ლოცვა

0
ასე იყო: ბებიაჩემი, თეკლათის მონასტერში აღიკვეცა მონაზვნად. მერე, უკვე ღრმად მოხუცი ავად გახდა და მონასტრის წინამძღოლმა სახლში გამოუშვა ბოლო თვეების გასატარებლად. მე ძალიან რელიგიური ოჯახიდან ვარ. დედაჩემის ღამის ლოცვები ახლაც ყურში ჩამესმის და ზეპირად ვიცი. მამიდაშვილი, ვისთან ერთადაც გავიზარდე, დღეს - დეკანოზია. შესაბამისად, სახლში დიდი ხატების კუთხე გვაქვს. იქ, ოზურგეთში. ბებიაჩემს შევთავაზეთ, იმ ოთახში დაწოლილიყო, სადაც ხატებია. მან გვითხრა, იქ დავწვები, სადაც ადრე ვწვებოდიო. სადაც მისი შვილი იწვა ოდესღაც, როცა სიკვდილს ებრძოდა. და დაწვა. ჭერს უყურებდა და ლოცულობდა. ჭერზე მხოლოდ წვიმისაგან მოხატული გაუგებარი ფიგურები მოჩანდა. , , იქ რატომ იყურები? - ვკითხე ერთხელ, ფრთხილად და შიშით - და თან ლოცულობ?" , , ღმერთი იქ არის" - ღიმილით მიპასუხა - ""აი, იმ ფიგურებში. კი, იქ, გვერდით, ხატების ოთახშიც არის ღმერთი და მესამე ოთახშიც, სადაც მხოლოდ ტელევიზორი დგას. ღმერთი ყველგან არის, მთავარია შენ იპოვო და დაინახო. ღმერთი ყველგან არის, სადაც შენ საყრდენს პოულობ" ბებიაჩემი მალე გარდაიცვალა. მაგრამ მას მერე სულ ველაპარაკები ხოლმე და კითხვებს ვუსვამ. პასუხები ზუსტად ვიცი. ახლა ასე მითხრა - ღმერთი დღეს, მათ შორის, ამ თავგანწირულ ექიმებშიცაა. მათ ხელებში და გონებაში. და ჩვენ, შეშინებულ ადამიანებს ასე გვეხმარება. და ექიმები გვეუბნებიან:
#დარჩისახლში
გილოცავთ აღდგომის დამდეგ ბრწყინვალე დღესასწაულს! თქვენი
#გიორგიკეკელიძე
#giorgikekelidze
0