისპირებულ) მცნებებად ვერ გამოდგებიან: რაც უფრო მოიცავს ადამიანის სამშვინველს სიყვარული, მით უფრო ღრმაა (ინტელექტუალურია) ადამიანი. აკი თქვა კიდეც არისტოტელემ - მთავარია სიღრმე და არა სიფართოვეო. P.S. როცა ვახსენებ ინტელექტს, მე არ ვგულისხმობ მწიგნობრობას,.. მე ვგულისხმობ ღმერთისა და სამყაროს შეგრძნებასა და ხედვას. ამას სიბრძნე ეწოდება. ჩემს ახალგაზრდობაში ბევრი მოხუცი მინახავს, თავის სოფელს რომ არ გასცდენია და არც არანაირი წიგნი რომ არ წაუკითხავს, სიყვარულითა და სიბრძნით იყვნენ სავსე. სწორედ ისინი იყვნენ ნამდვილი ინტელექტუალები. მათ იცოდნენ ავისა და კარგის გარჩევა. ისინი არც ზოგიერთი თანამედროვე ფილოსოფოსივით, მიწაზე პირქვედამხობილნი რომ ცდილობენ ზეცის დანახვას, და არც თანამედროვე ფანატი-სექტანტებივით, ცაში გულაღმა რომ კიდიან და მიწას ვერ ხედავენ, არ იქცეოდნენ... ისინი ფეხზე იდგნენ, თავს ასწევდნენ და ზეცას ხედავდნენ, დაწევდნენ და მიწას... ისინი არც მატერიალისტები იყვნენ და არც იდეალისტები, ისინი რეალისტები იყვნენ... და ისინი ასეთები იყვნენ იმიტომ, რომ მათ უყვარდათ ღმერთი და სამყარო, ოჯახი და სამშობლო... ისინი იყვნენ ისეთები, როგორიც უნდა იყოს კაცი იდეაში... და როცა კაცი კაცია, მაშინ ქალიც ქალია... ხოლო კაცი, რომელსაც ქალი არ უყვარს, არც სამყარო უყვარს... 9. ღმერთი უსასრულო სიკეთე და სიყვარულია. მთელი სამყარო ლაპარაკობს მასზე და მის შესახებ; მაგრამ ყველაზე უკეთ მასზე მისი სიმშვიდე და სიჩუმე მეტყველებს. 10. ადამიანურობის ერთერთი არსობრივი საფუძველი თანაგრძნობაა. თუ ნაგავში ცხოვრობ და ნაგვის სუნი არ გაწუხებს, თავადაც ნაგავი ხარ! თუ შენს გარშემო ბოროტება ზეიმობს და შენ ეს არ გაწუხებს, უზნეო ხარ! თუ შენს გარშემო ხალხი შიმშილით იხოცება და შენ ყოველდღე სავსე სუფრასთან თუნდაც სიყვარულის, ანდა სიკეთის სადღეგრძელოს ამბობ, ნაძირალა ხარ!... ჰოდა, ეცადე იყო ადამიანი! 11. ყველაზე საშიში სამართლიანი მძვინვარებაა,.. განსაუთრებით მაშინ, თუ ეს მძვინვარება საყოველთაოა... ამიტომ უფრთხილდით სამართლიან მძვინვარებას! 12. თუ ნებისმიერ ორ "სიმრავლეს" აქვთ ერთი ან რამდენიმე საერთო ელემენტი, მაშინ ეს "სიმრავლეები"ერთმანეთზე ზემოქმედებენ ამ საერთო ელემენტის (ან ელემენტთა) მეშვეობით. ასე, რომ ერთი "სიმრავლის" მართვა გვეხმარება მეორე "სიმრავლის" მართვაში,.. მართვის ხარისხი დამოკიდებულია საერთო ელემენტთა რაოდენობაზე. p.s. ეძებეთ დღევანდელ ე.წ. საპარლამენტო პოზიციას და ოპოზიციას შორის საერთო ელემენტები და შეძლებთ როგორც რეალობის შეფასებას, ასევე პროცესების მართვას. 13. ყოველი სიტყვა თავის მოქმედების არეალში ჰქმნის იმას, რასაც ამტკიცებს. 14. ანტიქრისტე ჰიპერფიზიკური სუბსტანციაა, რომელიც თავის თავში ატარებს მკაცრად უარყოფით და დამანგრეველ პოტენციალს, მატერიალურ სამყაროში გამოვლენის შესაძლებლობით... ფრთხილად, მას ჩვენ უკვე ჩვენს ყოველდღიურობაში ვხვდებით!.. ის ყოველდღე ცდილობს სხვადასხვა გზებით ჩვენს განადგურებას,.. ხოლო როცა გკლავენ და თავს არ იცავ, თვითმკვლელი ხარ!.. ჩვენ თუ არ გვინდა, ჩვენ თუ არ დავთანხმდით, ჩვენ ვერავინ მოგვერევა!.. სიყვარულისთვის ბრძოლა კურთხეულია... 15. ერთი და იგივე ქმედება, ერთსა და იმავე პირობებში, ერთსა და იმავე შედეგს იძლევა... გამოიკვლიეთ, რომელი ცვლილებები უფრო აუცილებელია და როგორ უნდა შეინარჩუნოთ იგი (სამუდამოდ თუ არა, რაც შეიძლება დიდხანს მაინც) - ესაა წარმატების ფორმულა. 16. კაცი რომ მოკვდება ქართველები ვიტყვით - გარდაიცვალაო, ანუ გადავიდა არსებობის ერთი მდგომარეობიდან მეორეში... საუბედუროდ, ჩვენს ცნობიერებაში ამ სიტყვამ თავისი სიღრმული შეგრძნება დაკარგა,.. "გარდაცვალება" და "სიკვდილი" სინონიმებად იქცნენ. იშვა სიკვდილი და თან მოიტანა "შიში"... შიში და სიკვდილი ერთმანეთის პროპორციული მცნებებია. სიკვდილის შეგნება ბადებს შიშს და ნებისმიერი შიში - სიკვდილის შიშია. სიკვდილის შიში კლავს რწმენას, რწმენას სულის მარადიულობის შესახებ. იქმნება ილუზია არსობის ამაოებისა. რწმენის სიკვდილი სიყვარულის სიკვდილია და ამდენად შიში კლავს სიყვარულს. სიყვარულის სიკვდილი ბადებს ბოროტებას და აქედან, უსიყვარულოდ ადამიანი იქნება ეს თუ საზოგადოება,ბოროტია. ასე რომ, შიში ურწმუნოებისა და ბოროტების საფუძველია. 17. სოდომის ცოდვა, ყველა ტრადიციის მიხედვით, ყველაზე დიდი ცოდვაა... ჩემის ღრმა რწმენით, ეს არის სვლა სამყაროს კანონების წინააღმდეგ... ამ კანონთა წინააღმდეგ ომში კი ჯერ არავის გაუმარჯვია... უფალი გვასწავლის: "რასაც მიწაზე შეკრავთ, ზეცაშიც შეკრული იქნება, და რასაც გახსნით მიწაზე, გახსნილი იქნება ზეცაშიც" /მათე 18.18/. დიახ, "ვისაც ყური აქვს, ისმინოს"... არსებობს ტრანცენდენტალური ეთიკა (მორალი, ზნეობა...), და მას ვერავინ გაექცევა... ტრანცენდენტალური სამართლისა და სასამართლოს (ოკულტურ მეცნიერებათა მიხედვით, იგივე - უმაღლესი სასამართლო) წინაშე ყველანი ვართ პასუხისმგებელნი, და ისე ნუ ვიზამთ, რომ მთელი სამყარო თავზე დაგვემხოს... ერთიანი მსოფლიური (იგულისხმება, როგორც ფიზიკურ, ასევე ასტრალურ და მენტალურ სივრცეთა ერთიანობა) ველის დაბინძურების უფლებას არავინ მოგვცემს, რადგან ეს იქნება ტრანსცენდენტალური სიყვარულისა და ტრანცენდენტალური სიცოცხლის რღვევის დასაწყისი.სასიცოცხლო ენერგია მხოლოდ ბინერში (ბინერი - წინააღმდეგობათა ერთიანობაა: აქტიური და პასიური, ჰო და არა, მამაკაცი და დედაკაცი, და ა.შ.) იქმნება, და ჩვენ ამ კანონის დარღვევას არ გვაპატიებენ... მე იმას ვამბობ, რაც უეჭველი ვიცი (საიდან, ნუ მკითხავთ) და დაჯერება თქვენი ნებაა... და კვლავ დიდი მოწიწებით გავიმეორებ მაცხოვრის სიტყვებს - "ვისაც ყური აქვს, ისმინოს". 18. დაოსური ფიზიოლოგიის მიხედვით ანუსიდან ხუთი დიაგონალი გამოდის, რომელთა მეორე ბოლო თავის ტვინში, ყიფლიბანდთან იკრიბება, მანამდე გაივლის მთელ ტვინს... დასკვნა თავად გამოიტანე - შესაძლებელია ტვინდაზიანებული კაცი (ანალური სექსი იწვევს ანუსის დაზიანებას და აქედან ტვინის დაზიანებასაც) ნორმალურად აზროვნებდეს?.. 19. ჯერ კიდევ ძველი წელთაღრიცხვით პირველ საუკუნეში ფსევდო-ლონგინე წერდა: შემოქმედება, რომელიც ამაღლებულს არ ემსახურება, შემოქმედება არ არისო. უზნეო შემოქმედება არ არსებობს, უბრალოდ ჩვენზე ასაღებენ ყველანაირ უსულგულო, არაესთეტიურ და უზნეო ნაგავს, როგორც გენიალურს, ჩვენ კი ვეყრდნობით რა ავტორიტეტთა ჭეშმარიტებას, ვღებულობთ და ვაღიარებთ ყოველგვარ ნაგავს და გვავიწყდება, რომ მთავარი ჭეშმარიტების ავტორიტეტულობაა... 20. აშუღურ (ე.წ. ქალაქურ) სიმღერებს გრიგოლ რობაქიძე ასე ახასიათებს - სომეხი მღერის ქართულ ენაზე სპარსულ ბაიათსო... მე დავამატებდი - სპარსული ბაიათის უნიჭო რემიქსს... საუბედუროდ მსგავსი "კულტურითაა" გაჯერებული ე.წ. ქართული შოუ-ბიზნესი... როგორც აზროვნებ, და აზროვნება კულტურაშიც გამოიხატება, ისეთივე ზნეობა და გემოვნება გიყალიბდება, და შენი ყოფიერებაც ისევე სტრუქტურირდება... და თუ რაიმეს შეცვლა გვინდა, პირველ რიგში ცნობიერება უნდა გავათავისუფლოთ პირობითობებისაგან, ან სხვაგვარად, საჭიროა ცნობიერების ტრანსმუტაცია... 21. "სხეულის სანთელი შენი თვალია. როცა შენი თვალი სუფთაა, მთელი შენი სხეულიც ნათელია. მაგრამ როცა იგი ბოროტია, შენი სხეულიც ბნელია." /ლუკა 11.34/ ჰოდა, დააკვირდით თვალებს: ერთი ბოროტია; სხვა შეშინებული; ვიღაც ალალია; ვიღაცის თვალები: ყველაფერი სულ ერთია, მთავარია მე ვიყო კარგად, ჩემს მერე თუნდაც ქვა-ქვაზე ნუ დარჩენილაო - გვეუბნება; ვიღაცის თვალებში სიყალბე ხატია... და კიდევ ბევრი მსგავსი... ჩახედეთ თვალებში, დაუკვირდით... თქვენ ხომ უკვე კარგად გახსოვთ, როგორ იქცეოდნენ ამ თვალების პატრონები,.. ჰოდა, ასევე მოიქცევიან მსგავსი თვალების პატრონები... დაკონკრეტებას არ ვაპირებ, იმედი მაქვს თავად გაავლებთ პარალელებს და დასკვნებსაც თავად გამოიტანთ... დააკვირდით, და არა მარტო თვალებს: ადამიანის გამომეტყველება, მისი სულის ანარეკლია - ფორმას აზრი ჰქმნის... მისმა სიტყვებმა შესაძლებელია მოგხიბლოთ და დაგატყვევოთ, თუმცა სიტყვებს შორისაცაა შესაძლებელი ქვედინებების პოვნა, მაგრამ მისი გამომეტყველება, და განსაკუთრებით მისი თვალები, თუ დაკვირვებულები იქნებით - სიმართლეს ვერ დაგიმალავთ... გააკეთეთ ეს და ნაკლებად მოტყუვდებით... და გადარჩენის შანსიც გაგეზრდებათ: "შეიცნობთ ჭეშმარიტებას და ჭეშმარიტება გაგათავისუფლებთ თქვენ" /იოანე 8.32/.
