,,ფეიკ-ნიუსები” და სოციალურ ქსელში ქართველი მედიკოსებისთვის მოპარული იდენტობები

0
გასული საუკუნის ბოლოს ტექნოლოგიების განვითარებამ უზრუნველყო ალტერნატიული ინფორმაციული სისტემის გაჩენა, რომელმაც მომხმარებლებს სრულიად ახალი შესაძლებლობები შესთავაზა. ინტერნეტმა გააფართოვა საკომუნიკაციო პერსპექტივები. მისმა მულტიმედიურმა და ჰიპეტექსტურმა შესაძლებლობებმა ხელი შეუწყო ინფორმაციის მომენტალურ, დროში შეუფერხებელ გადაცემას, მიმდინარე მოვლენებში აუდიტორიის მეტ ჩართულობას, უკუკავშირისა და რეაგირების გაჩენის შესაძლებლობას, თუმცა ახალი მედიის მზარდი პოპულარობის პირობებში ყალბი ინფორმაციის გავრცელებასთან დაკავშირებულმა გამოწვევებმაც მეტი აქტუალურობა შეიძინა. სოციალურმა სივრცემ ნებისმიერ ადამიანს შესაძლებლობა მისცა დროითი და სივრცითი შეზღუდვის გარეშე მიიღოს და გაავრცელოს ინფორმაცია, ეს უკანასკნელი კი შეიძლება იყოს როგორც რეალური და გადამოწმებული ფაქტი, ასევე, ტყული, ჭორი და დეზინფორმაცია, რაც სპეკულაციისა და ფალსიფიკაციის შესაძლებლობას აჩენს. ყალბი ამბები განსაკუთრებული ზიანის მომტანი კრიზისულ სიტუაციებშია და ეს კორონავირუსის პანდემიის პირობებშიც კარგად გამოჩნდა. ინტერნეტითა და სოციალური ქსელებით Covid 19-თან დაკავშირებით ხშირად მიმდინარეობს საზოგადოებრივი აზრის მართვა ფოტო-, ვიდეო- თუ ტექსტური მანიპულაციებით. ვრცელდება მითები, კონსპირაციული თეორიები, ითესება შიში და პანიკა, ამ ყველაფრის კონტროლის რეალური ბერკეტები და მექანიზმები კი არ არსებობს. გარდა ამისა, ფეისბუქში იქმნება ყალბი ანგარიშები იმ მედიკოსების სახელით, რომლებიც დღეს კორონავირუსთან ბრძოლაში ფრონტის წინა ხაზზე დგან. თავდაპირველად სოციალურ ქსელში გამოჩნდა ამირან გამყრელიძის სახელით შექმნილი ფეისბუქგვერდი. ფაქტს დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრი გამოეხმაურა და აღნიშნა, რომ ამირან გამყრელიძე მხოლოდ ცენტრის ოფიციალური გვერდით სარგებლობს, დღეს კი ცნობილი გახდა, რომ მთავრობის ადმინისტრაციამ Facebook-ს ამირან გამყრელიძის სახელით ათობით ყალბი ანგარიში გააუქმებინა. დღესვე ინფექციური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორმა, მარინა ეზუგბაიამ განაცხადა, რომ ფეისბუქში მისი სახელით გამოქვეყნებული ინფორმაციები სიმართლეს არ შეესაბამება. მედიკოსმა საზოგადოებას მოუწოდა, ყურადღება არ მიაქციონ ყალბ ანგარიშებს და განმარტა, რომ თავად სოციალური ქსელით საერთოდ არ სარგებლობს. ფაქტია, რომ ყალბი ანგარიშები ხშირ შემთხვევაში კოორდინირებულად მოქმედებენ, რათა სასურველი მიმართულებით წარმართონ საზოგადოებრივი აზრი და გავლენა მოახდინონ არსებულ სოციალურ-პოლიტიკურ დღის წესრიგზე. არსებობს გონივრული ეჭვი, რომ ამ ყალბი გვერდების მიღმა სწორედ პოლიტიკური ინტერესები იმალება. გარკვეული ჯგუფები ცდილობენ, შეარყიონ ხალხის რწმენა და დააჯერონ მოქალაქეები, რომ ხელისუფლება და ჯანდაცვის სისტემა კორონავირუსთან გამკლავებას ვერ შეძლებენ. ასევე, ყალბი ანგარიშები ცრუ ინფორმაციის გავრცელებით ხელს უწყობენ იმ ადამიანების მარგინალიზებას, რომელთაც დღეს საზოგადოებაში დიდი ნდობა გააჩნიათ. ესენი არიან პაატა იმნაძე, ამირან გამყრელიძე, თენგიზ ცერცვაძე, მარინა ეზუგბაია და სხვანი. აღნიშნული მედიკოსების სახელით ვრცელდება ცრუ იფორმაცია არსებული რესურსების, ეპიდსიტუაციიის, ვირუსის პრევენციისა და მისგან განკურნების მეთოდების შესახებაც. ამგვარად, შეიძლება ითქვას, რომ ე.წ , , ფეიკ ნიუსებისა” და ყალბი ანგარიშების შექმნის უმთავრეს მიზანს საზოგადოებრივი აზრის მანიპულაციის გზით წარმართვა წარმოადგენს. პოლიტიკური ჯგუფები თუ ცალკეული პირები სოციალური ქსელის შესაძლებლობებს არაკეთილსინდისიერად იყენებენ და მიზანმიმართულად ავრცელებენ პროპაგანდისტულ მესიჯებს, რითაც ცდილობენ საყოველთაო დაბნეულობა გამოიწვიონ საზოგადოებაში. უწყვეტ საინფორმაციო ნაკადში მნიშვნელოვანია, მოქალაქეებმა გადაამოწმონ გავრცელებული ინფორმაციის წყარო, ვებგვერდის წარმომავლობა და სანდოობა, რათა უნებლიედ არ გახდნენ კორონავირუსთან დაკავშირებული დეზინფორმაციისა და პროპაგანდის მსხვერპლნი.
#ყალბიანგარიში
#ამირანგამყრელიძე
#მარინაეზუგბაია
#პაატაიმნაძე
#კორონავირუსი
#დეზინფორმაცია
#ფეიკნიუსი
#tbilisidaily
0