1920: შსს – დაკავებულია 50-ზე მეტი სპეკულიანტი

0
გაზეთი ერთობა, 1920 წლის 28 სექტემბერი, N219 სპეკულიანტები უკანასკნელ ხანებში გარეშე მტრისაგან ჩვენმა რესპუბლიკამ ცოტა არ იყოს თავისუფლად ამოისუნთქა. მაგრამ სწორეთ უკანასკნელ ხანებში მის ფინანსიურ-ეკონომიურ მდგომარეობას დაეტყო გაუარესება. გარეშე მტერი მოვიგერიეთ, მაგრამ შიგნით გაგვიჩნდა საფრთხე, რომელიც დიდს არევ-დარევას უქადის ჩვენს ქვეყანას. მიზეზი ჩვენი ფულის ნიშნების დაცემისა, რა თქმა უნდა, საერთო ეკონომიურ მდგომარეობაში იმალება, ფულის ნიშნების კურსის განმტკიცება შესაძლებელია მხოლოდ ჩვენი მეურნეობის გამაგრებით, რისთვისაც ერთი და ორი წლის აღმშენებლობა არ კმარა. მაგრამ ის კატასტროფიული, უეცარი დაცემა ჩვენი ბონებისა, რომელიც ამ ორი თვის განმავლობაში მოხდა, ხელოვნური მიზეზებით არის გამოწვეული. ამ ხელოვნურათ შექმნილ მიზეზებთან ბრძოლა ძველი არ არის, თუ კი იცი ის სათავე, ის წყარო, საიდანაც ის გამომდინარეობს. ერთი ამ სათავათეგანია სპეკულიაცია და მასთან დაუნდობელი ბრძოლა ჩვენ უნდა დღიურ წესრიგში დავაყენოთ. ჩვენი მთავრობა კიდევაც შესდგა ამ გზაზე. ბოლო ხანებში მან აღმოაჩინა მრავალი ბუდე სპეკულიაციისა და არა ერთი და ორი ათეული სპეკულიანტი იგდო ხელთ. უტყუარი საბუთებიდან სჩანს, რომ ამ სპეკულიანტებს დიდი ბრალი მიუძღვით ჩვენი ფინანსიურ მდგომარეობის შერყევაში: მათ ხელში ჩაუგდიათ მთელი საზღვარგარეთის ვალიუტა, ფაქტიურათ მისი მონოსპოლისტები გამხდარან და თითონვე უწესებიათ მისი ფასები. ვინც თვალს გადაავლებს დაპატიმრებულ სპეკულიანტების სიას, დაინახავს, რომ მისი შემადგენლობა წმინდა ინტერნაციონალურია, მაგრამ მათ შორის საქართველოს მოქალაქე მხოლოდ 6-7 კაცია, (სულ 50-ზე მეტია დაპატიმრებული) დანარჩები კი სულ უცხო სახელმწიფოებიდან შემოხიზნულებია. ბევრი მათგანი ის პირებია, რომლებიც ჩვენმა რესპუბლიკამ მიიღო იმ დროს, როდესაც ბალშევიკები დენიკინელებს სამხრეთისაკენ მოერეკებოდენ. ჩვენმა რესპუბლიკამ შეიკედლა ისინი, როგორც დევნილნი, სიკვდილისაგან იხსნა ისინი. მაგრამ მადლობის ნაცვლად მათ ჩვენში გააჩაღეს მუშაობა, რომელიც ჩვენს რესპუბლიკას ძირს უთხრის და საშიშ მდგომარეობაში აყენებს. რომ ამ პირების შეპყრობა არ არის შეცდომის ნაყოფი, რომ ჩვენმა მთავრობა ნამდვილათ მიაგნო სპეკულიაციის ბუნაგს, ეს იქიდან სჩანს, რომ მათი შეპყრობის უმალვე ჩვენი ბონების ფასმა ერთბაშათ მაღლა აიწია. გირვანქა სტერლინგი, რომელიც სპეკულიაციის თავისუფლების დროს 6 ათას მანეთად ფასობდა, სპეკულიანტების დაპატიმრების უმალ დაეცა 4000 მანეთამდის და დღეს თანდათან ეცემა. სპეკულიანტების დაპატიმრების წინა დღეს გირვანქა შაქარი 400 მანეთამდის ავიდა, მათ დაპატიმრების მეორე დღესვე ეს ფასი ორჯერ შემცირდა. ეს და მრავალი სხვა ფაქტებიც გვიჩვენებენ, რომ სპეკულიანტების წინააღმდეგ მკაცრი ზომების მიღება ერთ-ერთი დიდი საშუალებათაგანია ჩვენი ფინანსების დაცემის შესაჩერებლათ. ჩვენ მთავრობას გადაუწყვეტია დაპატიმრებული სპეკულიანტების გადასახლება. ჩვენ ვიცით, რომ დაპატიმრებულთა შორის ბევრია ფულიანი და გავლენიანი პირი, ჩვენ ვიცით რომ მრავალი კაცია დაფაცურებული მათ დასახსნელათ და მათ დასატოვებლათ საქართველოს საზღვრებში. მაგრამ ჩვენ დარწმუნებულნი ვართ, რომ ამ საქმეში ჩვენი მთავრობა გამოიჩენს საჭირო სიმტკიცეს და არავითარ სისასტიკის და სიმკაცრის წინაშე არ შედრკება, თუ კი ჩვენი ქვეყნის კეთილდღეობა მოითხოვს ამას. სტატია არქვიდან პირველად განათავსა Civil.ge-მ
0