Vako Nt
Tbilisi · 4 days ago
ნაწყვეტი წიგნიდან - ტვინის ტYვნა
დაბრკოლებები ამ წიგნის დაწყება მინდა საკმაოდ მნიშვნელოვანი ინსაითით, რომელიც ყველამ უნდა დაიზეპიროს. დაბრკოლებები, ეს არის ნებისმიერი ადამიანის შემოწმება, მის მიერ წამოწყებული საქმის გასამტკიცებლად. ანუ, პიროვნებას, რომელიც ვერ გადალახავს დაბრკოლებებს, რომელიც მისცემს ამავე ,,კედლებს’’ (ასე ვეძახი მე დაბრკოლებებს) უფლებას, რომ შეჩერდეს არ არის მზად ამა თუ იმ საქმისთვის საბრძოლველად, ან თუნდაც ამავე საქმეზე თავისი დროის დასახარჯად. ეს ინსაითი მნიშვნელოვანია და გირჩევთ კიდევ ათასჯერ გადაიკითხოთ, იმიტომ, რომ მისი გააზრება, იქნება პირველი და უმნიშვნელოვანესი ნაბიჯი იმისათვის, რომ შენ ჩემო კარგო, არასდროს დანებდე. მოდი ერთ მცდარ მაგალითს მოგიყვან. რა დაბრკოლებები შემხვდება მე ამ წიგნის დაწერისას და გამოცემისას? მმმ, წერის დროს შეიძლება ლეპტოპმა მიღალატოს და სამუდამოდ გაფუჭდეს... ბოლოს და ბოლოს უკვე 6 წელია, რაც უღალატოდ მუშაობს, დამიბერდა ეს საწყალი მაგრამ, ხომ შესაძლებელია, არა უეცრად გაფუჭდეს? უცებ ადგეს და გაითიშოს. კი, შესაძლებელია, და ზუსტად ეგ იქნება ერთ-ერთი დაბრკოლება, რომელიც შეამოწმებს ჩემს გადაწყვეტილებას იმისა, ვარ თუ არა მე მზად ამ წიგნის დასაწერად.. კიდევ რა შეიძლება მოხდეს? სავარაუდოდ თვითონ ხალხიც შემიქმნის დაბრკოლებებს, ელემენტარულად ამ წიგნის სახელის გამო (ისინი უბრალოდ უარყოფენ წიგნში განთავსებულ ფასეულობას, მისი სითამამის გამო). მესმის, მომავალში, როცა ტვინის ტყვნას რომელიმე სხვა ქვეყანაში გამოვცემთ, იქ, შესაძლოა ამ სახელმა არანაირი უარყოფა არ გამოიწვიოს, მაგრამ აი, იმ ენაზე, რომელზეც ახლა ეს წიგნი იწერება, იმ ქვეყანაში, რომელშიც ის პირველ რიგში გამოიცემა, ესეთი სახელი, ნამეტანი აგრესიულია... აქედან გამომდინარე, არ გამიკვირდება არც ის, რომ ხალხმა დამიწყოს ,,დაკერვა’’ სახელის შესაცვლელად და ამისთვის ღმერთმა იცის, რას არ მოიფიქრებენ. კიდევ, შეიძლება გამოცემის შემდეგ, რეკლამაშიც შემექმნას, რაიმე კედლები. მაგალითად, ასეთი სახელის გამო, სარეკლამო კომპანიებმა შესაძლოა ვერ გარისკონ წიგნის გაპიარება... კი, შესაძლებელია ეგეც. მოკლედ, კიდევ მილიონი რაღაც შეიძლება მოხდეს, და იცი ამ მაგალითის მოყვანამდე რატომ ვთქვი მცდარ მაგალითს მოგიყვან თქო? იმიტომ, რომ ყველაზე დიდი შეცდომაა, დაიწყო იმაზე ფიქრი, თუ რა დაბრკოლებები შეიძლება შეგხვდეს მომავალში, ამა თუ იმ საქმის წამოწყებამდე, ან წამოწყების შემდეგ. ესეთი ფიქრი, აჩენს შიშს, ეჭვებს, თვით დაუჯერებლობას და სხვა მრავალ სიბინძურეს, რომელიც არასდროს დაგეხმარება რაიმეს მიღწევაში. შენ უნდა გაითვალისწინო, რომ აჯობებს დაიწყო, ის საქმე, რომლის დაწყებაც გინდა იმაზე ფიქრის გარეშე, თუ როგორი კედელი შეიძლება შეგხვდეს მომავალში და მერე იმოქმედო ამავე კედლების დასანგრევად ან გვერდის ასავლელად, შესაბამისად იმ სიტუაციისა, რომელშიც მოხვდები. შენ ხომ რაიმე გიგანტური კომპანიის რისკ მენეჯერი არა ხარ, არა? ყოველთვის იმაზე იდარდო, თუ რა შეიძლება მოხდეს მომავალში და როგორ შეიძლება გაგიფუჭდეს საქმე? შენ ჩვეულებრივი ადამიანი ხარ, რომელსაც რაღაცის მიღწევა უნდა და ზუსტად ამიტომ კითხულობს ჩემს წიგნს. გაითვალისწინე ისიც, რომ უმეტესობა კედლები, რომლებიც შენს წარმოსახვებში წარმოიდგინე, არასდროს აშენდება. ისინი უბრალოდ არ ასრულდება და შესაბამისად არც იმსახურებს ასეთ ყურადღებას. მესმის, ბევრი ფრთხილი ადამიანი შეეწინააღმდეგება ჩემს ნათქვამს და მკითხავს: კი მაგრამ, რისკები წინასწარ არ უნდა დაითვალო? კი! დაითვალე თუ გინდა, მაგრამ ხალხის უმრავლესობა ვისთვისაც ეს წიგნი იწერება, რისკებს კი არ ითვლის, იმას კი არ ფიქრობს როგორ დარჩეს მოგებული ნებისმიერ კედელთან დატაკების სიტუაციიდან. ისინი იმაზე ფიქრობენ, თუ რა შეიძლება, რომ დაემართოთ, რამ შეიძლება შეუშალოს ხელი და არა როგორ უნდა მოაგვარონ ეს ხელის შემშლელი კედლები. გასაგებია? ისინი ამ კედლებზე ფიქრით, იგონებენ არარსებულ დაბრკოლებებს და წლების მანძილზე ერთი და იგივე იდეას თავში ტრიალით უმოქმედოდ ატარებენ. შემდეგ რა ხდება? ეს ხალხი არაფერზე მიღწეული ბერდება და კვდება. მოკლედ! არასდროს არ იფიქრო იმაზე, თუ რა დაბრკოლება შეიძლება შეგხვდეს მომავალში, თუ რა თქმა უნდა არ შეგიძლია რეალური დაბრკოლებების წარმოდგენა და მათი გადათელვის გეგმის შედგენა. წინააღმდეგ შემთხვევაში, შენ ვერასდროს წამოიწყებ, ან ვერასდროს დაასრულებ იმ საქმეს, რომელიც შენთვის ბევრს ნიშნავს. ახლა გადავიდეთ შემდეგზე: როგორ გვამოწმებს სამყარო დაბრკოლებებით? ზღაპარი: იყო და არა იყო რა, ერთ გენიალურ, მაღალ, შავთმიან და კურნოსა ცხვირიან ბიჭზე კარგი ვინ იქნებოდა? ეს ბიჭი, მთელი მისი ცხოვრება ეტაკებოდა დაბრკოლებებს, ერთგვარ კედლებს, რომლებიც ყოველთვის ახალ გამოცდას უქმნიდა მას და ამოწმებდა: მზად არის, რო ეს ბიჭი ამა, თუ იმ საქმისათვის? ის არასდროს ნებდებოდა, მას ვერც ერთი კედელი ვერ აჩერებდა. ზოგჯერ კბილებითაც ანგრევდა ამ მათ და ისე ამტკიცებდა თავის სიძლიერესა და გადაწყვეტილებას. და ზუსტად ამიტომ, ბიჭმა ისწავლა ნებისმიერი დაბრკოლების ამოცნობა და მის დასამარცხებლად მოქცევაც. მორჩა ზღაპარი! იცი, როგორ გვამოწმებს სამყარო დაბრკოლებებით? როგორ და როცა რაიმე ახალ საქმეს ვიწყებთ, ის ყოველთვის გვაძლევს საჭირო მიზეზებს ამავე საქმის ფეხებზე დასაკიდებლად. მიზეზები კი, შინაგანი უარყოფებიდან იწყება და რა თქმა უნდა გარე სიტუაციებით მთავრდება. თუ მაგალითად, 40 წლის ვართ და ცხოვრებაში მაქსიმუმ 40 მეტრი გვირბენია, სირბილის დაწყებამდე, დაბრკოლება პირველ რიგში ჩვენივე ნებისყოფა, უფორმობა და იდიოტიზმი იქნება, ხოლო შემდეგ კი მუდმივი წვიმები და ცუდი ამინდები, რომლებიც შენ წარმოიდგინე ხელს გვიშლის სირბილის დაწყებაში. ჰო, არა? ჩვენ ჰომ ისეთი ნაზები ვართ, რომ ღრუბლები გვიშლის ხელს სირბილში... ეგ მიზეზი ჩვენ წინაპრებს უთხარით, თავსხმა წვიმაში, სისხლში გასვრილები, რომ იცავდნენ თავის მიწებს დამპყრობელი არმიისგან. კარგი, ცინიზმი დავივიწყოთ და წიგნს დავუბრუნდეთ... ესეიგი, თუ რაიმე საქმის წამოწყება გინდა, მზად იყავი იმისთვის, რომ აუცილებლად შეგხვდება და შეგექმნება ობიექტური (მნიშვნელოვანი სიტყვაა: ,,ობიექტური’’) მიზეზები ამავე საქმის მისაგდებად. უფროსწორედ შენ მოგეჩვენება ეს მიზეზები ობიექტურად, ელემენტარულად იმიტომ, რომ შენივე ტვინი გატყუებს ამ დროს და ცდილობს დარჩეს თავის კომფორტის ზონაში, ახალი საქმის გაწირვის ფასად. შენს ტვინს არ აინტერესებს, რა შეიძლება მოგიტანოს დროებითმა უკომფორტობამ და დროებითმა ასე ვთქვათ გასაჭირმა მომავალში. მას მხოლოდ ის აინტერესებს, რომ გადარჩეს და გამრავლდეს. შესაბამისად მისთვის სულაც არ არის მნიშვნელოვანი, რისი მიღწევა გინდა შენ. და ზუსტად ამიტომ, ის მოგცემს არა ერთ ,,ობიექტურ’’ მიზეზს იმისათვის, რომ ნებისმიერი წამოწყებული საქმე შუა გზაში, ან 25%-ში მიატოვო. (მზად იყავი შემდეგი დაბრკოლებისთვის: თუ შენთვის პიროვნული განვითარება, რაღაც ახალია, შენი ტვინი აუცილებლად მოგაწვდის, არა ერთ ,,ობიექტურ’’ მიზეზს იმისათვის, რომ ეს წიგნი ბოლომდე არ წაიკითხო და მასში განთავსებული რჩევები პრაქტიკაში არ გამოიყენო). მაგალითები ცხოვრებიდან: 1) როცა სირბილს ვიწყებდი, ვიყავი 22 წლის, უფორმო და უმოტივაციო პიროვნება. სიგარეტს იმ დროს უვკე 12 წლის ასაკიდან ვეწეოდი და სულ რაღაც ორი, თუ სამი თვის მიტოვებული მქონდა. მოკლედ, ერთი ჩვეულებრივი დეგრადანტი ვიყავი, რომელიც საკუთარ ორგანიზმს არასდროს უფრთხილდებოდა და ყველანაირი შხამით წამლავდა. შენი აზრით, როგორ დაბრკოლებებს ვეტაკებოდი იქამდე სანამ სირბილს ჩვევად არ ვიქცევდი? მე შენ გეტყვი ელემენტარულებს: ხან საჭირო დროს ვერ ვიღვიძებდი, ხან კუნთები მტკიოდა, ხან წვიმა წამოვიდოდა, ხან ნამეტანი სიცხე იქნებოდა, ზოგჯერ ზედმეტად ციოდა. ყოფილა სიტუაციაც , როცა მიზეზად მეგობრის შეყვარებულზე დაშორებასაც ვიყენებდი. ვითომ სადაა ლოგიკა, ჰო? მაგრამ მაინც, ჩემი ტვინი ათასობით მიზეზს იგონებდა იმისთვის, რომ სირბილისთვის თავი დამენებებინა და ისევ ისეთივე სუსტი და ამავდროულად ცხიმით სავსე მასა დავრჩენილიყავი... მაგრამ მე ყველა ამ დაბრკოლების გადალახვა შევძელი და დღეს უკვე სირბილი ჩემი ცხოვრების ძალიან დიდ ნაწილს იკავებს. 2) ერთხელ, ერთ ჩემს ახლობელს გავუმზადე პიროვნული განვითარების 30 დღიანი პროგრამა, რომელიც ითვალისწინებდა კომფორტის ზონიდან გამოსვლას , სწორი აფირმაციების რეგულარულად გამოყენებას (აფირმაციებზე და კომფორტის ზონაზე მომავალში ვისაუბრებთ. არ შეგეშინდეს) ფიზიკური ფორმის გაუმჯობესებას და მოკლედ, პიროვნული განვითარების მთელ ბუკეტს. სადაც ერთ-ერთი დავალება იყო კბილების საპირისპირო ხელით გამოხეხვა (ანუ იმ ხელით, რომლითაც მისთვის უკომფორტო იყო.) იცი რა მოხდა ამ პროგრამის შესრულების მეთორმეტე დღეს? რა და, ამ კაცს, ადამიანს, რომელსაც მთელი მისი ცხოვრება ჯანსაღი და ძლიერი კბილები ჰქონდა, ერთ-ერთი მათგანი ამოუვარდა. ანუ, ასე უბრალოდ ადგა კბილი და ამოვარდა. იცი, რა მოხდა შემდეგ? რა და ამ მამაკაცმა თავი დაანება პროგრამას. მოდი გავაანალიზოთ ეს სიტუაცია: გაითვალისწინე, რომ კბილის ამოვარდა, ეს იყო ერთ-ერთი კედელი, ანუ ზუსტად ის ობიექტური მიზეზი, რომელიც აძლევდა ადამიანს შანსს მთელი პროგრამისთვის თავი დაენებებინა, რაც უკვე ვახსენეთ, რომ მოხდა. ანუ, ამ მამაკაცს არ სურდა ბრძოლა იმისათვის, რომ პროგრამა დაესრულებინა, შესაბამისად მოხდა ისეთი, რამ, რამაც ხელი შეუწყო მის დაუსრულებლობაში... არის ჰო რაღაც აზრი ამ იდეაში? ამ მაგალითით, მე იმის თქმა მინდა, რომ ყოველთვის გამოჩნდება მიზეზი, იმისათვის, რომ მიატოვო ნებისმიერი საქმე და სწორედ ამ მიზეზებით გამოწმებს შენ სამყარო, ხარ თუ არა მზად ამავე საქმის ბოლომდე მისაყვანად. უკვე განვმეორდი კიდეც, რაც თვითონვე არ მსიამოვნებს, მაგრამ არაუშავს. ჩემი წიგნია და რასაც მინდა იმას გავაკეთებ! ახლა შემდეგი კითხვა: როგორ გადავლახოთ დაბრკოლებები? ამის პასუხი იმდენად ელემენტარულია, რომ მილიარდობით ადამიანი ვერ გაიგებს დაჟე მილიარდჯერ, რომ გადაიკითხოს ის. გინდა გადალახო დაბრკოლებები? (მაშინ მომწერე და გამოგიგზავნი ჩემს წიგნს ^^)#წიგნები#feedcgrant
