პლატფორმა სალამი სოლიდარობას უცხადებს ჩაკეტილ ლენტეხს.

0
პლატფორმა სალამი სოლიდარობას უცხადებს ჩაკეტილ ლენტეხს. ამის შესახებ ინფორმაცია გავრცელებულია პლატფორმის ოფიციალურ გვერდზე. " დღეს, 10 აპრილს, საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილებით, ლენტეხის მუნიციპლაიტეტი მკაცრ საკარანტინო ზონად გამოცხადდა. მარნეულის და ბოლნისის მუნიციპალიტეტების მსგავსად, დღეიდან ლენტეხის მუნციპალიტეტის საზღვრებიც ჩაიკეტა დანარჩენი საქართველოსთვის. მიგვაჩნია, რომ აღნიშნული გადაწყვეტილება მიღებულია მუნიციპალიტეტში და დანარჩენ საქართველოში მცხოვრები ადამიანების ჯანმრთელობის დაცვის მიზნით. შესაბამისად, ჩვენ, სალამ-ში გაერთიანებული ახალგაზრდები, ლენტეხის მოსახლეობას სოლიდარობას ვუცხადებთ და მათ მოვუწოდებთ იყვნენ მომთმენნი და დაემორჩილონ სახელმწიფოს მითითებებს. ჩვენი გამოცდილებიდან ვიცით, მალევე მოგეჩვენებათ, რომ სიტუაცია აუტანელია. მალევე, უმუშევრობის გამო, ყოველ წუთას შიმშილობის რეალურ საფრთხეს შეიგრძნობთ. მალევე დაიწერება ბევრი ჯარიმები, რადგანაც მიჩვეული არ ხართ სოციალურ დისტანცირებას. მალევე მოისურვებთ საკარანტინო რეჟიმის გაუქმებას. თუმცა, უნდა იცოდეთ, რომ ეს ყველაფერი არაფერია ვირუსის უმართავ გავრცელებასთან შედარებით. იმ პირობებში, როცა ადამიანების ჯანმრთელობაა სასწორის მეორე მხარეს, ჩვენ შეგნებულად არაფერს ვამბობთ, როცა ჩვენი მძიმე შრომის შედეგად მოყვანილი პროდუქციას ჩალის ფასად ვყიდით. ამას ჩვენ ერთი რამის გამო ვაკეთებთ, ამ მძიმე დროს გამოვკვებოთ ჩვენი ოჯახები და დანარჩენი საქართველოც. ასეთი ან მსგავსი მსხვერპლის გაღება თქვენც მოგიწევთ, ამიტომ ვფიქრობთ, რომ უფრო დავუახლოვდებით ერთმანეთს ცოტა ხანში. თავის მხრივ, ჩვენთან ვინც ვეღარ ვმუშაობთ, ადგილობრივი თვითმმართველობის დახმარებაზე ვართ დამოკიდებულნი. დიდი ალბათობით ასე მოხდება თქვენთანაც. ჩვენ დღეს თვითმმართველობის მადლობელნი ვართ, თუმცა თუ იკითხავთ არის თუ არა ეს საკმარისი, მაშინ გეტყვით, რომ არა. თვითმმართველობის გარდა სხვებიც გვეხმარებიან. ბიზნესმენები, რომლებსაც ერთი სული აქვთ მინიმალური რაოდენობის საჭმელი მოგვიტანონ, შენდეგ კი ეს პროდუქტები და ჩვენი სილუეტები ფონად გამოიყენონ და სელფები გადაიღონ. ჩვენ უკვე ამასაც მივეჩვიეთ. ჩვენთან უკვე პარლამენტის წევრებმა და პოლიტიკოსებმაც დახმარების ხელი გამოგვიწოდეს. მათი ხელგაშლილობის შესახებ სოციალურ მედიაში აქტიურად ვრცელდება სურათები, რომელსაც საკუთარი გაჭირვების ფასად ასპონსორებენ, რათა რაც შეიძლება ბევრმა ადამიანმა დაინახოს მათი გაკეთებული სიკეთე. ჩვენი რჩევა იქნება, რომ ამისთვისაც მოემზადოთ. დღეს ჩვენ თითქოს უკვე მივეჩვიეთ არსებულ მკაცრ საკარანტინო რეჟიმს მარნეულში და ბოლნისში. იმედია, მალევე თქვენც მიეჩვევით. იმედი გვაქვს, რომ მალევე დავამარცხებ ამ ვირუსს და დავუბრუნდებით ცხოვრების ჩვეულ რიტმს. ხოლო პოსტ კორონას პირობებში მარნეულის, ბოლნისის და ლენტეხის ახალგაზრდები გავუზიარებთ ერთმანეთს ამ გამოცდილებას და გავერთიანდებით, რომ მომავალში უფრო ძლიერად, მომზადებულად და სოლიდარულად გავუმკლავდეთ ასეთ კრიზისებს. სალამ-ის სოლიდარობა და თანადგომა ლენტეხს." -აცხადებს სალამის პლატფორმა. აღსანიშნავია, რომ პლატფორმა სალამი არის არასამთავრობო ორგანიზაცია, რომელიც შეიქმნა საქართველოს ეთნიკური / რელიგიური უმცირესობების მიერ .
#ლენტეხი
#სალამი
#მარნეული
#MarneuliDaily
0