მეგრული სამზარეულოს 3 უმნიშვნელოვანესი კერძი

ByTbilisi Daily
0
განა მხოლოდ ის ფაქტი სძენს სამეგრელოს, ისტორიულ კოლხეთს, აია კოლხიდას, ოქრომრავალი მბრძანებლის აიეტის სამეფოსა და სიბრძნისმაძიებელი არგონავტების მოგზაურობის მთავარ მიმართულებას განსაკუთრებულობას, რომ განსაკუთრებული ბუნებით გამოირჩევა? ის აგრეთვე ცნობილია მრავალფეროვანი და უნიკალური კერძებითაც. მეგრული სამზარეულო გამოირჩევა არა მხოლოდ კერძების მრავალრიცხოვნებით, არამედ მათი შემადგენელი ინგრედიენტების მრავალფეროვნებით. მათი განსაკუთრებულობა მდგომარეობს იმაში, რომ ისინი ერთმანეთთან საოცარ შეხამებას ქმნიან. ადგილობრივი, სამეგრელოს კუთხის სამზარეულოსათვის დამახასიათებელი კერძებია: ღომი, ელარჯი, მეგრული საცივი, ხარჩო, მეგრული ხაჭაპური, ჯურჯანი, კუპატი და მრავალი სხვა. დღეს შემოგთავაზებთ 3 განსაკუთრებულ კერძს, რომლის გასინჯვის შემდეგ ხშირად იფიქრებთ მის კვლავ დაგემოვნებაზე. 1. ფუჩხოლია - „ფუჩხოლია“ მეგრული სიტყვაა და დაფშვნილს ნიშნავს. კერძის მოსამზადებლად იყენებენ რძის ნაწარმს, ჭყინტ ყველს, რომელიც ადვილად იფშვნება. დაფშვნილ ყველს უზავებენ ქინძს, ნივრის სოუსს, წიწაკასა და პიტნას. შეზავებულ მასას ათავსებენ ცხელ ღომში, სადაც ყველი დნობა იწყებს.
ფოტო: Gastronomia.ge 2. მეგრული ჭვიშტარი - კვერი, რომელსაც ყველისა და სიმინდის ფქვილისგან ამზადებენ. ჭვიშტარი უმეტესად დასავლეთ საქართველოში, სამეგრელოსა და სვანეთში გვხვდება. ჭვიშტარის მოსამზადებლად იყენებენ სიმინდის ფქვილს, წყალს, რძესა და ყველს. ჭვიშტარი ფორმით მჭადის მსგავსად ცხვება, თუმცა მათი მომზადების ინგრედიენტები განსხვავებულია. მის მოსამზადებლად სულ რაღაც 30 წუთიც საკმარისია.
3. მისი უდიდებულესობა - ელარჯი. ის მეგრული სუფრის ერთ-ერთი მთავარი კერძია. ელარჯის მომზადების უამრავი რეცეპტი არსებობს, რომელიც ერთი შეხედვით მარტივია. თუმცა, როგორც ამბობენ, ნამდვილ მეგრულ ელარჯს მხოლოდ სამეგრელოში თუ მიირთმევთ. ელარჯი რძის ნაწარმით, ღერღილით და სიმინდის ფქვილით მზადდება. რძის ნაწარმიდან მეგრული სამზარეულოსთვის დამახასიათებელ ყველს, სულგუნს ამატებენ კერძის მომზადების პროცესში. სულგუნი ეხმარება კერძს გახდეს წელვადი და უგემრიელესი ერთიანი მასა. ელარჯის მომზადებას დაახლოებით 40 წუთი სჭირდება. თუკი ყველი უმარილოა, ღომში ყველის ჩამატების შემდეგ ოდნავ მარილი დაამატეთ. ელარჯის თეფშზე მარტივად ამოსაგებად ჩოგანი თითოეულ ჯერზე ცივი წყლით დაასველეთ. სასიამოვნო მირთმევას გისურვებთ! ________________ თქვენ ამ სტატიას კითხულობთ პლატფორმა Feedc -ზე, სადაც შეგიძლიათ გაეცნოთ ჩვენს სიახლეებსა და ბლოგებს.
ფოტო: Gemrielia.ge #GeorgiaDaily #საქართველო #ახალიამბები
ByTbilisi Daily
0