Someone Someone
Tbilisi · 1 year ago
ისე მარტივად გეკითხებიან, როგორ ხარო - თითქოს არც იყო... ახლა ისე ვარ, როგორც ნაპირზე დავარდნილი კენჭი, მზისგან გავარვარებულს რამდენიმე მეტრი რომ აშორებს წყალს, მაგრამ თვითონ არ შეუძლია შიგნით შესვლა, გდია მიწაზე და იმის იმედი აქვს, რომ ვინმე გამოივლის და ასე შეუმჩნეველს, მაინცდამიანც მას მიკრავს ფეხს, ან ხელში აიღებს და სიღრმისკენ ისვრის, იცის, ეს ვერ გადაარჩენს, მაგრამ ცოტა ხნით მაინც ხომ გაგრილდება, სულს მოითქვამს. მთელი დღეა კარზე შიგნიდან ვაკაკუნებ, მაგრამ არავინ გამიღო, თითქოს სულიდანაც ასე ვცდილობ ტკივილების გარეთ გამოტანას. ჩემი სიცოცხლის უმანიშნელებელი, პულსზე მეტად, ყოველთვის ნაბიჯები იყო. ზოგჯერ, იმ სათქმელივით გავდივარ სახლიდან, რომელსაც თვითონ ვერ ვამბობ ხოლმე და იმ ოცნებასავით მივყვები ქუჩას, რომელსაც არცერთ ცხოვრებაში არ უწერია ახდენა. რამდენჯერ უნდა ავიარ-ჩავიარო ეს გაჩერებული გზა, რომ ტვინში ჩაქცეულ, ან მაჯიდან ღია ცისკენ გაჟონილ სისხლს დავემსგავსო. სულერთია, შენს ცხოვრებაში საკუთარი თავის მკვდრეთით აღდგომის მცდელობა უფრო მეტია, თუ თვითმკვლელობის, რადგან შეუძლებელია რომელიმე გამოგივიდეს, როცა არც ცხოვრება გაქვს, არც სიცოცხლე და არც სიკვდილი. ვდგავარ და იმ დღეებს მივყვები, რომლებიც არასდროს მომენატრება. თუ მკითხავ რატომ ვიქცევი ასე, გიპასუხებ, რომ არ ვიცი. როცა ირგვლივ სიმშვიდეა, სიცოცხლეა, სიხარულია... როცა მთელი გულით ცდილობ გახდე მისი ნაწილი, მაგრამ არ გამოგდის. მე არ ვიცი, ამ ცხოვრებაში ჩვენზე რა არის დამოკიდებული, ან არის თუ არა საერთოდ რამე. ვიღაც ამბობდა, რომ - გადარჩენა პროტესტია. ამ სამყაროში, მუდამ განწირული იქნება ის, ვისთვისაც სიმართლეა შთაგონების წყარო. უფალო, შენც კი ვერ მიგიღეთ ისეთი, როგორიც ხარ. უფალო, შენი ადამიანებისადმი მოწყალებასავით უსასრულოა, შენდამი ადამიანების სისასტიკე. გაელვება უფრო დიდ ხანს გრძელდება ცაში, ვიდრე ჩვენი სიცოცხლე ამ ცხოვრებაში და ნაცვლად იმისა, რომ ჩვენი სულები უფლის კეთილი საქმეების ყულაბებს ჰგავდეს, ათასი ამაოებით ვავსებთ, თუმცა როგორც ელვაა წვიმის, ჩვენი სიცოცხლეც ხომ უნდა იყოს რაიმეს ნიშანი. ნუთუ შესაძლებელია, საკუთარი თავი ცალხმრივად გიყვარდეს? ნუთუ შესაძლებელია, შენივე შექმნილი ურჩხულების გეშინოდეს? (ურჩხულებზე საშიში, ურჩხულებისადმი შიშია.) ადამიანისთვის ღმერთი ადამიანიდან იწყება, ადამიანობა ღმერთიდან, მაგრამ ღმერთო, ჩვენ ხომ ჩვენი უღმერთობის შესანიღბად უფრო გვჭირდები, ვიდრე შემწედ, ვიდრე მფარველად. ჩვენ შორის არიან წმინდანები, მაგრამ მათ შორის ჩვენ არ ვართ. საშინელებაა, როცა ისეთი არ ხარ, როგორიც გინდა, რომ იყო. ნუთუ ამის გასაკეთებლადაც გარისკვაა საჭირო? არათუ სიცოცხლე, ჩვენი მოკვდავობაც დროებითია. მჯერა, რომ საკუთარი თავისთვის არ შექმნილა ადამიანი, სხვაგვარად სიყვარული სამყაროს მეორე მხარეს აღმოჩნდებოდა. უცნაურები ვართ ადამიანები, მთელი ცხოვრება იმას ვცდილობთ, ყველასგან განვსხვავდებოდეთ, არავის ვგვავდეთ... არავინ გვგავდეს... საბოლოოდ კი, არაფერს არ შეუძლია იმხელა სიხარულის მონიჭება, როგორც ჩვენნაირის პოვნას ამ სამყაროში. ალბათ, სიყვარული მარადიული ლტოლვაა მიუწვდომლისაკენ, იმისკენ რასაც ისე შეუძლია მიგიზოდოს, რომ სული ამოგტაცოს სხეულიდან. ადამიანის საყრდენი კედელი ხერხემალი კი არა, - გულია და მე არ მესმის, ღმერთო, გული რატომ ტყდება ასე ადვილად, რატომ არ სჭირდება უროს ჩარტყმა, მაგრამ ვინ იცის, იქნებ უროს გაუძლოს კიდეც, იქნებ სიყვარული ბევრად მძიმე და სასტიკია. სამყაროში რამდენი აუღმოუჩენელი საოცრებაცაა, იმდენითვე გაიშვიათებულია ის, ოდესღაც სისხლის ხილვაც გააოცებდა ადამიანს და მისი ფერი უფრო შთამბეჭდავი იქნბოდა, ვიდრე ცის, ვიდრე ტყეების, ყვავილების, ან მზის და მთვარის, მე მხოლოდ იმაზე ვფიქრობ, პირველად საკუთარი ნახა თუ სხვისი. მინდა, რომ ჩემი ესმოდეთ, მაგრამ ეს იმაზე რთულია, ვიდრე ვუყვარდე. მე რა გითხრა ჩემს ნაწერებზე, მთავარია, ისინი რას გეტყვიან ჩემზე. რას ხედავ, როცა მიყურებ? შენ არა, საკუთარ თავს ვეკითხები, ის არასდროს მიპასუხებს იმას, რისი მოსმენაც მინდა. ზოგჯერ, ფიქრს მდინარესავით მივუშვებ და მის ნაპირზე ჩამოვჯდები ხოლმე, ვუსმენ მის ხმაურს, რომელიც იმას მეუბნება, რომ ჩემში არ არის მისი სათავე და ვერც იმ ზღვაში ჩაიღვრება სიმარტოვე რომ დაარქვეს. განა ჩემი სიხარული სიხარული არ არის, შესაძლოა, სამყაროზე უკიდეგანო და უსასრულოც კია, მაგრამ ის ვერასდროს იქნება სრულყოფილი. რადმდენჯერაც თვალში ბედნიერების ნამცეცი ჩამივარდა, იმდენჯერ ცრემლმა გამორიყა, გამოიტანა, ვერ მოასწრო სულის ფსკერამდე ჩასვლა, მერე თუნდაც სევდის ნალექს გადაეფარა და დავიწყებას მისცემოდა. მერე რა, თუ გაელვებაზე ცოტა ხანს გრძელდება ჩვენი სიცოცხლე ამ ცხოვრებაში, მჯერა, რომ ღმერთმა სამყაროსთან ერთად შემქმნა, დასაბამიდან. საკუთარი წარსული ფილმივით რომ ჩამირთო დიდ ეკრანზე და თვალმოუხუჭავად ათასჯერაც რომ მაყურებინო, მაინც არ შემეძლება მისი შინაარსის მოყოლა. სისულელეა, რასაც ვფიქრობ ის დაგაჯერო. საბოლოოდ, მიხვდები, რომ შეუძლებელია, ცხოვრების თავიდან დაწყება, რომ იმას რაც უკან მოიტოვე, რაც გასვარე, ვეღარაფერს მოუხერხებ, ვეღარც წაშლი, ვეღარც გაწყვეტ, ვერც დაივიწყებ, რომ ის სასწორის ერთი მხარეა, უფსკრულისაკენ გადახრილი, რომელიც თითქოს ფსკერისაკენ დაბადებიდან გექაჩება და მიუხედავად იმისა, რომ წარმოდგენაც კი ვერ გექნება, წინ რამდენი გაქვს დარჩენილი, გიჩნდება შანსი, ის მაინც დაფარო სუფთად და აქციო სასწორის მეორე მხარედ,რადგან იმედი მხოლოდ მომავალშია და ის ვერასდროს გახდება წარსული.ღმერთო, როგორი ადვილია შენკენ მომავალი გზის პოვნა და რა ძნელია მასზე შედგომა❤️
Sokhumi Daily
Sokhumi · 1 week ago
მწარე მოგონებანი აფხაზეთზე
სახლში შემთხვევით გადავაწყდი ერთ ჩანაწერს, რომელიც გაკრული ხელით იყო დაწერილი. სათაურად – “მწარე მოგონებანი აფხაზეთზე”. ბევრი ფიქრის შემდეგ გამახსენდა ჩემი სტუდენტობის მეგობარი, რომელმაც 9 წლის უკან, პირველ კურსზე დამიწერა და მაჩუქა 6 გვერდად აკინძული. წარმოშობით აფხაზეთიდანაა და სწორედ ამიტომ აქვს დაწერილი ეს არარეალუირად მძაფრი განცდის სიუჟეტები სულში ჩამწვდომი სიტყვებთ. ვიფიქრე, რომ ნამდვილად იმსახურებს მისი მონაყოლი ერთ ლამაზ ადგილს ჩემს ბლოგზე, ამიტომ გთავაზობთ ჩანაწერს უცვლელად. აფხაზეთი საქართველოს ერთ-ერთი კუთხეა. შავი ზღვა, მთები, ფლორა, ფაუნა, ტბები, მიწისქვეშა მღვიმეები, ზღვის ნოტიო და სუბტროპიკული ჰავა, თერმული წყლები წარუშლელ ზეგავლენას ახდენს მნახველზე. აფხაზეთის ტერიტორია მთელი საქართველოს ტერიტორიის 12.5%-ია და 8.7 ათას კვ. კილომეტრს შეადგენს. აქედან 74% მთა-გორებს უჭირავს. პირველი საუკუნის ბოლოსთვის აფხაზეთის ტერიტორიაზე აფსილების, აბაზგების და სანიგების სამთავროები ჩამოყალიბდა, რომელთა მთავრებს რომაელი იმპერატორები ამტკიცებდნენ. ახალი წელთაღრიცხვის მესამე საუკუნეში მთელი დასავლეთ საქართველო ერთიანდება ეგრისის (ლაზთა) სამეფოს გარშემო, ხოლო VIII საუკუნის 30-იან წლებში ჩამოყალიბდა აფხაზეთის სამთავრო. პ. ინგოროყვა, მ. ლორთქიფანიძე, თ. მიბჩუანი და სხვა ისტორიკოსები ხაზგასმით მიუთითებენ, რომ “სახელწოდება აფხაზი თავდაპირველად დასავლეთში მცხოვრებ ქართულ ტომს აღნიშნავდა, შემდეგ კი იგი გახდა არაქართველი ხალხის სახელი, რომელიც თავის თავს “აფსუას” უწოდებდა. შუა საუკუნეებში აფხაზი ისეთი ქართველი იყო, როგორც დღეს კახელი, ქართლელი, იმერელი, მეგრელი და სვანი…” ცნობილია, რომ შუა საუკუნეებში აფხაზური ენა არ არსებობდა, რადგან აფხაზები ქართულ-მეგრულ ენაზე მეტყველებდნენ. ვორონცოვის მტკიცებით: “აფხაზები ენათესავებიან მონღოლებს, ალანებს, ბერძნებს, იტალიელებს, გერმანელებს, ირანელებს სომხებს, თურქებს.. ქართველების