აშშ საქართველოს 2 000 სწრაფი ტესტის კომპლექტს გამოუგზავნის

0
http://pirveliradio.ge/index.php?newsid=141341 აშშ საქართველოს 2 000 სწრაფი ტესტის კომპლექტს გამოუგზავნის – ამის შესახებ საქართველოში აშშ-ის ელჩი კელი დეგნანი ვიდეომიმართვაში აცხადებს. ელჩის მიმართვა საქართველოში აშშ-ის საელჩოს ფეისბუქ-გვერდზეა განთავსებული. როგორც კელი დეგნანმა მიმართვაში განაცხადა, საელჩოს თავდაცვის საფრთხის შემცირების სააგენტო გეგმავს 100 000 ლარის ოდენობის პერსონალური დამცავი აღჭურვილობის შეძენასა და ჯანდაცვის სამინისტროსთვის გადაცემას, ასევე ამერიკის შეერთებული შტატები საქართველოს გამოუგზავნის 2000 ერთეული მაღალი ხარისხის სწრაფი ტესტის კომპლექტს, რომელსაც რამდენიმე საათში შეუძლია ვირუსის დადგენა. „დაახლოებით 30 წელია, ამერიკის შეერთებული შტატები და საქართველო ავითარებენ პარტნიორობას, რომელიც ემყარება თანაზიარ ღირებულებებს, საერთო სტრატეგიულ ინტერესებსა და ურთიერთსასარგებლო თანამშრომლობას. როგორც იცით, ამერიკის მთავრობის დახმარების პროგრამებმა ხელი შეუწყო საქართველოს თავდაცვისა და უსაფრთხოების გაძლიერებას, დემოკრატიული ინსტიტუტების მშენებლობას, ეკონომიკური ზრდის წახალისებასა და მოსწავლეებისთვის მაღალი ხარისხის განათლების უზრუნველყოფას. დღეს, როდესაც „კოვიდ-19“-ის პანდემიის წინაშე ვდგავართ, განსაკუთრებით ვამაყობ ამერიკისა და საქართველოს ერთობლივი მიღწევებით საქართველოს საზოგადოებრივი ჯანდაცვის სისტემის გაუმჯობესების კუთხით. ამერიკელმა ხალხმა 140 მილიონი დოლარის დახმარება აღმოუჩინა საქართველოს ძლიერი, მოქნილი და მაღალი ხარისხის ეროვნული ჯანდაცვის სისტემის განვითარებისთვის. „კოვიდ-19“-ით გამოწვეულ საგანგებო ვითარებისას ნათლად ვხედავთ ამ სექტორში ჩვენი მუშაობის სასიცოცხლო მნიშვნელობის შედეგებს“, – ამბობს ელჩი. კელი დეგნანის შეფასებით, საქართველოს ხელისუფლებამ და ქართველმა ხალხმა სწრაფად და ეფექტიანად იმოქმედეს კრიზისის მართვისა და ვირუსის გავრცელების შემცირების კუთხით. „საქართველოს ხელისუფლებამ და ქართველმა ხალხმა ერთობლივი ძალისხმევით, სწრაფად და ეფექტიანად იმოქმედა კრიზის მართვისა და „კოვიდ-19“-ის გავრცელების შემცირების კუთხით. ამერიკის მთავრობის მრავალ უწყებას შეაქვს წვლილი საქართველოს დახმარების საქმეში. ამერიკის განვითარების საერთაშორისო სააგენტომ (USAID), რომელიც აგრძელებს ფართო სპექტრის დახმარების პროგრამების განხორციელებას სოფლის მეურნეობის, განათლების, ბიზნესის განვითარების, დემოკრატიისა და მართლმსაჯულების მიმართულებით, ახლახან გამოცხადა 1.1 მილიონი დოლარის ოდენობის საგანგებო ჯანდაცვის დახმარების პროგრამა „კოვიდ-19“-თან ბრძოლაში საქართველოს მხარდასაჭერად. ახალი დახმარების პროგრამა ხელს შეუწყობს ინფექციის კონტროლსა და პრევენციას, ასევე ვირუსით დაინფიცირების შემთხვევათა იდენტიფიცირებას“, – აღნიშნავს კელი დეგნანი.
0