წალენჯიხა - ნაწილი II

0
XIX საუკუნის 70-იანი წლებიდან წალენჯიხაში საგანმანათლებლო საქმიანობა იწყება. აქ, 1870 წლის აგვისტოს ბოლოს, დღევანდელი წალენჯიხის ტერიტორიზე, გაუხსნიათ რაიონის პირველი სასწავლო - დაწყებითი სახალხო სკოლა. საარქივო მასალებში დაცულია ცნობები იმის შესახებ, რომ წალენჯიხელი მშრომელები აქტიურად მონაწილეობდნენ 1905-1907 წლების რევოლუცოურ მოძრაობაში.
წალენჯიხის ისტორიის საინტერესო ეპიზოდების შემცველია საქართველოს პირველი დემოკრატიული რესპუბლიკის პერიოდი (1918-1921 წლები). სოციალ-დემოკრატების უმრავლესობა თავისუფალი საქართველოსთვის იბრძოდა.
კომუნისტური მმართველობის პერიოდში რაიონმა სახე იცვალა. ჩაის პლანტაციები ათასობით ჰექტარზე გაშენდა და მალე მეჩაიეობა სოფლის მეურნეობის მთავარი დარგი გახდა. განვითარდა ჩაის მრეწველობა. ამ 12-15 წლის წინათ რაიონში მთელი სიმძლავრით მოქმედებდა ჩაის 8 ფაბრიკა, იკრიფებოდა 39 ათას ტონაზე მეტი ჩაის ნედლეული.
რაიონში იყო ღვინის ქარხანა, სასოფლო-სამეურნეო პროდუქტების გადამამუშავებელი საწარმოები, მანქანათმშენებელი და მექანიკური ქარხნები, რომლებიც ამჟამად უმოქმედოა. წალენჯიხის ზემოთ, ჭანისწყლის უმშვენიერეს ხეობაში მდებარეობს შესანიშნავი კურორტი სქური, რომელიც ცნობილია თავისი საუკეთესო თვისებებით, განსაკუთრებით კუჭ-ნაწლავით დაავადებულ ბავშვთა სამკურნალოდ.
ბევრმა წალენჯიხელმა ვაჟკაცმა საქვეყნოდ გაითქვა სახელი დიდ სამამულო ომში. წალენჯიხის რაიონის სოფელ ჯვარის მკვიდრმა, მელიტონ ქანთარიამ გამარჯვების დროშა აღმართა რაიხსტაგზე.
30-იან წლებში წალენჯიხის რაიონის სახსრებით აიგო თვითმფრინავი, სახელწოდებით "წალენჯიხის კოლმეურნე" , რომელიც ხშირად დაფრინავდა წალენჯიხასა და თბილისს შორის, შემდეგ კი გერმანელ ფაშისტებთან ბრძოლაში მონაწილეობდა. ომის შემდგომ წლებში, რაიონში თვალსაჩინო იყო აღმშენებლობითი პროცესი, მაგრამ რუსეთის აშკარად გამოხატულმა იმპერიულმა ზრახცებმა და მოქმედებამ საქართველოში მძლავრ საპროტესტო ეროვნულ-განმათავისუფლებელ მოძრაობას დაუდო სათავე, რაშიც წალენჯიხელებმაც თქვეს თავიანთი სამართლიანი სიტყვა. საქართველოს პირველი პრეზიდენტი, ზვიად გამსახურდია, წალენჯიხელთა ხშირი სტუმარი იყო და მან წალენჯიხისადმი სიყვარული არაერთხელ გამოხატა, როგორც წერილობით, ისე სახალხო გამოსვლებში. "წალენჯიხა საქართველოს სიმბოლოა". - მისი ეს სიტყვები იმის გამო ითქვა, რომ წალენჯიხაც, ისევე როგორც გულმართალი ადამიანების საქართველო, ისევ ქართველების ხელით , განსაკუთრებული სისასტიკით ააწიოკეს და გაძარცვეს 1992-1993 წლებში.
კადრები ძველი ფოტოგალერიიდან:
______________________________________________ სტატიას კითხულობთ მედიაპლათფორმა Feedc-ზე. გამოიწერეთ გვერდი (@jgalani) და თვალი ადევნეთ სიახლეებს. აპლიკაცია ჩამოტვირთეთ მოცემული ბმულიდან: download.feedc.com ______________________________________________
#ისტორია
#წალენჯიხა
#მელიტონქანთარია
წყარო: წიგნი: "კვარაცხელია გვარი და გვარიშვილობა"
0