გარდა ყველას. IX-X საუკუნეებიდან აფხაზები სისხლით დაუნათესავდნენ რუსებს”. ვორონცოვმა აფხაზები კინაღამ ადამისა და ევას შვილებად გამოაცხადა. მეცნიერის ამგვარი მტკიცების მიზანი სულ სხვა იყო, ვორონცოვს უნდოდა აფხაზეთი რუსების საზაფხულო აგარაკად ქცეულიყო. მაგრამ, როდესაც დაინახა, რომ მის მიზანს განხორციელება არ ეწერა მან დასვა საკითხი აფხაზეთის ტერიტორიაზე რუსულენოვანი მოსახლეობის დისკრიმინაციის წინააღმდეგ. ამან კარგად დაანახა აფხაზებს, თუ რა სახის დამცველი ჰყავდათ ვორონცოვის სახით. და იგი მისივე სახლის შესასვლელთან ვერაგულად მოკლეს. რუსეთის ცარიზმი მრავალი წლის წინ ცდილობდა აფხაზ-ქართველთა დაპირისპირებას, აღვივებდა შუღლს მათ შორის. ავიწროებდა ქართულ ენას, ქართულის ნაცვლად მღვდელმსახურება ტარდებოდა სრულიად გაუგებარ ძველ სლავურ ენაზე, ეკლესიები კი რუსულ საეკლესიო ინსტანციებს დაუკავშირეს. რუსების მცდელობა ქართული ენის შესასუსტებლად კარგად ჩანს რუსიფიკაციის ერთ-ერთი პოლიტიკოსის ჩანაწერში: “აფხაზური დამწერლობის შემოღება ეკლესიისა და სკოლის მეშვეობით უნდა იყოს საშუალება ქართული ენის გამოყენების შესასუსტებლად, რათა იგი თანდათან იქცეს სახელმწიფო ენად და შეცვალოს ქართული”. აგრეთვე თავადი გოლიცინი და ეგზარქოსი ალექსეი სინოდის ობერ-პროკურორს წერდნენ: “გვინდა სოხუმის ეპარქია არასასურველ ქართულ გავლენას ჩამოვაცილოთ, ამიტომ საჭიროდ მიგვაჩნია სოხუმის ეპარქიის ყუბანზე მიერთება, რადგან აქ არსებული ქართული მოძრაობა ამ უბნის გარუსებას ამუხრუჭებს”. მიუხედავად რუსების ამგვარი მზაკვრული მცდელობისა 1921 წლის დეკემბერში აფხაზეთი საქართველოს შემადგენლობაში შევიდა, როგორც “მოსალაპარაკებელი რესპუბლიკა” სათანადო ხელშეკრულებით. საქართველო-აფხაზეთს შორის გაფორმდა სამხედრო-პოლიტიკური და საფინანსო-ეკონომიკური კავშირი, გაერთნიანდნენ სამხედრო, საფინანსო, სამეურნეო, იუსტიციის და საზღვაო ტრანსპორტის კომისარიატები. 1990 წლისთვის აფხაზეთში არსებობდა 93 კოლმეურნეობა და 56 საბჭოთა მეურნეობა, სადაც დასაქმებული იყო 57500 მაცხოვრებელი. აფხაზეთში ყოველგვარი პირობები იყო ნორმალური და ბედნიერი ცხოვრებისთვის, მაგრამ ზოგიერთი აფხაზი, განსაკუთრებით გააფხაზებული ქართველი, ხშირად უკუღმართობდა. გამომდინარე იქიდან, რომ მეც ერთ-ერთი მათგანი ვარ, რომლებიც იძლებულნი გახდნენ მიეტოვებინათ საკუთარი სახლ-კარი, გადავწყვიტე დამეწერა აფხაზეთზე. სიტყვა აფხაზეთი არის ჩემი სულიერი და ხორციელი ტკივილი და კვნესა. დარწმუნებული ვარ აფხაზეთიდან დევნილი ნებისმიეირ პიროვნება იგივეს განიცდის ამ სიტყვის გაგონებისას. მინდა მწუხარებით გავიხსენო რამდენიმე მაგალითი, იმ საშინელი ფაქტებიდან, რაც ტრიალებდა აფხაზეთში. შეიძლება ვინმემ თქვას, რად გვინდოდა იმ საშინელებათა გახსენება რაც დატრიალდა აფხაზეთში, უკეთესი არ იქნება რაც უფრო მალე ამოიშლება ის სამარცხვინო ფურცელი ჩვენი მეხსიარებიდანო; მაგრამ არა, დავიწყებას არ უნდა მიეცეს ის რაც აფხაზეთში მოხდა. მზაკვრული კლასიკური ხერხებით განხორციელებული ეთნიკური წმენდა აფხაზეთში, რომლის სცენარის ავტორი და დამდგმელი რეჟისორი იყო და არის რუსეთის იმპერია, ხოლო შემსრულებელი – აფსუა სეპარატისტები და მათი ჩრდილო-კავკასიელი ძმები, დაფიქსირებული და დაგმობილია საერთაშორისო სამართლის საყოველთაოდ აღიარებული ნორმების საფუძველზე. მაგრამ ეს ვერაფერი ნუგეშია იმ ათასობით წამებით დახოცილი უდანაშაულო ადამიანების ოჯახებისთვის, რომლებიც დახოცეს იმიტომ, რომ ქართველები იყვნენ. გალის რაიონში ადგილობრივი მოსახლეობის ფიზიკურ წმენდას შეეწირა 1300-მდე მშვიდობიანი უდანაშაულო ადამიანი, რაც მთლიანად აფხაზეთში დაღუპულთა 25% შეადგენს (?). გალის რაიონი, ოდითგანვე სამურზაყანოდ ცნობილი, ყოველთვის წარმოადგენდა ქართული კულტურის განვითარებისა და თვითმყოფადობის დაცვის ცენტრს. აფხაზეთში ძმათამკვლელი კონფლიქტის დროს გალის რაიონმა ყველაზე ბოლოს იწვნია ომის მსახვრელი ხელი, მაგრამ ის რაც საკუთარი მოსახლეობის აყრის შემდეგ დაატყდა თავს ამ რაიონს, ამაზრზენი და ცივილიზებული სამყაროსთვის ყოვლად მიუღებელია. იმედი მაქვს მალე დადგება ის სანატრელი დღე, როცა სისხლით მონათესავე ქართველები და აფხაზები მომავალ თაობათა ბედ-იღბალზე ზრუნვითა და პასუხისმგებლობით გაერთიანებულნი პარივს მიაგებენ სამურზაყანოს თვითმყოფადობასა და მისწრაფებებს. აფხაზეთი – ჩვენი ყველაზე დიდი და მძიმე სატკივარია. უმოწყალოდ დახოცილი თანამემამულენი, შელახული თავმოყვარეობა, დაკარგული ტერიტორიები უმძმეს მდგომარეობაში აყენებს საქართველოს მოსახლეობას, მაგრამ იმედი მაინც არსებობს, რომ აღდგება ისტორიული სამართლიანობა, იზეიმებს სამართალი და კაცთმოყვარეობა. ქართულ-აფხაზური ომი 1992 წელს კი არ დაწყებულა, არამედ იგი დიდი ხანი იყო, რაც მზადდებოდა. ამ ვადაგანუსაზღვრელი ომისთვის საფუძველის ჩაყრა მაშინ დაიწყო, როცა აფხაზებმა ქართული ტოპონიმების შეცვლა დაიწყეს აფსუური ტოპონიმებით. ეს ომი გააჩაღეს ერთეულმა – სწავლაში, ცხოვრებაში და მუშაობაში ხელმოცარულმა ადამიანებმა მესამე ძალის უშუალო ხელმძღვანელობითა და დახმარებით. აფხაზი ხალხი აქ არაფერ შუაშია, ზოგიერთმა ამბიციურმა პირმა ჩაითრია ისინი ომში და საუკუნოვანი პრობლემა შეუქმნეს საკუთარ ხალხს და ქართველებს. აფხაზეთის კონფლიქტის წამომწყებნი სათანადოდ არ დასჯილან. ამან ფრთები შეასხა მათ და უფრო ინტენსიურად დაიწყეს ომისთვის მზადება. წარმოებდა სამხედრო გადამზადება, ახალი ბატალიონების ჩამოყალიბება ჩრდილო კავკასიიდან მოსული, დაქირავებული ახალგაზრდების ხარჯზე. ბევრი ჩამოსული ახალგაზრდა ჩარიცხეს აფხაზეთის უმაღლეს სასწავლებლებში. ფაქტიურად ისინი ბოევიკები იყვნენ და ომისთვის ემზადებოდნენ. ყიდულობდნენ იარაღს, სამხედრო ტექნიკას, საველე რადიოსადგურებს. მათ გათვლილი ჰქონდათ ისიც კი, თუ როგორ და რა ტრანსპორტით გაეტანათ ნაძარცვი ქონება. 1993 წელს აფხაზებმა წარმატებით ჩაატარეს რუსეთის შეიარაღებული ძალების [……….. რამდენიმე სიტყვა გარკვევით არ იკითხება, კ.ს.] ჩაიგდეს ათასზე მეტი ავტომატი, 1275 ტყვიამფრქვევი და საბრძოლო მასალები. საქართველოში კი ამ დროს სრული ანარქიაა. ნაწილი პრეზიდენტის მომხრეა, ნაწილი ოპოზიციაშია, ნაწილი სეპარატისტებთან თანამშრომლობს, ზოგიერთი კი იმით იყო დაკავებული, როგორმე ხალხი დუბაიში გაეწვია დასასვენებლად. ასეთი მდგომარეობა აფხაზებმა გამოიყენეს და ერთადერთ სახელმწიფო ენად გამოცხადდა რუსული. 1994 წლის ნოემბერში მიღებული კონსტიტუციით აფხაზეთი გამოაცხადეს დამოუკიდებელ სახელმწიფოდ. აფხაზთა მიზანი იყო ქართველთა გენოციდი და ეთნიკური წმენდის ჩატარება. ეს მათ განახორციელეს კიდეც და ქართველების აბსოლუტური უმეტესობა გამოყარეს, გამოაძევეს აფხაზეთის მიწიდან, საკუთარი მამულებიდან. აფხაზეთის ტერიტორიიდან ქართველთა გამოდევნა განხორციელდა 5 ეტაპად: 1. 1991 წლის 17 მარტიდან 1992 წლის აგვისტომდე ქართველთა გამოდევნა გუდაუთის რაიონიდან. 2. 1992 წლის 14 აგვისტოდან 2 ნოემბრამდე ისევ გუდაუთის რაიონიდან. 3. 1992 წლის 2 ოქტომბრიდან 15 სექტემბრამდე ქართველა გამოდევნა გაგრის რაიონიდან. 4. 1993 წლის 16 სექტემბრიდან ქართველთა გასახლება სოხუმისა და ოჩამჩირის რაიონებიდან. 5. 1993 წლის 30 სექტემბრიდან ქართველთა გასახლება გალის რაიონიდან. ქართველების მიმართ აფხაზ ბოევიკთა ვერაგობის, უსაზღვრო სიძულვილისა და სისასტიკის არაერთი შემაძრწუნებელი ფაქტი არსებობს. მაგალითად, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარის ბ-ნ თ. ნადარეიშვილის მოხსენებაში აღნიშნული იყო, რომ ასობით კარგად მომზადებული და შეიარაღებული დანაშაულებრივი დაჯგუფების წევრები ქალაქებსა და სოფლებში შეჭრისთანავე იწყებდნენ ქართველთა ხოცვა-ჟლეტას. ცოცხალ ადამიანებს თავებს ჰკვეთდნენ, სხეულებს უსახიჩრებდნენ, ქალებს ქმრებისა და მშობლების თვალწინ აუპატიურებდნენ. ამაზე მეტი სისასტიკე რაღა გვინდა. 1995 წლის 17 სექტემბერს ოჩამჩირის რაიონის სოფელ აძიუბჟაში ბოევიკები თავს დაესხნენ ერთ-ერთ ოჯახს და მშობლების თვალწინ ორი მცირეწლოვანი ბავშვი რკინის ღობეზე ჩამოაცვეს, მშობლები წაიყვანეს გაურკვეველი მიმართულებით, მისი რძალი და სტუმარი იქვე მიახვრიტეს. აქვე მინდა გავიხენო ჩემი ბიძის ოჯახის გამოსახლებაზე და მისი ძმის მკვლელობაზე, რომლებიც ცხოვრობდნენ ზემოთ აღნიშნულ ოჩამჩირის რაიონში. საბედნიეროდ მამიდაჩემმა, ბიძაჩემმა და მამიდაშვილებმა მოახერხეს გამოქცეოდნენ აფხაზ სეპარატისტებს, მათ სახლიდან ვერაფრის წამოღება ვერ მოახერხეს. ყველაფერი აფხაზებმა წაიღეს, რისი წაღებაც ვერ მოახერხეს დაამტვრიეს და ცეცხლი წაუკიდეს. იქვე ახლომდებარე სახლში ცხოვრობდა ბიძაჩემის ძმა, რომელიც სახლში იმყოფებოდა როცა ეზოში აფხაზები შესულან, მათ დაიჭირეს ბიძაჩემის ძმა, აწამეს, შემდეგ კი გაურკვეველი მიმართულებით წაიყვანეს და როგორც შემდეგ გაირკვა დახვრიტეს. სოფელ ფშაფში სომხების ბანდამ დახოცა ექიმები ძმები სიჭინავები. ფეხმძიმე ქალი, გვარად პაპავა ხეზე დაკიდეს, მუცელი გაუჭრეს, ბენზინი გადაასხეს და დაწვეს. გაგრელ კაცს გვარად მელაძეს, გადაუჭრეს ვენები, მისი სისხლით ჭიქები აავსეს და ქართული სისხლით შესვეს “დამოუკიდებელი აფხაზეთის” სადღეგრძელო. რა დონის სასტიკი უნდა იყო, რომ საკუთარი ხელით ჩაიდინო ასეთი სისასტიკე. ჩემი აზრით, ადამიანმა, რომელმაც ეს სისასტიკე ჩაიდინა, არ არის ღირსი იწოდებოდეს ადამიანად. 