რამდენად საშიშია ნაგვის ურნები, რომლებიც ერთჯერადი ნიღბებით და ხელთათმანებით ივსება

0
„მწვანეთა მოძრაობა – დედამიწის მეგობრების“ ხელმძღვანელის, ნინო ჩხობაძის თქმით, საერთაშორისო გაიდლაინების მიხედვით, კარანტინში მყოფილი პირების საყოფაცხოვრებო ნარჩენებს სპეციფიური მართვა სჭირდება. იმ შემთხვევაში თუ პირს კორონავირუსი დაუდგინდა, მისი საყოფაცხოვრებო ნარჩენი B ტიპის სამედიცინო ნარჩენად ითვლება და დადგენილი წესით უნდა განადგურდეს. არაფრით არ უნდა მოხდეს მისი ნაგავსაყრელზე სხვა ნარჩენებთან ერთად მოხვედრა. ეს უცხოური გამოცდილებით, თუმცა ნინო ჩხობაძის თქმით, სულ სხვა რეალობაა საქართველოში. საშიში ნარჩენები „5 ათასზე მეტი ადამიანი გვყავს თვითიზოლაციაში. ჩვენ გავეცანით ბევრი ქვეყნის პროტოკოლს და ხშირ შემთხვევაში, თუ ადამიანი არის კარანტინში, სანამ დაუდგინდება, ან არ დაუდგინდება კორონავირუსი, სთხოვენ მისი საყოფაცხოვრებო ნარჩენი შეგროვდეს ცალკე, ორმაგ პოლიეთილენის პარკში. თუ დაუდგინდა ადამიანს კორონავირუსი, B ტიპის სამედიცინო ნარჩენად ითვლება. ინგლისის პროტოკოლის მიხედვით, თუ კარანტინში მყოფ პირებს, არ დაუდგინდა კორონავირუსი, ეუბნებიან, რომ საყოფაცხოვრებო ნარჩენი 72 საათის შემდეგ გადაყარონ. ასეთი დეტალური პროტოკოლი დღეს ბევრ ქვეყანას აქვს, მაგრამ ჩვენ სამწუხაროდ, არა. ჩვენმა ორგანიზაციამ მოამზადა თხოვნა, სადაც ვამბობთ, რომ თვითიზოლაციაში მყოფმა პირებმა მათი ნარჩენი ცალკე, ორმაგ ცელოფანში შეაგროვონ და თუ არ დაუდგინდათ კორონავირუსი, ხომ კარგი და თუ დაუდგინდათ, დადგენილი პროტოკოლით განადგურდეს“, – ამბობს ნინო ჩხობაძე. „მწვანეთა მოძრაობა – დედამიწის მეგობრების“ ხელმძღვანელი დასუფთავების სამსახურის თანამშრომლებისა და საყოფაცხოვრებო ნარჩენების გადასაზიდი ავტომობილების პრობლემასაც შეეხო. „როცა დასუფთავების სამსახურის თანამშრომლებს არ აქვთ ეკიპირება, ყველაზე დიდი დანაშაულია. პროტოკოლით არ გვაქვს გაწერილი, მაგრამ ამაზე მათ ხელმძღვანელებს უნდა ეფიქრათ. ამ ადამიანებს აქვთ მუდმივი შეხება იმ ნივთებთან, რომლებიც შეიძლება იყოს დავირუსებული. სავალდებულოა რესპირატორებისა და ხელთათმანების გამოყენება, რაც ალბათ, საზოგადოებას იშვიათად უნახავს. გარდა ამისა, საყოფაცხოვრებო ნარჩენების გადამტანი მანქანა, როდესაც შედის და გამოდის პოლიგონიდან, უნდა ირეცხებოდეს, ეს არის ჩვეულებრივი წესი. ასევე, უნდა ირეცხებოდეს კონტეინერებიც. მე რამდენადაც ვიცი, ეს ყოველთვის არ სრულდება. ამიტომ იყო მნიშვნელოვანი, რომ დასუფთავების ყველა სამსახურს უნდა ჰქონოდა თავისი საქმიანი ეზო. სამწუხაროდ ყველას, საქართველოს მუნიციპალიტეტებში ეს არ აქვთ.“- განაცხადა ნინო ჩხობაძემ. როგორ ნადგურდება კარანტინში მყოფების ნარჩენები როგორ ნადგურდება კარანტინში მყოფი ადამიანების საყოფაცხოვრებო ნარჩენები? თუ ხელმძღვანელობს „თბილსერვის ჯგუფი“ რაიმე გაიდლაინით? რამდენად დაცულები არიან დასუფთავების სამსახურის თანამშრომლები კორონავირუსისგან და ხდება თუ არა საყოფაცხოვრებო ნარჩენების გადამზიდი ავტომობილის დეზინფექცია? ამ კითხვებით „თბილსერვის ჯგუფს“ მივმართეთ. შპს „თბილსერვის ჯგუფის“ იურიდიული დეპარტამენტის უფროსის, დავით ჩანქსელიანის განცხადებით, კომპანია ჯანდაცვის სამინისტროს მიერ გაცემული რეკომენდაციებითა და ასევე, მთავრობის დადგენილებით ხელმძღვანელობს. „ჯანდაცვის სამინისტროს მიერ გაცემული რეკომენდაციების შესაბამისად ხდება საყოფაცხოვრებო ნარჩენების შეგროვება და შემდგომში – უტილიზაცია. ასევე, არსებობს საქართველოს მთავრობის დადგენილება ნაგავსაყრელის მოწყობისა და ოპერირების შესახებ წესები. სწორედ ამ დადგენილებისა და ჯანდაცვის სამინისტროს მიერ გაწეული რეკომენდაციების შესაბამისად ხორციელდება ნარჩენების შეგროვება, გატანა და გაუნებელყოფა. რაც შეეხება ჩვენს თანამშრომლებს, რომლებსაც შეხება აქვთ საკარანტინო სივრცეებთან, ისინი სრულად ეკიპირებულები არიან: პირბადე, სახეზე ჩამოსაფარებელი შუშის დამცავი და ხელთათმანები. თბილსერვის ჯგუფში 5 000-მდე ადამიანია დასაქმებული. საგანგებო მდგომარეობის პერიოდში, მუშაობის სხვა რეჟიმში გადავიდნენ ჩვენი თანამშრომლები, რათა ყოველდღიურად არ მოუწიოთ მუშაობა. ვინც მუშაობს, ყველა თანამშრომელი აღჭურვილია პირბადით, ხელთათმანითა და ანტისეპტიკური ხსნარით. რაც შეეხება ავტომობილების დეზინფექციას, საყოფაცხოვრებო ნარჩენების გადამზიდები ირეცხება და მუშავდება სადეზინფექციო ხსნარებით.“- განაცხადა დავით ჩანქსელიანმ
0