თბილისის მერიის თანამდებობის პირები ხელფასის 1/3 covid 19-თან ბრძოლის ფონდში გადარიცხავენ

0
თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის პოლიტიკური თანამდებობის პირები და თბილისის საკრებულოს „ქართული ოცნების“ წარმომადგენლები საკუთარი ყოველთვიური ანაზღაურების მესამედს, სამი თვის განმავლობაში, covid 19-თან ბრძოლის ფონდში გადარიცხავენ - დედაქალაქის მერმა კახა კალაძემ დღეს გამართულ ბრიფინგზე განაცხადა. მისივე თქმით, ისინი საკუთარი შესაძლებლობის ფარგლებში, მაქსიმუმს გააკეთებენ ამ გამოწვევასთან გასამკლავებლად. „მინდა გამოვეხმაურა გუშინ გაკეთებულ განცხადებას და მიღებულ გადაწყვეტილებას, რომელიც პარტია „ქართული ოცნება- დემოკრატიული საქართველოს“ მიერ იქნა გაჟღერებული. ჩვენმა პოლიტიკურმა გუნდმა, პოლიტიკური თანამდებობის პირებმა მივიღეთ ერთობლივი გადაწყვეტილება, რომ მომდევნო სამი თვის განმავლობაში კორონავირუსთან ბრძოლის ფონდში გადავრიცხოთ ჩვენი ხელფასების 1/3. ეს არის ძალიან კარგი და მნიშვნელოვანი ინიციატივა. რაც რა თქმა უნდა, მისასალმებელია. ბუნებრივია, ამ მძიმე სიტუაციაში, როდესაც ჩვენს ქალაქს, ჩვენს ქვეყანას, ჩვენს მოქალაქეებს მხარდაჭერა და სოლიდარობა სჭირდებათ, თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის პოლიტიკური თანამდებობის პირები და ჩემი თანაგუნდელები თბილისის საკრებულოდან, მზადყოფნას გამოვთქვამთ, შევუერთდეთ ამ ინიციატივას და ჩვენი ყოველთვიური ანაზღაურების მესამედი ჩავრიცხოთ კოვიდ19-თან ბრძოლის ფონდში. სამი თვის განმავლობაში, გავიღებთ ჩვენი ყოველთვიური შემოსავლის 1/3-ს კორონავირუსთან ბრძოლისთვის შექმნილ ფონდში. ამასთან, დამატებით, ჩვენ ყველანი, საკუთარი შესაძლებლობის ფარგლებში, მაქსიმუმს გავაკეთებთ ამ გამოწვევასთან გასამკლავებლად. ყოველი ჩვენგანი, ყოველდღიურად შრომობს და იბრძვის ჩვენი თანამოქალაქეების დასახმარებლად, ვისაც დღეს ეს ყველაზე მეტად ესაჭიროება. ჩვენ გვყავს ასეთი ოჯახები და ჩვენ საკმაოდ საინტერესო პროგრამები წამოვიწყეთ და კიდევ ერთხელ მინდა მადლობა გადავუხადო ყველა იმ ადამიანს, ბიზნეს სექტორის წარმომადგენელს, ჩვეულებრივ რიგით მოქალაქეებს, ვინც ჩართულია ამ ღონისძიებებში და ერთად ვეხმარებით იმ ოჯახებსა და ადამიანებს, ვისაც ყველაზე მეტად ჭირდება ჩვენი მხარდაჭერა და თანადგომა“, - განაცხადა კახა კალაძემ. მან ასევე, მოუწოდა მის ყველა თანაგუნდელსა და მხარდამჭერს, ვისაც შესაძლებლობა გააჩნია, შეუერთდეს სოლიდარობის ამ აქტს.
#კორონავირუსი
#მხარდაჭერა
#კახაკალაძე
#სოლიდარობისაქტი
#tbilisidaily
0