1995 წლის 5 ოქტომბერს დაბა ლესელიძეში აწამეს და ელექტრო ბოძზე ჩამოახრჩვეს 50-მდე ქართველი. ახალსოფელში დახვრიტეს 17 კაცი. 70 წლის ი. გრძელიძეს საჯაროდ ამოგლიჯეს გული, ხალხის თვალწინ ცულით დაჩეხეს ე. მაისურაძე. აფხაზების მიერ ჩადენილ სისასტიკეს ბოლო აღარ უჩანდა. მოვიყვან მოკლე ამონაწერს აფხაზების ტყვეობაში მყოფი ახალდაბელი პედაგოგის მოგონებებიდან, რომელიც ყველა ქართულ გაზეთში დაიბეჭდა: “…. ყველანი წაგვასხეს სკოლის ეზოში, იქ კიდევ ქალები და ბავშვები შემოგვიერთეს, ეზოებში და სოფლის გზაზე ეყარა დახოცილი ხალხი, აგვართვეს ორი გოგო, მერვე და მეცხრე კლასელები იყვნენ. დედებმა მორთეს ღრიალი არ წაიყვანოთო. ოქროსა და ფულს მოგცემთო, მაგრამ ამაოდ. ოქროც წაართვეს, ფულიც და გოგონებიც წაიყვანეს. ჩასვეს პატარა მანქანაში და მერე მე ისინი თვალით აღარ მინახავს. მალე მათი ლიდერი ედიკ ჟვანია მოვიდა და აძიუბჟის შტაბში წაგვიყვანეს. შტაბის ზედა სართულზე ახალგაზრდები შეიყვანეს. ქვედა სართულზე კი – ხანდაზმულები. ზედა სართულიდან გაჰყავდათ ახალგაზრდა გოგონები, ჩემი ნათესავი ორი გოგონაც ასევე წაიყვანეს. წარმოიდგინეთ ჩვენი მდგომარეობა, ხმის ამოღების უფლება არ გვქონდა და მუნჯურად დავტიროდით საკუთარ თავსა და უბედურებას. ერთმა გოგონამ შემომჩივლა – თამარა ბებია, მეტი აღარ შემიძლია რა ვქნაო. როდესაც გამომიშვეს ასე მითხრეს: შენ თუ არ შეგიძლია მაშინ ვინმე შენი ტოლი გამოიყვანეო. რა ვქნა როგორ მოვიქცეო? არ ვიცოდი რა მეპასუხა ასეთი პატარა გოგოსთვის, ჩემივე მომავლისთვის. ჯერი უკვე ჩემს შვილიშვილზე იყო. მე, გონებაწართმეულმა პედაგოგმა შუბლის ძარღვი გავიწყვიტე და ასე ვუპასუხე: “ბებია ნუ გეშინია არ მოგკლავს, მოგეფერება, ერთხელ კიდევ გაყევი მეთქი” – ბავშვი მაშინვე გაყვა. ამით მე, საცოდავმა ჩემი შვილიშვილი გადავარჩინე, მაგრამ რის საფასურად? ღირს აწი ჩემი ქალობა, ჩემი პედაგოგობა და ჩემი სიცოცხლე?” კიდევ ერთი შემაძრწუნებელი ფაქტი, აფხაზებმა ტამიშში ტყვედ აიყვანეს გ. ბენიძე და ფ. არჯევანიძე. ბენიძეს ჯერ ყურები ჩამოათალეს, შემდეგ ცხვირი მოაჭრეს, ბასრი დანით მუცელს უფატრავდნენ და შემდეგ იმავე დანით ყელი გამოჭრეს. არჯევანიძეს სხვანაირი სასჯელი მოუფიქრეს – კისერში ეკლიანი მავთული ჩააბეს, ცხენს გამოაბეს და მანამ ათრიეს სანამ სული არ დალია. ყურები და ცხვირი მხოლოდ სიკვდილის შემდეგ მოაჭრეს. 1993 წლის 27 ივნისს სოჭში ხელი მოეწერა დოკუმენტს, რომლის თანახმადაც მოხდა ქართული ჯარის განიარაღება აფხაზეთის მთელ ტერიტორიაზე, გაყვანილ იქნა მძმე ტექნიკა. ასევე თავდაცვის სამინისტროს პირადი შემადგენლობა. აფხაზეთის გახიზნული მოსახლეობა დაუბრუნდა საკუთარ კერებსა და მშვიდობიან ცხოვრებას. 16 სექტემბერს კი ეს შეთანხმება ვერაგულად დაირღვა და 10 დღის უთანასწორო სისხლისმღვრელი ბრძოლის შემდეგ სოხუმიც დაეცა. ხიზნობიდან სოხუმში დაბრუნებული ხალხი თითქოს ხელოვნურად და წინასწარ დაგეგმილად გამოუვალ მდგრომარეობაში აღმოჩნდა. ბევრი მათგანი დაიღუპა, ბევრმა წვალებით გამოაღწია სამშვიდობოს. აფხაზეთის დაკარგვით ლტოლვილად იქცა 280 ათასი ქართველი, 30 ათასი რუსი, 25 ათასი აფხაზი, სომეხი, ბერძენი, ებრაელი და სხვა ეროვნების წარმომადგენლები. აფხაზეთიდან დევნილი ადამიანების მწარე მოგონებების, ტანჯვა-წამების და ენით აუწერელი სისასტიკის მიუხედავად, მჯერა, რომ მალე დავბრუნდებით აფხაზეთში და ის ნაღველი და სევდა, რაც სიტყვა აფხაზეთის გაგონებისას გვეუფლება შეგვეცვლება სიხარულით და ბედნიერებით. მიუხედავად იმისა, რომ საქართველოში ვცხოვრობ მაინც მირჩევია ჩემს მამულში, აფხაზეთში ვიცხოვრო. აქვე მინდა მოვიყვანო ერისთავის ცნობილი ლექსის ერთი სტროფი, ჩემი სურვილის გასამართლებლად: სამშობლო, დედის ძუძუი არ გაიცვლების სხვაზედა ორივ ტკბილია ძმობილო, მირჩევნის ორთავ თვალზედა როგორც უფალი, სამშობლოც – ერთია ქვეყანაზედა.. არ გავცვლი სალსა კლდეებსა, უკვდავებისა ხეზედა, არ გავცვლი მე ჩემს სამშობლოს სხვა ქვეყნის სამოთხეზედა.#აფხაზეთი #სოხუმი #მოგონებები #ოკუპაცია #პოლიტიკა #sokhumidaily
Zugdidelebi. Ge
Batumi · 3 weeks ago
პატარა ამბები დიდ კაკა ჟვანიაზე
“მე კოლხი ვარ, ასი წელი ვარწიე, ქვეყნისათვის ბევრი ჯაფა გავწიე, ვხარობ, ვტკბები დღეს ზუგდიდის მშვენებით, რომ დასჭირდეს კედელს ჩავეშენები, ვერ დავდივარ, ვეღარ ვეალერსები, მის მიწაში მაინც მიდგას ფესვები, ძალას ვიკრებ, ერთხელ კიდევ ვეცდები, ვეამბორები მშობელ ქალაქს ლექსებით”, – ეს სიტყვები კაკა ჟვანიას უთქვამს ზუგდიდისთვის. ზუგდიდის კოლორიტზე, მშვენიერი მელექსეზე, “ვეფხისტყაოსნის” მეგრულად მთარგმნელზე, ფოლკლორის დიდ ამაგდარზე, უბადლო თამადაზე და ულამაზესი თვალთტანადობის, სიცოცხლეშივე ლამის ლეგენდადქცეულ კაკა ჟვანიაზე “ზუგდიდელები” მისი შვილიშვილის მურმან ჟვანიას მოგონებას გთავაზობთ. მურმან ჟვანია: -ბაბუა 1875 წელს დაიბადა ზუგდიდში, აზნაურ დიმიტრი ჟვანიას ოჯახში. როგორც მისგან გადმოცემით ვიცი, მამამისი, დიმიტრი ჟვანია იმ დროისათვის მეტად განათლებული და სახელოვანი პიროვნება ყოფილა, რომელსაც სწავლა-აღზრდა ეკატერინე და დავით დადიანების სასახლის კარზე ჰქონია მიღებული. მინდა ერთი საინტერესო დეტალი გავიხსენო, რომელსაც ბაბუა სიამაყით მიყვებოდა ხოლმე: ეკატერინე დავითს რომ შეურთავს და სამეგრელოში ჩამოუყვანიათ, “დიარაზე” მის პატივსაცემად “მარულა” გაუმართავთ-ზუგდიდიდან ცაიშამდე და ცაიშიდან ზუგდიდამდე. ეკატერინეს ერთი ცხენი და მისი 10-12 წლის მხედარი გამოურჩევია სხვებისგან, რომელზედაც ფსონს ჩამოსულა. მომხდარა ისე, რომ სწორედ იმ ცხენსა და მხედარს უმარჯვნია და პირველობა აუღია. ის მხედარი კი კაკას მამა, მაშინ პატარა ბიჭი, დიმიტრი ჟვანია ყოფილა. ეკატერინეს მოსწონებია ეს ბავშვი, აუყვანია სასახლეში და თურმე, თავისი ზედამხედველობით იზრდებოდა… ისე ჟვანიები, ჩვენი შტო, მარტვილის რაიონის სოფელ დოშაყედან ვართ წარმოშობით. წოდებით-ტახტის აზნაურები. გუტი ჟვანია-დიმიტრის მამა და კაკი ბაბუა, რუსეთის იმპერატორი, ნიკოლოზ I რომ ჩამობრძანდა, გრიგოლ დადიანს ახლდა, თურმე. გოლიათური აღნაგობის გუტი იმპერატორს “დამხვდურებში” გამოურჩევია და მისი ვინაობა უკითხავს დადიანისთვის. გუტი ჟვანიას ცალი ჩექმა მარტვილის მუზეუმშია შენახული და ნორმალურ კაცს წელამდე წვდება, იმხელაა. ბაბუა ამაყობდა თავისი გვარითა და წინაპრებით. ხშირად ახსენებდა ანტონ ჟვანიძეს, რომელიც XVI საუკუნეში ცხუმ-აფხაზეთის ეპისკოპოსი, მიტროპოლიტის ხარისხის პირველი მატარებელი იყო და ბედიის ტაძარშია დასაფლავებული. -თვითონ კაკას რა განათლება ჰქონდა მიღებული? – ბაბუა იყო რუსული ენისა და ლიტერატურის სპეციალისტი. დამთავრებული ჰქონდა ქუთაისის სათავადაზნაურო გიმნაზია, ხოლო პეტერბურგში-სამხედრო სასწავლებელი, რომელშიც უჩა დადიანი უწყობდა ხელს. წლების განმავლობაში, ის მეფის ოფიცერი იყო. პირველი მსოფლიო ომში მან “შტაბსკაპიტნის” წოდებაც მიიღო და უამრავი ჩინ-მედლით დაჯილდოვდა. რუმინეთში ტყვედ ჩავარდა, ათას უბედურებაგამოვლილი, ნაწვალები დაბრუნდა შინ. მანამდე, 1903 წელს ზუგდიდში გახსნილ პირველ სამრევლო სკოლას ედგა სათავეში და აქედან წავიდა ის პირველ მსოფლიო ომში. კარგად არ ვიცი, პეტერბურგში თუ სოხუმში მას პედაგოგიკის კურსები ჰქონდა დამთავრებული. მისი ნამოწაფარები იყვნენ სახელგანთქმული ლოტბარი კიწი გეგეჭკორი (რომელიც ბაბუას ენათესავებოდა და ბაბუას დედა, მატა გაგუა ზრდიდა). სერაპიონ შენგელაია, იასონ კვარაცხელია, დავით ფონია, ჭვატია ყალიჩავა. -არ გიყვებოდათ, ტყვეობას თავი როგორ დააღწია? -ო, ეს დიდი ისტორიაა, რუმინეთში “ბომბიროვკაში” მოხვედრილა, კონტუზია დამართნია და ტყვედ ჩავარდნილა- -ოჯახმა კი მიიღო ხელმწიფის წერილი, შავი ქაღალდი-მისი დაღუპვის შესახებ. უჩა დადიანი სამეგრელოში ყოფილა მაშინ. დაუტირიათ კაკა. როგორც ჩვენთან იყო მიღებული გამოუფენიათ “ნიშანი”, შეუსუდრავთ უკუღმაშეკაზმული ცხენი და გადაუხდიათ ქელეხი. მიწის ბორცვზე მის სახელზე ჯვარი აღუმართავთ, ქელეხის და ორმოცის ხარჯები უჩა დადიანს გაუღია, როგორც კაკას უფროს მეგობარსა და ახლობელს. ამის შემდეგ გადის დრო, ახლოვდება გარდაცვალების წლისთავი და ხდება ისე, რომ ქუთაისში მიმავალი უჩა დადიანი თავისი მხლებელი “ძიძიშვილებით” ხობის დუქანში ჩერდება დასანაყრებლად და მუხლის ჩასახრელად. მათ მყუდროებას მოულოდნელად დილიჟანსის ხმაური არღვევს. უჩა მხლებლებს გზავნის ამბის გასაგებად. თუ ვინ “დიდი კაცი” მოადგა ხობს “დილიჟანსით”. მათ ამბავი მოაქვთ, მიცვალებული კაკა ჟვანიას “გაცოცხლების” თაობაზე. უჩა არ იჯერებს ამას და ძიძიშვილებს შეუტევს, ორმა ჭიქა ღვინომ ისე როგორ დაგათროთ, რომ მკვდარი გელანდებათო. მას ეჭვი არ ეპარება ხელმწიფის ქაღალდის სისწორეში. ამასობაში