0
ეს პოსტი მიხეილ ჯიბუტისგან წამოვიღე. გურულების საზრიანობაზეა და ცოტა იუმორიც ურევია???? ფეისბუკური ჩოხატაურიდან შემატყობინეს, რომ საგანგებო + საკარანტინო + საკომენდატო მდგომარეობას ყველა შეგნებულად უდგება და მაქსიმალურად ცდილობენ "კორონე"-ვირუსის თავიდან არიდების, ამჟამად ყველაზე ეფექტიანი საშუალების - სოციალური დისტანცირების ხერხის - გამოყენებას. თუმცა, იმაზეც მიდის ფიქრი, რომ აღნიშნული მდგომარეობის გამო, რაიმე ისე არ გაფუჭდეს, რომ "ჭირის" გადავლის შემდეგ ვერ გამოსწორდეს. მაგალითად, არ დაავიწყდეთ სიმღერა, ან ცეკვა. ამის საფრთხეს კი 3 -კაცზე მეტის ერთად შეკრების აკრძალვა ქმნის. "შვიდკაცა" როგორ უნდა იმღერო, ან "ხორუმი" როგორ უნდა იცეკვო სამმა კაცმა? ერთ ხმაში მომღერალ ერებს ეს არ აღელვებთ! ან "სალსას" მოცეკვავეებს-დაითრევენ ერთმანეთს და იცეკვებენ ორნი იქამდე ...სანამ არ მოწყინდებათ. გურულებმა -"ეგზოკუციის" დროს, თითო ოჯახში თითო ჩაფარი რომ გვეჯდა, მაშინ შევინახეთ ჩვენი მრავალხმიანობა და ეხლა როგორ წავხდებითო! ადაპტაციის მიზნით გადაუწყვეტიათ ჩოხატაურში სოფლებს შორის შვიდკაცა გუნდების შეჯიბრის მოწყობა. ჩოხატაურის გამგებელი - ირაკლი კუჭავა წინააღმდეგი ყოფილა თავიდან, მაგრამ გუშინდელი შუა-ამაღლებისა და გოგოლესუბნის გუნდების შეჯიბრების ამბავი რომ გაუგია, დღეს თანხმობა განუცხადებია და პრიზიც დაუწესებია -"გვირგვინი" წარწერით - "ამას იმას ობაშიო - 2020". მოკლედ, გუშინ ორი სოფლის საზღვარზე "მოსეიეს ღელის" გაღმა და გამოღმა შეურჩევიათ ერთმანეთთან ყველაზე ახლოსმდგომი (ერთმანეთისაგა მინიმუმ100-200 მეტრის დაშორებით ) სამ - სამი სახლი და შვიდკაცა გუნდი გადაუნაწილებიათ.შუა -ამაღლებლებს ნახევარდღიანი სიმღერა-შეჯიბრის შემდეგ უღიარებიათ გოგოლესუბნელების გამარჯვება და მიულოციათ. მაინც რა იყო გოგოლესუბნელების გამარჯვების მიზეზი? როგორც ამბობენ, გოგოლესუბნელებმა გათვლით აჯობეს შუა-ამაღლებელებს. ჯერ ერთი, მომღერლები (7კაცი) სამ სახლში განალაგეს სისტემით 3:3:1, ხოლო შუა -ამაღლებლებმა, ვითომ მარტო კაცი ცოდვააო და აირჩიეს სისტემა 3:2:2, მეორეც, შუამაღლებლების გუნდი სიხარულიძეების, დოლიძეების, ჯიბლაძეების, ბაბულეიშვილების გვარებიდან არჩეული მომღერლებით , ხოლო გოგოლესუბნის მხოლოდ გოგოლაძეებისაგან ყოფილა დაკომპლექტებული. ამ უკანასკნელის გამო შეხმატკბილება აკლდათ პირველებს, ვერ მიყვებოდნენ ერთმანეთს სიმღერაში! მაგრამ საქმე , მაინც კრიმანჭულს გადაუწყვეტია. გოგოლაძეებს კრიმანჭულის მთქმელი, თანაც სანათესაოში ყველაზე სუსტი მომღერალი, ცალკე სახლში განუწესებიათ. ამ უკანასკნელს, გაბრაზებულს, დამჩაგრეს და მარტო დამტოვესო , ისეთი უკივლია და უკივლია, განსაკუთრებით შეჯიბრის მეექსვე საათს, რომ ორივე სოფელი გარეთ გამოფენილა- ასეთი კრიმანჭული კარგა ხანია ჩოხატაურში არ გაუგიათ! შემდეგ ტურში გოგოლესუბანი გუთურს ხვდება - ეხლა ფიქრობენ 3 კაციანი შეკრების წესის დაურღვევლად როგორ განლაგდნენ სახლებში ხმის მისაწვდენ დისტანციაზე, მით უმეტეს რომ ეხლა სოფლებს შორის ღელე კი არა - მდინარე სუფსაა! p.s.ჯიბუტები არ მონაწილეობდნენ. ჯიბუტები უფრო ცეკვაში არიან მაგრები, მაგრამ იქაც პრობლემებია , სამ -სამად გადიან, დისტანციასაც კი იცავენ, მაგრამ ფინალში დაჭრილ თანამებრძოლს არავინ არ ჰკიდებს ხელს და ეხლა ფიქრობენ რა ხერხით გაიყვანონ ის სცენიდან. "სართულებზე" დგომაც არ გამოდის.თუმცა ცეკვის კონკურსამდე რაიმეს მოიფიქრებენ. თანაც მათი კონკურენტი ყაჭეიშვილები და ზამბახიძეებიც ამზადებენ ჩუმად რაღაცას. კობიძეებისა და სხვების შესახებ ინფორმაცია არ მაქვს.
#goodplaces
0