მკურნალობის ეს მეთოდი იეჰოვას მოწმეთათვის მიუღებელია – რას ამბობენ რელიგიურ ორგანიზაციაში

0
https://primetime.ge/mkurnalobis-es-metodi-iehovas-motsmetatvis-miughebelia-ras-amboben-religiur-organizatsiashi/ საქართველოში კორონავირუსით ინფიცირებული პაციენტების მკურნალობის მიზნით გამოჯანმრთელებულის სისხლის პლაზმის გადასხმა იგეგმება. ამის შესახებ რამდენიმე დღის წინ ინფექციური საავადმყოფოს დირექტორმა, თენგიზ ცერცვაძემ განაცხადა. მკურნალობის ეს მეთოდი მიუღებელია იეჰოვას მოწმეთათვის. როგორც ცნობილია, საქართველოში ინფიცირებული პაციენტებიდან ერთ-ერთი სწორედ ამ რელიგიური ჯგუფის წარმომადგენელია. „პრაიმტაიმს“ რელიგიურ ორგანიზაციაში განუმარტეს, რომ ყველა ადამიანი გადაწყვეტილებას დამოუკიდებლად იღებს, თუმცა „ბიბლიური სწავლება იეჰოვას მოწმეებს სისხლის გადასხმას უკრძალავს“. → გაეცანით, თუ რა პოზიცია აქვთ იეჰოვას მოწმეებს სისხლის გადასხმაზე → რატომ არ ისხამენ სისხლს იეჰოვას მოწმეები? „სამეფო დარბაზებში შეკრებები და მთლიანად საჯარო მსახურება შეჩერდა, ასევე კარდაკარ მსახურება და ქუჩაში სტენდებით. სრულად გადავედით ვიდე-კონფერენციებზე. რაც შეეხება სისხლის გადასხმას, ეს თითეული იეჰოვას მოწმის გადასაწყვეტია, სინდისი რის საშულებასაც მისცემს. ჩვენი რელიგიის მიხედვით, ბიბლიური განსწავლულობის მიხედვით ჩვენ სისხლს არ ვისხამთ“, – განუცხადა „პრაიმტაიმს“ იეჰოვას მოწმეთა საზოგადოების წარმომადგენელმა ირაკლი მალაშხიამ. ცნობისთვის: იეჰოვას მოწმეები ქრისტიანული საზოგადოებაა, რომელსაც, 2016 წლის მდგომარეობით, მთელს მსოფლიოში 8 მილიონზე მეტი წევრი ჰყავს. მათგან 18 ათასამდე წევრი საქართველოშია. ორგანიზაციის სათაო ოფისი ამერიკის შეერთებულ შტატებშია, თუმცა ორგანიზაციის წევრები საკუთარ თავს უწოდებენ არა ამერიკულ ორგანიზაციას, არამედ საერთაშორისო რელიგიურ ჯგუფს. სახელი „იეჰოვას მოწმეები“ ბიბლიურია. ბიბლიაში „იეჰოვა“ („იეღოვა“ არასწორი ფორმაა) ღვთის სახელია. იეჰოვას მოწმე „ღვთის შესახებ ჭეშმარიტების მაუწყებელს“ ნიშნავს.
0