კაკა, ჩინ-მედლებით მკერდდახუნძლული, უახლოვდება დუქანს, ნახავს უჩას და მუხლს მოიყრის მის წინაშე. გახარებული, გაოცებული უჩა წამოაყენებს კაკას ზეზე, ძმურად გადაეხვევა და შემდეგ სიტყვებს ეტყვის: შინ რომ მიხვალ, დედაშენს ჩემს მაგივრად მკერდზე აკოცე. შენ შენი ვაჟკაცობითა და მამაცობით დაიმსახურე ეს ჩინ-მედლები. მე კი მხოლოდ ერთი მაქვს-გიორგის ჯვარი და ისიც იმიტომ მომცეს, რომ დადიანი ვარო… ასე რომ, მან ერთი წლის მერე ტყვეობას თავი დააღწია. -დიდი იყო მისი სამეგობრო წრე… -ამით სულდგმულობდა. უაღრესად განსწავლული, ქართული, რუსული და ევროპული ლიტერატურის მცოდნე, მეგობრობდა შალვა დადიანთან, კონსტანტინე გამსახურდიასთან. ლეო ქიაჩელთან, ალიო მირცხულავასთან, აკაკი ხორავასთან. მე არა, მაგრამ ზუგდიდში ჯერ კიდევ არიან ისეთი ადამიანები, რომლებსაც ახსოვთ ხეივანში მოსეირნე დიდი კონსტანტინე და ბაბუაჩემი… მან ავადმყოფი ბაბუა სიკვდილამდე 10 დღით ადრე ინახულა. -როდის დაიწყო “ვეფხისტყაოსნის” თარგმნა, თუ იცით, როგორ თარგმნიდა? -რვა წელი თარგმნიდა ბაბუა “ვეფხისტყაოსანს”. ორმოცდათვრამეტში დაიწყო და 1966 წელს დაამთავრა. წინ ედო 1712 წელს გამოცემული ვახტანგისეული “ვეფხისტყაოსანი” და შალვა ნუცუბიძისეული რუსული თარგმანი. ერთმანეთს უდარებდა მათ, სწონიდა თითოეულ სიტყვას… არჩევდა, უკეთეს ვარიანტს ეძებდა. მან ეს ტიტანური ნამუშევარი რუსთაველის 800 წლისთავს მიუძღვნა, რომელიც ზუგდიდმაც აღნიშნა შალვა დადიანის სახელობის სახელმწიფო თეატრში. ბაბუა მაშინ ლოგინად იყო ჩავარდნილი. ამ საღამოზე წარმოთქვა ბაბუას მისამართით, ბატონმა აკაკი შანიძემ ის ცნობილი სიტყვა, რომელიც შემდეგ არაერთგზის დაბეჭდილა პრესაში: “მარტო ის რად ღირს, რომ ზუგდიდის ჭადრების ხეივანში გაივლის კაკა ჟვანია და თავის დათაფლული მეგრულით აამეტყველებს გენიოს შოთასო”. -ამბობენ, ნიჭიერების გარდა, ულამაზესი კაციც იყოო… -ბიბლიური გარეგნობისა იყო. ენითართქმული სილამაზის. ერთ ეპიზოდს გავიხსენებ. 58-ში სკოლა რომ დავამთავრე, თბილისში უმაღლესში ჩასარიცხად ჩასულს ბაბუა გამომყვა. სხვათაშორის, ვერცხლის მედალოსანი ვიყავი. ჩემმა დამ, ნუნუ ჟვანიამაც ოქროს მედალზე დაამთავრა სკოლა. ჩვენ მამა ადრე გარდაგვეცვალა. მთელი 10 წელი გლოვობდა ბაბუა მას, მართალია, დედა ძალიან ზრუნავდა ჩვენს აღზრდა-განათლებაზე, მაგრამ მედალოსნობაში ბაბუას ლომის წილიც იდო. ბევრს გვთხოვდა და არაფრით გვაპატიებდა უცოდინრობას, წარმოიდგინეთ, “ვეფხისტყაოსანი” ქართულად, რუსულად და მეგრულად თავიდან ბოლომდე ზეპირად იცოდა… სათქმელს გადავუხვიე. ბაბუას ფეხით სეირნობა უყვარდა რუსთაველზე. მთელი რუსთაველი, მელიქიშვილით დაწყებული ფეხით ჩამომასეირნა. უკან ცნობისმოყვარეთა არმია მოსდევდა ეროვნულ ტანსაცმელში გამოწკეპილ ასხეპილი ტანის მოხუცს. “ზარია ვოსტოკას” და “კომუნისტის” რედაქციასთან კორესპონდენტები დაგვესივნენ, მე გვერდით მიმაყენეს და აჩხაკუნეს და აჩხაკუნეს აპარატები. ზემელზე, წლობით ჰქონდათ მისი ფოტოები სტენდზე. – ბევრს ყვებიან მისი და გვანჯი ჩიქვანის მეგობრობაზე, ენაკვიმატობაზე, შაირობაზე… – განუყრელები იყვნენ. ბაბუ გვანჯის ჩვენებურად, მეგრულად “ქოვარის” (ქო-ვარიში გამგები-კი და არას გამგები) ეძახდა. ძალიან უყვარდათ ერთმანეთი, მაგრამ ენაკვიმატობით, სიყვარულით, რა თქმა უნდა, ერთმანეთს “ამწარებდნენ”. ერთხელ ჩვეულებრივად მისეირნობდნენ გვანჯი და კაკა. გვანჯი ნაცნობს გაესაუბრა. კაკა კი რამდენიმე ნაბიჯით ჩამორჩა მათ. საუბრის დამთავრების შემდეგ გვანჯიმ მოხედა ბაბუას და დაუძახა,-კაკა წამოდი, რაღა ხბოსავით სულ უკან მრჩებიო… ძროხებს ხბოები უკან მისდევენო, უპასუხა სხარტად ბაბუამ. ერთხელ კიდევ ბაბუამ მანქანისთვის საბურავები სთხოვა რაიკომის პირველ მდივანს. მდივანმა ის საწყობის უფროსთან, ვინმე ტოტოშასთან გაგზავნა. ტოტოშამ ერთიოჯერ დაიბარა ბაბუა, მაგრამ არ დახვდა, ტყუილი გამოუვიდა. მომდევნო შეხვედრაზე რაიკომის მდივანმა ჰკითხა კაკას, მოგცეს თუ არა საბურავებიო. კაკამ, თურმე, ექსპრომტად უპასუხა: “მუჟამ ვორდინ, კოჩ ვორდია, დღას ვენომხუნ კოტოშა, მარა შურო კოჩ ვაყოფე, თქვან ნაცქვეფ ტოტოშა”. 20-იანი წლებია, ზუგდიდში ერთ-ერთ ოჯახში კაკა თამადაა. მოპასუხე კი, პატარძლის მაყრიდან ვინმე საბაიაა, სოფელ ბარღებიდან საბაია შაირს ეუბნება ბაბუს: “დუდუმაყარე გოხოლუქ, საბაია ბარღებელი, ხვალე მოფრთინ ვაიჩქუდან, ართო ვორეთ არყებული” კაკა პასუხობს: “ვითი ხოჯი დოპილით, ხოლო ვარე ბაღებული, არძა ართო მუს მიშით, დუდი რყოფუნა არდებული”. -რამდენიმე სიტყვა შთამომავლობაზე… -კაკას 5 ვაჟი ჰყავდა: შალვა, დავითი, ირაკლი, ლეონიდი, ვაჟა და ხუთივეს უმაღლესი განათლება მიაღებინა. 14 შვილიშვილი, 27 შვილთაშვილი, 11 შვილთაშვილის შვილი დარჩა ბაბუს. ვცდილობთ, ჩვენი საქმიანობით, ჩვენი ცხოვრების წესით, ბაბუას სახელი, დიდი კაკა ჟვანიას სახელი არ შევარცხვინოთ. წყარო: ჟურნალი “ზუგდიდელები”
გიორგი სამხარაძე
Tbilisi · 1 month ago
გაგრძელება: 7 ფაზა, რომელსაც ინტროვერტი ბიჭები გავდივართ, ჰეის მიწერიდან Seen-ამდე
აქვე, შესავალში კიდევ ერთხელ აღვნიშნავ, რომ ეს ფაზები არ ეხებათ მაჩო და ექსტრავერტ ბიჭებს, რომლების აღშფოთებაც გამოიწვია წინა სტატიამ და ლამის თავიანთი ექსელის ფაილები გამოაქვეყნეს, რამდენი გოგოსთვის მიუწერიათ და უფრო მეტიც - რამდენი გოგო წერს მათ თავისი ინიციატივით. ძალიან გთხოვთ, გვაცადეთ ცხოვრება. ვიდრე ახალ 7 ფაზაზე გადავალთ, გავიხსენოთ რა მოხდა წინა სერიაში. ე.ი. 7 მტანჯველი ფაზის შემდეგ, როგორც იქნა, მივწერეთ გოგოს, რომელიც მოგვწონს. შემდეგ, როგორც ნამდვილ დრამას შეეფერება დავტოვეთ ე.წ. "კლიფჰანგერი" და მკითხველს მივეცით საშუალება გამოეთქვა თავისი ვარაუდები. ამ პერიოდში გაჩნდა მოსაზრება, რომ ეს გოგო უბრალოდ დაგვსინავდა (აქვე აღვნიშნავ, რომ პირველი პირის მრავლობითში ზოგადად ინტროვერტი ბიჭებს ვგულისხმობ და არა ჩემს თავს. ინტროვერტ ბიჭებს განდიდების მანია არ გვახასიათებს). რაც შეეხება დასინვას, საქმე ისაა, რომ დასინვამდე ჯერ კიდევ ბევრი დროა და მთელი 7 ფაზაა გასავლელი. აი, მესენჯერში Seen-ის დაწერის შემდეგ კი, ცალკე ფაზები იწყება. მაშ ასე, მომდევნო 7 ფაზა ანუ რა ჯანდაბა ხდება, "ჰეის" მიწერიდან - Seen-ის ანთებამდე. I ფაზა: მოზღვავებული ადრენალინი დრო მიწერიდან: მაშინვედან - 2 წუთამდე. როგორც გახსოვთ, წინა 7 ფაზაში არსებობდა სუნთქვის სრულიად ახლებური მეთოდი, ე.წ. ჰუ-ჰუ-ჰუური. აქ ეს სუნთქვა აღარ გამოდგება. აქ საჭიროა ერთი დიდი ჰუ. ამ დროს ორგანიზმიდან ჟანგბადის მთელი მარაგი გამოდის და: იწყება ტვინის ოდნავი შეშუპება ფილტვებს უჩნდება ბზარები სისხლი პანიკაშია თვალები გასაოცარ ფერებში ხედავენ სამყაროს სადღაც კუთხეში დგას ცელიანი შავოსანი მთელი ცხოვრება თვალ წინ ჩაგვივლის - განსაკუთრებით დეტალურად ის 7 ფაზა, რომელიც რამდენიმე წუთის წინ გავიარეთ ხელები და ფეხები გვიბუჟდება ვეცემით ძირს და ვეგუებით სიკვდილს მაგრამ ამ დროს გული იწყებს ფართხალს და ტვინს ახსენებს, რომ არსებობს ფუნქცია სახელად ჩასუნთქვა. გადავრჩით! შესაბამისად, აქედან შეგვიძლია დავასკვნათ, რომ გოგოსთვის მიწერით არ მოვკვდებით. ძალიან საინტერესო და სასარგებლო დასკვნაა, მაგრამ საქმე ისაა, რომ ჩვენი კოგნიტური ნაწილი ამ ინფორმაციას საგულდაგულოდ მალავს. ამოსუნთქვის შემდეგ ყველა სასიცოცხლო ფუნქცია ლაგდება და კვლავ ადამიანებს ვემსგავსებით. II ფაზა: შროდინგერის გოგო დრო მიწერიდან: 2 წუთიდან - 4 წუთამდე ეს ფაზა პანიკის ერთგვარი ფორმაა, რომელიც გულისხმობს, იმას რომ უკვე დავიწყეთ გულწრფელი სინანული. ვრთავთ კომპიუტერს/ლეპტოპს, ტელეფონს ვაგდებთ სავარძელზე ან ტახტზე და გავდივართ გვერდით ოთახში, სადაც თავს ვიდებილებთ. ვცდილობთ არ ვიფიქროთ მომხდარზე. და თავს ვიმშვიდებთ რომ თუ: ამ მოგონებას ტვინიდან ამოვშლით ტელეფონს აღარასოდეს დავხედავთ კომპიუტერს არასოდეს ჩავრთავთ მეგობარს ვთხოვთ შევიდეს და ფეისბუქი ჩვენს მაგივრად გააუქმოს ქვეყნიდან წავალთ და აღარასოდეს დავბრუნდებით იუსტიციის სახლში გავივლით და სახელსა და გვარს შევიცვლით მივაკითხავთ პლასტიკური ქირურგიის ცენტრს და გარეგნობას შევიცვლით თვალებს ამოვითხრით და მაცივარში შევინახავთ და ა.