ექიმი კარანტინის დროს

0
თამარ გეგეშიძე თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის ინფექციურ სნეულებათა დეპარტამენტის ასისტენტ-პროფესორი ყველაფერი შეიცვალა. ჩემი რუტინა ერთადერთ ფილმის კადრს ჰგავს, რომელიც შეგიძლია გადაახვიო და სულ ატრიალო. ღამე, ძილის წინ, ყველა პაციენტს გონებაშიც ჩამოვუვლი, ვიხსენებ ვინმესთან რამე ხომ არ გამომრჩა. დილით ისევ ამ ფიქრებით ვიღვიძებ. ეს გონების დაღლა უფროა, ვიდრე ფიზიკური. ფიზიკური დაღლისას წამოწვები და მოდუნდები, მაგრამ გონება როგორ უნდა განტვირთო არ ვიცი. ხანდახან, უბრალოდ, ემოციებისგან დაცლა გჭირდება. სამსახურში ამის დრო არაა. სახლში ჩემი ქმარია, რომელიც მაკვირდება, როდის ვარ ცუდ ხასიათზე და როდის - არა. ეს მისთვისაც დიდი სტრესია. ერთადერთი მრჩება - გზა. სახლიდან სამსახურამდე შორი გზის გავლა მიწევს მანქანით. დღესაც, მაგალითად, მთელი გზა ცრემლები მდიოდა. რაიმე კონკრეტულზე კი არა, უბრალოდ, ემოციებისგან ვიცლებოდი. პირველად covid-19-ის შესახებ დეკემბრის ბოლოს გავიგე, ჩინეთის ამბებიდან. ჯერ სიკვდილიანობის დაბალი მაჩვენებელი იყო, მხოლოდ მისი სწრაფად გავრცელება მაფიქრებდა. ინფექციურ საავადმყოფოში პირველივე დღეებიდან დაიწყო ეპიდემიისთვის მზადება. პირველი დავალება, რაც მივიღეთ ბოქსირებული პალატების მოწესრიგება იყო. შემდეგ სხვადასხვა სცენარებს განვიხილავდით, როდის როგორ შეიძლებოდა მოვქცეულიყავით. ინფექციური საავადმყოფოდან მთელი ჩვენი კათედრა პირველ საუნივერსიტეტო კლინიკაში გადაგვიყვანეს, კოლეგების დასახმარებლად. ჩვენ გვინდოდა, საქართველოში პირველი შემთხვევის დაფიქსირების დრო მაქსიმალურად გადაწეულიყო. დილის რვა საათზე პირველ საუნივერსიტეტო კლინიკაში ვარ. ჩემს საკურაციო განყოფილებაში ოცამდე პაციენტია. სანამ მათთან შევალ, ჯერ ვიგებ ღამემ როგორ ჩაიარა. შემდეგ გავდივარ ცალკე ოთახში და სპეციალურ აღჭურვილობას ვიცვამ. კომბინეზონი, ქუდი, ორი ხელთათმანი, პირბადე, სათვალე. სუნთქვა მიჭირს. ამ დროს ყოველთვის ვოფლიანდები. არც ამ სპეციალურ ქუდებში ისმის კარგად ხმა. ამიტომ პაციენტიც ყვირის, მეც ვუყვირი და ვართ ასე გადაძახილებში. პალატებში დღეში ერთხელ მიწევს შესვლა, მაგრამ ექთნები რამდენჯერმე შედიან. გადასხმა, ტაბლეტების მიღება, ყველაფერს ისინი აკეთებენ. სულ ვამბობდი ამას, მაგრამ ახლა დავრწმუნდი, რასაც ექთნები და სანიტრები აკეთებენ, საქმის 70 პროცენტია, ისინი არიან გმირები - მათ ეკუთვნით ტაშიც. თავიდან ყველას ეშინია. მაგრამ შვიდი-რვა დღის შემდეგ, როცა ატყობენ რომ კარგად არიან, პროტესტის გრძნობა უჩნდებათ, კარგად ვარ და სახლში გამიშვითო. მერე ხელახლა ვუხსნით, რომ სტაბილურობის შენარჩუნებისთვის დროა საჭირო. პაციენტების ოჯახის წევრებს, ძირითადად, ტელეფონით ვეკონტაქტებით. განუწყვეტლივ რეკავენ. ამ დროს ყურადღება არავის აკლია. ჩვენთან ბევრია ისეთი, პაციენტის ოჯახის წევრებიც აქ რომ არიან. ახლა მყავს ორი მამა, რომლებსაც შვილები გვერდით უწევთ. ერთს ცოლი და დედა ჰყავს სხვა სართულზე. ძველ პაციენტებს, ვინც იქამდე მყავდა ტელეფონით და კომპიუტერით ვმკურნალობ. ყველას ვეუბნები, მესიჯი მომწერეთ და საღამოს გიპასუხებთ-მეთქი. რამდენჯერმე მქონია შემთხვევა, მესიჯში ეწერა - ჩვენ არაფერი გვიჭირს, თქვენ რომ მოგვეკითხეთ, ამიტომ გირეკავდითო. ეს ძალიან მამხნევებს. რაც დრო გადის, შეკითხვები უფრო მეტია, ვიდრე პასუხები. ესაა ყამირი, უდაბნო, რომლის ათვისებაც ახლა იწყება. ჩვენ ყველანი ერთად ვეძებთ კანონზომიერებას ანალიზებში, იქნებ რამე დავიჭიროთ. და ყველაზე მეტად მაშინ ვბრაზდები, როცა საღამოს სახლში დაღლილი მივდივარ, ვჯდები ტელევიზორთან და აცხადებენ, რომ კარანტინის რეჟიმის დარღვევისთვის 120 ადამიანი დააკავეს. ამ დროს მინდა, გარეთ გავიდე და მთელი ძალით ვიღრიალო. სულ მინდა ამ ადამიანებს თვალებში ჩავხედო. ნეტავ, რას ფიქრობენ? რატომ ვერ ხვდებიან, რა ხდება ჩვენ გარშემო? ჩემთვის ამ ვირუსზე უფრო მეტად ამოუხსნელი ესაა. მე რისკის მატარებელი ვარ, ამიტომ სახლში მხოლოდ მე და ჩემი ქმარი ვართ. სამსახურიდან რომ მოვდივარ, ის თავის ოთახში იკეტება, დილით ექვს საათზე ვდგები, ყველაფერს ვწმენდ, ვანიავებ. სამსახურში რომ მივდივარ, მერე გამოდის ოთახიდან. ყველაზე მეტად შვილები და შვილიშვილები მენატრებიან. გუშინ ვეღარ მოვითმინე, ჩემი შვილის სახლთან მივედი და ქვემოდან ვეფერებოდი ყველას. ახლა ასეა, ოც ნაცხს რომ ვაგზავნით და ყველაზე პასუხი უარყოფითია, ეგ არის ჩვენი შვება. პაციენტები ჩვენ ვერ გვცნობენ, არ იციან, ვინ ვართ, სულ დაფარული დავდივართ. აქედან რომ წავლენ, შეიძლება ქუჩაში გვერდით ჩავუაროთ და საერთოდ ვერ ვიცნოთ ერთმანეთი. რატომღაც ამაზეც მეფიქრება ხოლმე.
#კორონავირუსი
#ექიმიგმირია
tbilisi თბილისი
tbilisi თბილისი
0