თავდაცვის ძალები ზუგდიდში შვიდ პუნქტს აკონტროლებს

0
საქართველოს თავდაცვის ძალების დასავლეთ სარდლობის II ქვეითი ბრიგადა ზუგდიდში შვიდ საკონტროლო გამშვებ პუნქტს 24-საათიან რეჟიმში აკონტროლებს. თავდაცვის სამინისტროს პრესსამსახურის ინფორმაციით, ბრიგადის პირადი შემადგენლობა ქალაქში შემავალი და გამომავალი ყველა სატრანსპორტო საშუალების კონტროლსა და სპეციალურად მოწყობილ ადგილას სადეზინფექციო ხსნარით დამუშავებას უზრუნველყოფს. უწყების ცნობით, სამხედრო სამედიცინო ჯგუფის მიერ კი საგუშაგოებზე მოქალაქეების თერმოსკრინინგი მიმდინარეობს. „ტემპერატურის დადასტურების შემთხვევაში თავდაცვის ძალების წარმომადგენლები შსს-თან კოორდინაციით შეტყობინებას საგანგებო სიტუაციების მართვის ცენტრსა და დასავლეთ სარდლობის მართვის ცენტრში აგზავნიან. ამის შემდეგ კი, მოქალაქე შესაბამის სამედიცინო ცენტრში გადაჰყავთ. დასავლეთ საქართველოში თავდაცვის ძალების დასავლეთ სარდლობის დაქვემდებარებული ქვედანაყოფების მიერ სულ 25 გადაადგილების კონტროლისა და გადაადგილების შეზღუდვის პუნქტია მოწყობილი. თავდაცვის ძალების წარმომადგენლები ზუგდიდის საკონტროლო გამშვებ პუნქტებს საგანგებო მდგომარეობის გამკაცრებული პირობებიდან გამომდინარე, შინაგან საქმეთა სამინისტროს ძალების მხარდაჭერის მიზნით აკონტროლებენ“, - აღნიშნულია თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციაში.
#საქართველო
#ზუგდიდი
#კორონავირუსი
#კოვიდ19
0