შ. მაშინ ვერც ვერასოდეს ვნახავთ და გავიგებთ ამ გოგომ ნახა ჩვენი მიწერილი თუ არა. ანუ ერთ დროულად ნანახიც ექნება და თან არ ექნება ნანახი. ჩვენ დავიჯერებთ, რომ არ ექნება ნანახი და ვიქნებით მშვიდად, ვიდრე სამყაროს აღსასრულამდე. III ფაზა: რაც მოხტა - მოხტა დრო მიწერიდან: 4 - 6 წუთი უკან დასახევი გზა არ არსებობს, უკვე მიწერილია, ყველა ხიდი დამწვარია, ფეისბუქის სათავო ოფისში ნაცნობი, რომელსაც ვთხოვთ, რომ ჩვენი მიწერილი ადრესატის ინბოქსიდან გააქროს, არ გვყავს და არც დროის მანქანა არ გვაქვს, რომ უკან გადავიდეთ და ჩვენი თავი დავარწმუნოთ, რომ არ ღირს ამის გაკეთება - ანუ მიწერა. ამიტომ დროა დავმშვიდდეთ, მაინც ვერაფერს შევცვლით და ტყუილად რატომ უნდა ავიშალოთ ნერვები? ახლა მთავარია კარგად მოვკალათდეთ, ვიყუროთ სივრცეში და ვიფიქროთ უკეთეს მომავალზე, ან პარალელურ სამყაროზე, რომელშიც არსებობს ალტერნატიული რეალობა და ჩვენს ალტერნატიულ თავს საერთოდ არ მიუწერია არავისთვის არაფერი, ხოლო მეორე ალტერნატიულ სამყაროში, საერთოდ ექსტრავერტები ვართ და გოგოები იქით გვწერენ, როგორც ფეისბუქზე ამ სტატიის შეარებზე დაფიქსირებულ მამაკაცთა აბსოლუტურ უმრავლესობას. ამ დროს სჭარბობს საკუთარი თავის მიმართ ნათქვამი შემდეგი ფრაზები: "კაი, შეჩემა არაუშავს!" "ნიჩიო, ეს არ იქნება სხვა იქნება!" "რა სხვა იქნება, შენ ხო არ გაგიჟდი?" "კაი, ნუ იქნება" "ჰოდა, ეგრე!" IV ფაზა: მოუთმენლობა დრო მიწერიდან: 7 - 10 წუთი ეს ფაზა სრული ტრანსფორმაციაა. ემოციებისგან დაცლილები ვართ, პარალელურ სამყაროში ყველაფერი დალაგებულია, ყველაფერი მოსაბეზრებელი ხდება. ვიცით, რომ აღარაფერი შეიცვლება და თან აღარც გვინდა, რომ შეიცვალოს. პირიქით! ძალიანაც კმაყოფილები ვართ საკუთარი თავით. მაგრამ მცირე პანიკა მაინც შეინიშნება. რა საჭიროა, XXI-ე საუკუნეში, მესიჯის სანახავად 7-10 წუთი. რა ზოზინია ეს? რა უპასუხისმგებლობაა? არ უნდა გაითვალისწინოს, რომ ადამიანები ვიტანჯებით? რა გულქვობაა ეს? გამომივიდა ესეც ძალიან დაკავებული! ძალიან გვინდა, რომ ნახოს და ბოლოს და ბოლოს გავიგოთ, რა მოხდება. რატომ არ ნახულობს ამდენ ხანს? არადა წეღან მწვანედ ენთო. და ვიწყებთ ვერსიების ჩამოყრას: უეჭველი, რომ ამოუხტა ჩეთი, წაიკითხა და დახურვას დააჭირა, რომ არ დავესინე ნწ, არაა სინგლი და თავის შეყვარებულთან ერთადაა უეჭველი დაქალებთან ერთად იქნება ახლა სადმე და მე რო ამოვუხტი დამცინიან შეიძლება ფიქრობს თავიდან როგორ მომიშოროს ამ ფაზის ბოლოს წარბებს ვკრავთ და ძააან "დასტოინად" ვისვრით ტელეფონს სავარძელში ან ტახტზე. V ფაზა: ნარცისიზმი დრო მიწერიდან: 10 - 12 წუთი ძაან სხვათა შორის, აი, ძაან ბუნებრივად და ძაან ღირსეულ-დასტოინად ჩავუვლით ტელეფონს ან ლეპტოპს. ვითომ ნოტიფიკაციების შემოწმება გვინდა ან ამინდის. კიდევ არ უნახავს. არ უნახავს და ნუ უნახავს! არ უნდა ჩვენნაირი კაი ტიპი და იყოს მასე. ამ დროს ვწერთ იმ მეგობარს, რომელთანაც კონსულტაციებს გავდიოდით: "აი, რას მიწუნებს ერთი? ძაან მაინტერესებს?" "ვისზე ნაკლები ვარ?" "არ უნდა და იყოს მასე" "აქეთ მომწეროს, რა!" "აი, რა ვერ ნახა?" და ა.შ. ჩვენი მეგობარი ამ დროს კიდევ უფრო ნერვებმოშლილია და მხოლოდ ერთ სიტყვას გვწერს: "აცადე!" VI ფაზა: ისტერიკა დრო მიწერიდან: 13 - 15 წუთი მორჩა, სამყარო თავზე ჩამოგვენგრა, ბოლო იმედი გადაგვეწურა, ვთვლით, რომ ეს იყო ყველაზე დიდი შეცდომა რაც ოდესმე დაგვიშვია ცხოვრებაში. რატო ღმერთო? რა მინდოდა? რატომ მივწერე? ვინ მექაჩებოდა კლავიატურაზე? რატომ ის დღე არ დაიწვა, როცა თვითშეფასება ოდნავ ამეწია! ნეტა ინტერნეტი გაითიშოს მთელს მსოფლიოში! ნეტა ზომბი აპოკალიფსი დაიწყოს! ნეტა ნებისმიერი აპოკალიფსი დაიწყოს! ნეტა მოვკვდე! VII ფაზა: ეჰ! მორჩა! ყველაფერი დამთავრდა. არაუშავს. მთავარია, რომ ყველაფერი დამთავრდა და აწი შეგვიძლია გავაგრძელოთ მშვიდად ცხოვრება. სანერვიულო აღარაფერია, გასულ 15 წუთი ისე გვახსენდება, თითქოს 15 წელი გავიდა. ჰაჰ! ვიხსენებთ და გვეცინება რა სულელები ვიყავით 15 წუთის წინ. მართალი ყოფილა, რომ ამბობდნენ, გავა დროს და გაგეცინება ყველაფერზეო. დრო ყველაფრის მკურნალიაო და ა.შ. თან ძალიან მაგარი მკურნალი ყოფილა 15 წუთში მოაგვარა ყველაფერი. ამ დროს ვიღებთ ტელეფონს, შევდივართ მესენჯერის აპში რომ მეგობარს მივწეროთ ემოციური როლერ-კოსტერის წარმატების დასრულების შესახებ და მივულოცოთ მას, რომ აწი ან აღარასდროს ან კიდევ დიდხანს აღარ შეწუხდება მსგავსი თავგადასავლით. და ამ დროს, თვალი გაგვირბის ჩვენს მინაწერზე და იქ, ბოლოში, მიწერის დროის ქვეშ, პატარა მრგვალი წერტილი მოსჩანს, რომელშიც მისი პროფილის ფოტოს მინი ვერსიაა - ანუ ნახა! შემდეგ სერიაში: 7 ფაზა, რომელსაც ინტროვერტი ბიჭები გავდივართ, Seen-დან - პასუხის მიღებამდე.
Maia Khomeriki
Lastra a Signa · 3 months ago
დღეს ბოშათა საერთაშორისო დღეა!💖💖💖💖 ანი ანდრონიკაშვილი. მინდა ერთ ბოშა ქალზე მოგითხროთ, რომელსაც ძალიან უყვარს ტფილისი ! "ჩემი სიძე ლორდების შთამომავალია. მის წინაპრებს ახლო ურთიერთობა ჰქონდათ ინგლისის სამეფო ოჯახთან", - გვეუბნება თბილისელი ბოშა, ლილი დარციმელია. იგი არ მალავს, რომ დღევანდელი მისი ცხოვ­რება ძალიან საამურია. თბილისში დაიბადა და გაიზარდა. ყოველთვის კარგი პირობები ჰქონდა, კარგ წრეშიც ტრიალებდა, თუმცა, მისი წარმოშობის გამო, არც გულისტკივილი დაჰკლებია... მიუხედავად იმისა, რომ უკვე 79 წლისაა, განსაკუთრებული იუმორითა და ეშხით გამოირჩევა... - ორი წლის რომ ვიყავი, ჩემი მშობლები დახოცეს და სხვა ბავშვებთან ერთად, საქართველოში ჩამომიყვანეს... თურმე, ჩემი მომავალი დედა მეგობართან ერთად მოვიდა საბავშვო სახლში, სადაც სულ სამი დღის მიყვანილი ვიყავი. ეს ქალბატონი და მისი მეუღლე 50 წლამდე იყვნენ და შვილი არ ჰყავდათ... ქალბატონი როგორც კი შემოსულა, კაბის კალთაზე ვტაცე თურმე ხელი და "დედა" ვუწოდე. ვეხვეწებოდი, შენთან წამიყვანე-მეთქი... საბავშვო ბაღის გამგეს უთქვამს: ბავშვმა დედა დაგიძახათ და იქნებ წაიყვანოთ, ცოდოაო. - თურმე, ძალიან შევეცოდე. პირველად რომ მოსულა, დამპირებია, - სამ დღეში მოვალ, ახალ კაბას მოგიტან და წაგიყვანო... ეს სამი დღე კარს ვერ მაშორებდნენ. ვიძახდი, - დედა მოვა-მეთქი. მესამე დღეს მართლა მოვიდა და წამიყვანა. ოჯახი ლაღად მზრდიდა. ვერცხლის ქუჩაზე ვცხოვრობდით. იმ დროს თბილისი ძალიან პატარა იყო და სულ სხვანაირი ცხოვრება ჩქეფდა. ჩვენი ეზო ინტერნაციონალური გახლდათ და ერთმანეთთან ყველა შეხმატკბილებულად ვიყავით. ჩემი მშობლები იმდენად არაჩვეულებრივი ადამიანები იყვნენ, მე კი არა, ჩემს მეუღლესაც სიგიჟემდე უყვარდა ორივე... ძალიან კარგ სკოლაში შემიყვანეს და ისე აღმზარდეს, რომ არაფერი დაუკლიათ. ერთადერთი, სულ ვსაყვედურობდი, მუსიკაზე რატომ არ შემიყვანეთ-მეთქი? პიანინო მთელ უბანში მხოლოდ ჩვენ გვქონდა. ერთხელ მოიყვანეს მუსიკის პედაგოგი და მან თქვა, - ბავშვს ისეთი სმენა აქვს, პედაგოგი აღარ სჭირდება, თავისით ისწავლისო. მართლაც, გიტარასა და პიანინოზე დაკვრა დამოუკიდებლად ვისწავლე. სულ ვმღეროდი, ვცეკვავდი, სტუმრებსაც მოწყენის საშუალებას არ ვაძლევდი. ალბათ, ჩემი გენების დამსახურებაა, ერთ ბინაში გაჩერება დიდხანს რომ არ შემიძლია. რაღაცას მოვიმიზეზებ და ბინა აუცილებლად უნდა გადავცვალო. ძალიან მიყვარს სიახლე. უცნაურია, მაგრამ ჩემი მეუღლეც ყოველთვის სიამოვნებით მიბამდა მხარს. ლამაზად გამოსდის ბარგის ჩალაგება, ავიკიდებდით ბარგს და ყველაფერი ახალ ბინაში მიგვქონდა. ერთხელ მახსოვს, ორი კაცი იდგა ქუჩაში და ბარგაკიდებულმა რომ გავიარე, მომაძახეს: "ბოშათა ბანაკი ცას მიემგზავრება"))) მინდა გითხრათ, რომ მეც თქვენზე არანაკლები ქართველი ვარ! არავისზე ნაკლებად არ მიყვარს საქართველო! უკვე 79 წლის ვარ და განვლილი ცხოვრებით ბევრჯერ დავამტკიცე, ყველაფერი ისე არ არის, როგორც ფიქრობდნენ... დღეს უფრო ხშირად, ლონდონში მიწევს ცხოვრება და იქ ბოშების მიმართ კარგი დამოკიდებულება იგრძნობა!" ახლა კი ჩემი მოგონებიდან, რამდენი კარგი რამ გაგახსენდებათ, ეს ხომ ჩვენი თბილი თბილის ქალაქი იყო ))) ჩემი თაობა დამიდასტურებს, რომ არ ვიყავით განებივრებული ბევრი რამით, რაც ევროპის ქვეყნებში იყიდებოდა , მაგრამ იმითაც ვკმაყოფილდებოდით, რაც გვქონდა, მარტო ცირკის "მამალო " და ბატიბუტი რად ღირდა, "ციგანკები" რომ ყიდდნენ ... "რეზინზე" დამაგრებულ ფერად ბურთებს იმდენ ხანს ვარჩევდი ხოლმე )) კამფეტები, რომელიც რუსთაველზე , "ნარგიზში" იყიდებოდა- დათუნია, გრილიაჟი, სუფლე , მარმელადი ... საღეჭი რეზინი არ იყიდებოდა, " ჟუვაჩკას"გაგიკვირდებათ და ვყიდულობდი ქურთებთან და არა მარტო მე, ალბათ მთელი პირველი სკოლის ბავშვები :) ეს ოჯახი ცხოვრობდა ოპერის უკან მდებარე სახლის სარდაფში . რომ შევიდოდი , თავისებური სუნი იდგა, მაგრამ საკმარისი იყო, დიდი რკინის კოლოფისთვის თავი აეხადათ, ისეთი სუნი ამოვარდებოდა ხოლმე , ერთი სული მქონდა, როდის გავხსნიდი... რუსთაველზე რამდენი ბოშის ქალები დადიოდნენ ზურგზე მოგდებული ბავშვებით და გვთავაზობდნენ მკითხაობას ! ოღონდ თავი დაენებებინათ და ხურდებს ვუყრიდი ხელში :) ეს ამბები იმიტომ გავიხსენე,რომ დღეს ბოშათა საერთაშორისო დღეა ! ეს დღესასწაული აღინიშნება 1971 წლის 8 აპრილიდან, იმ დღიდან, როდესაც მსოფლიოს 39 ქვეყნის ბოშები შეკრებილან ლონდონში, დაუწესებიათ ბოშათა საერთაშორისო საბჭო, მიუღიათ საკუთარი ჰიმნი და გერბი ! ჰიმნი რომ მაგარი ექნებათ, ეჭვიც არ მეპარება :))) გერბი კი ასეთი აქვთ -ზევით- ლურჯი ცა, ქვევით- ხასხასა მწვანე ბალახი და შუაში- ფორთოხლისფერი ბორბალი,მიხვდებით რატომაც :) არ მეგულება ადამიანი ბოშურ "ჩავალეზე" მხრები არ აუთამაშდეს მისდაუნებურად და კარგ ხასიათზე არ დადგეს ! მე კი ბავშვობიდან მიყვარს ეს ამაყი ხალხი , ცხოვრების სიყვარულის ჟინით შეპყრობილი და მუდამ იმედიანი... მოსკოვში რომ ჩავიდოდით, მამა იმდღესვე ყიდულობდა ბილეთს "რომენის" თეატრში , სლიჩენკო კი მისი მეგობარი იყო!
