სადაც შესაძლებელია, რომ რელიგიური რიტუალები აღვასრულოთ სახლში, მოდით ეს გავაკეთოთ სახლში - გახარია

0
http://pirveliradio.ge/index.php?newsid=140475 სადაც შესაძლებელია, რომ რელიგიური რიტუალები აღვასრულოთ სახლში, მოდით ეს გავაკეთოთ სახლში - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, გიორგი გახარიამ ტელეკომპანია „იმედზე“, გადაცემა „ღია ეთერში“ განაცხადა. მისივე თქმით, საბოლოო ჯამში, ჩვენ ამით ვზრუნავთ ერთმანეთზე და ამ ქვეყანაზე. „არ მინდა ახლა დღესასწაულებზე საუბარი, რადგან ჯერ კიდევ სამი კვირაა და ვნახოთ, ფრთხილი ძალიან, ძალიან ფრთხილი, გარკვეული იმედები გვაქვს, რომ სიტუაცია შეიძლება გამოსწორდეს, თუმცა, ეს არ იქნება მარტივი. მე ვუყურებ როგორც ვითარდება ეკლესიის მიდგომაც, თუნდაც ის სტანდარტები და მოთხოვნები, რომელსაც დღეს ეკლესია ადგენს სოციალური დისტანციის ნაწილში. ვიცი, რომ იყო მკაფიო მოწოდებები, რომ საეკლესიო მსახურების დროს, როდესაც ამის საშუალება არ არის ეკლესიის შიგნით, ვიყოთ ეზოში და კიდევ ბევრი რამ, მაგრამ სახელმწიფოს რეკომენდაცია არის აბსოლუტურად ერთმნიშვნელოვანი – გავუფრთხილდეთ ჩვენი მოქალაქის ჯანმრთელობას და სიცოცხლეს, გავითვალისწინოთ ჯანდაცვის სამინისტროს, ისევე როგორც დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის რეკომენდაციები. გავუფრთხილდეთ, რაც მთავარია, ერთმანეთს, მეზობლებს, მეგობრებს, მშობლებს, შვილებს. იქ სადაც შესაძლებელია, რომ რელიგიური რიტუალები აღვასრულოთ სახლში, მოდით ეს გავაკეთოთ სახლში. ეს არის მთავრობის რეკომენდაცია, ეს არის ჩვენი პასუხისმგებლობა, რომ ვიზრუნოთ თითოეული ადამიანის ჯანმრთელობასა და სიცოცხლეზე და არა მხოლოდ მის ჯანმრთელობასა და სიცოცხლეზე, არამედ, მისი ახლობლების და მისი გარემოცვის ჯანმრთელობასა და სიცოცხლეზე. საბოლოო ჯამში, ჩვენ ამით ვზრუნავთ ერთმანეთზე და ამ ქვეყანაზე“, - განაცხადა პრემიერმა.
0