0
არ ვიცი რეალური ფაქტია თუ არა, მაგრამ ძალიან მომეწონა, სითბოთი და სიყვარულით გაჯერებული ნოველაა?? "მარიამი დაბადებულა!" - ასეთ დროს აქ რას აკეთებთ, - მისალმების შემდეგ ჰკითხა პოლიციელმა ნიკას. - ალბათ 3000 ლარით დამაჯარიმებთ, ხო? - გაეღიმა ნიკას. - შესაძლოა, - პოლიციელმა თავი წარუდგინა და პირადობის მოწმობა მოსთხოვა, - ხომ იცით, რომ კომენდანტის საათია? - კი, ვიცი, - ნიკამ პირადობის მოწმობა გადასცა წესრიგის დამცველს. - გასაგებია, - პოლიციელმა პირადობის მოწმობას თვალი გადაავლო. - იცით, მე მამა გავხდი ამაღამ, - უთხრა სიხარულით სავსე ნიკამ, - პირველი შვილი შემეძინა და სოფელ მამკოდიდან ფეხით მოვდივარ. - იქაური ხართ? - არა, მაგრამ იქ საქონელი მყავს. - ფეხით რატომ მოდიხართ? - ტრანსპორტი არაა, მე კი მანქანა არ მყავს. ვიფიქრე, ნახალოვკაში პირველ სამშობიარომდე ტაქსით მივალ-მეთქი. არც ტაქსია, არც არავინაა, რომ ხელი დავუქნიო და მანქანის გაჩერება ვთხოვო. - პირველი შვილია? - კი. - ბიჭია? - გოგოა. - გათენებას რატომ არ დაელოდეთ? - ვერ შევძელი. მეუღლის გვერდით უნდა ვიყო. ვერ გავჩერდი. საქონელი მეზობელს ჩავაბარე და წამოვედი. - არ მატყუებთ? - არა, გეფიცებით. პოლიციელი ჩაფიქრდა. - რა ხდება მანდ? - გასძახა პოლიციელს მეწყვილემ. - ეს კაცი ნახალოვკაში მიდის, პირველ სამშობიაროში, - მიუგო პოლიციელმა. - რა სჭირს, ორსულადაა, - იხუმრა მეწყვილემ. - პირველი შვილი შეეძინა, გოგონა. - დავეხმარები, თუ დედაჩემის სახელს დაარქმევს, - საპატრულო პოლიციის მანქანიდან გადმოვიდა მეწყვილე და ნიკასკენ გაემართა. - დედაშენის სახელი რატომ უნდა დავარქვა? - ჰკითხა ნიკამ. - დღეს დედაჩემის დაბადების დღეა, მაგრამ, სამწუხაროდ, რამდენიმე წლის წინ გარდაიცვალა. ჩემს შვილებს მისი სახელი ვერ დავარქვი, რადგან ბიჭების მამა ვარ, ჩემი ძმაც ბიჭების მამაა. არადა დედას კარგი სახელი ერქვა. მოგეწონება. - მაინც რა ერქვა? - დაინტერესდა ნიკა. - მარიამი, - მიუგო მეწყვილემ. - მართლა? - გაუხარდა ნიკას. - კი, მართლა, - თავი დაუქნია მეწყვილემ, - მაგრამ ასე რამ გაგახარა? - იცით, ცხონებული დედაჩემის სახელის დარქმევა მინდოდა ჩემი გოგონასთვის... - მაშინ 300-ლარიანი ჯარიმა არ აგცდება, - თვალი ჩაუკრა მეწყვილემ ნიკას. - საქმე ისაა, რომ ამცდება, - გაეცინა ნიკას. - ვითომ რატომაო? - ჩაეძია მეწყვილე. - იმიტომ, რომ დალოცვილია ღმერთი და სასწაულია განგება მისი. დედაჩემსაც მარიამი ერქვა და დღეს დედაჩემის დაბადების დღეცაა. პოლიციელებს სახეზე გაოცება დაეტყოთ. - მართლა? - ჰკითხა პოლიციელმა და მეწყვილეს ღიმილით გადახედა. - რა თქმა უნდა, - შესძახა ნიკამ. - წავედით სამშობიაროში, - აღმოხდა მეწყვილეს, - არ ვიცი, მართალს მეუბნები თუ მაბოლებ, მაგრამ გული მიგრძნობს, რომ ალალი კაცი ხარ. - მერე ჯარიმა? - ჰკითხა მეწყვილეს პოლიციელმა. - რა დროს ჯარიმაა, ძმაო?! ვერ გაიგე, მარიამი დაბადებულა!... პოლიციელებმა ნიკა საპატრულო პოლიციის მანქანაში ჩაისვეს და სირენების გნიასით დაიძრნენ ნახალოვკისკენ. გელა ბერუაშვილი
#goodplaces
0