Black Catmeowl
Tbilisi · 1 month ago
love
იყო და რა იყო რა ქვეყნად ბევრი რამ არის ძვირპასი მაგრამ ყველაზე უპრო სიყვარულია ეს ის გრძნობაა რითაცც ცოცხლობს შენი სული სხეული და გული. გული ბევრ რამეს იტევს აქ ინახება შენი ტკივილი სიხარული ბედნიერება შენი წარსული და ოცნებები... ამ ქვეყნად ბევრი გოგო ფიქრობს ალბათ სიყვარული რა ცუდი დამტანჯავი ბედნიერი და ძლიერი გრძნობაა... ყველა ადამიანს დიდსა თუ პატარას ეს გრძნობა სულ თან დაყვება ჩასახვიდანვე სიცოცხლის დასასრულამდე... ალბათ იკითხავთ და თუ მოკვდებით ვის ეყვარებით სიცოცხლეშივე შენ იყავ მარტო მაგრამ ნუ გგონია რომმ შენ ხარ მარტო უბრალოდ ისინი ვერ ამჩნევენ სანამ სიკვდილი მათ არ დაგაშორებს . მე ვიცნობ ერთ გოგოს როგორ ოცნებობს მის ოცნებებში დაეძება იმ რაინდს ზუსტად ისეთს როგორიც ზღაპრებშია და მოვიდოდა და აკოცებდა და დაიხსნიდა საზარელი ურჩხულისგან. პატარა გოგონას ოცნების გარდა სხვა არაფერი დარჩენოდა იგი რეალობაში ბევრ თანჯვას და დამცირებას უძლებდა მისი გული ნელნელა იშლებოდა და ამდენ ტკივილს ვეღარ უძლებდა... მაგრამ მას ყოველთვის სიყვარული გულს უმთელებდა . იგი ეხლაც ფიქრობს მის მეორე ნახევარზე და დაეძებს მთელი მსოფლიოს მაშტაბით ... ვიცი ამ ქვეყნად გგონია რომ შენი მეორე ნახევარი არ გყავს მაგრა არ იცი იგი სად არის ყველა გოგოს ყავს ამ ქვეყნად ბიჭი ზოგიც ისაა ვინ შენ ახლოა როცა გოგონა სამყაროს მოევლინება ესეიგი მას მეორე ნახევარი მოიხმობს ამ ქვეყნად ... როცა უყურებ ზღაპრებს და ანიმაციებს გიყვარდება გამოგონილი პერსონაჟი რომელიც არის ძალიან ლამაზი და ფიქრობ ისევ სად არის ის ბიჭი ვინც შენი მეორე ნახევარია მაგრამ რისთვის არსებობს ოცნება ეს ხომ უსასრულოა... ოცნების უფლება რომ არ გქონდეს მაშინ ცხოვრებას აზრი არ აქვს ... ეს ოცნებაა ზუსტად ის რითიც ცხოვრობ და რაც გაძლევს ძალას რომ შენ შეძლებ ყველაფერს გაუძლო.... გაყენებენ ტკივილს და იტანჯები გინდა სიკვდილი მაგრამ ერთს გეტყვი არ უნდა იტირო რომ შენ ბედი არ გაქ და ცხოვრებამ ესეთი ბედი გარგუნა მაგრამ არ ღირს იტირო მხოლოდ იმისთვის რომ ცხოვრებამ ასე გაგანადგურა პირიქით შენ ამ ცხოვრებას ომი უნდა გამოუცხადო აიტანო ყველაფერი და გაძლიერდე როცა დრო მოვა თვითონვე დაიტანჯებიან ისინი ვინც შენ დაგტანჯა და ბოლოს პატიებას გთხოვენ სიკვდილის ჟამს ბოლო წუთებში და შენც უნდა აპატიო რადგან იმ ქვეყნად დამშვიდებული წავიდეს... უნდა გაიხსენო ცუდი არამედ კარგი იმ ადამიანთან დაკავშირებით ... იცხოვრე შეყვარებულმა სულ სიყვარულით სავსემ თუნდ დაიტანჯო ეს ხომ სიყვარულია ხან გულს გატკენს ხან ბედნიერს გაგდის ... მაგრამ ყველას უნდა მისცე შანსი შეგიყვაროს თუნდ გული გეტკინოს.... და ბოლოს მინდა გითხრათ დიდსა თუ პატარას იოცნებეთ და გიყვარდეთ ეს ხომ ძლიერი გრძნობაა სიყვარულით და ტკივილით აღსავსე და მას სიყვარული ქვია... ეს გრძნობა ბევრნაირია მაგრამ ერთია ყველაზე ძლიერი ჭეშმარიტი სიყვარული და მისი ნაყოფი როცა ორი ადამიანის სული სხეული და გული ერთმანეთს ეკუთვნის და იბადება პატარა ბავშვი ამ სიყვარულის დიდი ნაყოფი !!!:)
Tbilisi Daily
Tbilisi · 2 months ago
Covid-19-სგან გამოჯანმრთელებული პაციენტის ისტორია
ლილე აბსანძე რამდენიმე დღის წინ პირველი საუნივერსიტეტო კლინიკიდან გაწერეს. მანამდე იგი კლინიაში 28 დღის განმავლობაში Covid-19-ს მკურნალობდა. გამოჯანმრთელებული პაციენტი სოციალურ ქსელში აქვეყნებს ინფორმაციას განვლილი დღეების, მისი ფსიქოლოგიური მდგომარეობისა და კლინიკაში არსებული ვითარების შესახებ. უცვლელად გთავაზობთ პოსტს: "მგონი უკვე ყველამ იცით, მაგრამ იმ 139 ადამიანიდან, რომელიც covid19-ისგან გამოჯანმრთელდა, ერთ-ერთი მე ვარ. 28 დღე ვმკურნალობდი პირველ საუნივერსიტეტო კლინიკაში და იქედან საერთოდ სხვანაირ ქვეყანაში გამოვედი. მართალია, ძირითადად ყველანი იმაზე ხართ კონცენტრირებული ვირუსისგან თავი როგორ დაიცვათ, სახლში როგორ დარჩეთ და რა თქვა მარინა ეზუგბაიამ ამ დილით, მაგრამ მაინც მოგიყვებით, რა ხდება როცა კორონა გიდასტურდება და ამ სიგიჟეებს უკვე პალატიდან კითხულობ. აქვე აღვნიშნავ, რომ ამ ტექსტში წერია მხოლოდ და მხოლოდ ჩემი გამოცდილება, წყალგაუვალი სიმართლე ეს არ არის, და რა თქმა უნდა, ყველაზეც ნამდვილად არ ვრცელდება. ჩემი ამბავია მარტო. მე მარტის ბოლოს ერთ-ერთ კლინიკაში ვმკურნალობდი ფილტვების ბაქტერიული ანთებით. საერთო პალატაში შემოიყვანეს პაციენტი, რომელმაც კონტაქტები დამალა (მე ასე ვიცი) და როგორც შემდგომ აღმოჩნდა, კორონავირუსით იყო ავად. 2 დღე ამ ადამიანთან ერთად ვმკურნალობდი პალატაში და შემდეგ სახლში გამწერეს. კიდევ ორი დღის მერე, დამირეკა დაავადებათა კონტროლის ცენტრმა და გადამიყვანეს კლინიკაში. მეორე დღეს ლუგარის ლაბორატორიამ ამიღო ნაცხი ცხვირიდან და ხახიდან და 6 საათში დამიდასრუტდა კოვიდ-19. მოსაყოლად ხო ძალიან მარტივია, მაგრამ მგონი ყველაზე ცუდი დღე იყო ჩემს ცხოვრებაში. სანამ სასწრაფო მოვიდა, 20 წუთი ყვველაფერს განურჩევლად ვჩურთავდი ჩანთებში, თან მეტირებოდა, თან ვიგინებოდი, თან ჩემებს ვუყვიროდი ახლოს არ მოსულიყვნენ და არაფერში დამხმარებოდნენ და თან მარტო იმაზე ვფიქრობდი, რომ რა აზრი აქვს, უკვე ყველას გვჭირს. არ გვჭირდა ყველას, არავის ჭირდა ჩემ გარდა, მაგრამ ეს არც მაშინ ვიცოდი, არც მომდევნო 14 დღე ვიყავი დარწმუნებული და ბოლომდე ახლაც არ მჯერა. დღესაც, დედაჩემს რომ ველაპარაკები მარტო იმას ვუსმენ როგორ სუნთქავს და ხომ არ ახველებს. როგორც მე ვიკონტროლებდი ტემპერატურას ბოქსირებულ პალატაში, ისე ვაკონტოლებდი ოჯახის წევრების ტემპერატურას დისტანციურად და ობსესიურად. მე საშუალოზე ოდნავ მძიმე პნევმონია მქონდა, პლაქვენილიც ვსვი (კანფეტი ნამდვილად არ არის) და ხანდახან ჟანგბადსაც ვიშველიებდი სუნთქვისას. ჩემს შემთხვევაში, ხველა გვიან დაიწყო და არც ისე ძლიერი იყო, არც ტემპერატურა მქონია ძალიან მაღალი. ძირითადი სიმპტომები იყო ვერტიგო, გულის ტკივილი, გულმკერდის არეში ზეწოლა, თავის ტკივილი, დაბალი წნევა, დაბალი სიცხე და იშვიათად სუნთქვის გაძნელება. აქვე კიდევ ერთხელ დავწერ, რომ ვირუსი ძალიან ინდივიდუალურად უდგება ყველას და თუ თავბრუსხვევა იგრძენით, არ არის აუცილებელი კორონა გჭირდეთ მაინცდამაინც. პალატებს აქვს ძალიან თხელი კედლები და პაციენტების ხველება თავისუფლად გესმის, როგორ ელაპარაკებიან ახლობლებს ეგეც გესმის, როგორ ხდებიან უარესად, როგორ გადაყავთ რეანიმაციაში ან როგორ წერენ სახლში. ამიტომ მარტოობის შეგრძნება არ გაქვს, მარტო არ ხარ შარში. რთული ძირითადად ის არის, რომ კუბოებზე მიმების სქროლვა გიწევს ფეისბუქზე, ვიღაცეების დარიგების წაკითხვა რო ,,ნუ აი არ მესმის ეს ხალხი სად დადიოდა", ხშირად კითხულობ სიტყვას "დაუდევრობა" და ზუსტად იცი, რომ შენზე ფრთხილად არც არავინ ყოფილა და არც ახლაა არავინ. ალბათ, ამაზე უფრო დიდი სირთულეა ის, რომ დანამდვილებით არც შენ და არც არავინ იცის რა გჭირს, როგორ მორჩები ამისგან და მერე რა იქნება. მე ჩემმა ექიმმა პირდაპირ მიხრა, რომ ამ დაავადებას მე და შენ ახლა ერთად ვსწავლობთო, თავიდან დავიზაფრე, მაგრამ მალევე ეჩვევი. ეს იმასაც ნიშნავს, რომ როცა დაავადებას შენთან ერთად სწავლობენ, ყველა შესაძლო მხრიდან გაკონტროლებენ. იქ რომ ხარ, პანდემიას არ აბრალებ არავის, იმიტომ რომ სულერთია. მარტო იმ ჩაკეტილი პალატიდან ხედავ, რომ ეს საყოველთაო უბედურება უფრო დიდი რაღაცაა ვიდრე ქალი, რომელმაც კონტაქტები დამალა, იმიტომ რომ არ ჯეროდა, რომ თვითონ შეიძლება რაიმე დამართნოდა, უფრო დიდია ვიდრე რელიგიური დღესასწაული, მამაოების შეგონებებზე უფრო უტიფარია და სტატისტიკაზე უფრო მომაბეზრებელი. მიუხედავად იმისა, რომ ვინც მივლიდა თითქმის ვერავის ვცნობ სახეზე, დიდი, სულისშემხუთავი ეკიპირების გამო, უუუღრმესი მადლობა მინდა ვუთხრა ექთნებს, დამხმარეებს, სანიტრებს და მარინა ექიმს. მთელი ეს პანდემია ყველაზე მეტად მათ აწვება. ჩემხელა და ჩემზე პატარა სტუდენტები ყოველდღე მორიგეობენ და ეკიპირებაში იოფლებიან, არც ძინავთ წესიერად და ისინიც იზოლირებულები არიან ოჯახებისგან. ასევე, მადლობა ვინმე საბას, რომელიც ყველაზე კარგი კურიერია მსოფლიოში და ჩემს მეგობრებს, თბილი სიტყვებისთვის და გემრიელი ამანათებისთვის. თუ ვინმეს დაგიდასტურდათ ვირუსი, შეგიძლიათ მომწეროთ, დამირეკოთ და 24/7-ზე მომიყვეთ რა ხდება თქვენს თავს, რისი გეშინიათ, რა გაიმედებთ, რომელი ანალიზი რამხელა დისკომფოტს იწვევს და ა.შ. ძალიან გამეხარდება ვინმესთვის პატარ-პატარა სასარგებლო გამოცდილებების გაზიარებების საშუალება თუ მექნება. მე პირადად სულ ვეძებდი ეგეთ ადამიანს. P.S " ვაიმე, 37 მაქვს და კორონა ხო არ მჭირს" და მსგავსი ტექსტები შეგიძლიათ არ მომწეროთ, მაგას ადგენს მხოლოდ ტესტი."#კორონავირუსი #პაციენტი #გამოჯანმრთელებული #TbilisiDaily