გენიალური წიგნები მოკლედ "ზარმაცებისთვის"

0
1 პლატონი - „სახელმწიფო“ ერთ ჩემს მეათეკლასელ მოსწავლეს ვათხოვე პლატონის “სახელმწიფო” ბაჩანა ბრეგვაძის შესანიშნავ თარგმანში. რამდენიმე ხნის შემდეგ მეუბნება: “მასწ, პლატონს რომ ვკითხულობ, ისეთი გრძნობა მაქვს, რომ ის, რასაც ამბობს, უკვე დიდი ხანია ვიცოდი: ჩემში იყო, მან კი მხოლოდ გამახსენა და უფრო ცხადად დამანახაო”. არ მგონია ჩემი მოსწავლე ერთადერთი იყოს, ვისაც მსგავსი განცდა დაეუფლება ამ დიდი წიგნის წაკითხვის შემდეგ. იგი ეხება ყველაზე მთავარს: რა არის სამართლიანობა? არის თუ არა სამართლიანობა ის პრინციპი, რომელიც თვითმკმარია, რომელიც სხვა რამისთვის კი არ გინდა, არამედ თავისთავადი ღირებულება აქვს, როგორც (პლატონისვე მაგალითი რომ გამოვიყენოთ) ბავშვების თამაშს, რადგან ბავშვები არ თამაშობენ არაფერი გარეშე მიზნისთვის, ან მშობლების შექებისთვის, ან რამე ხელოვნებაში გაწაფვისთვის, არამედ თამაში თავისთავად სასიხარულოა, საკუთარი თავისთვის საკმარისია. არის თუ არა სამართლიანობა ასეთივე რამ? სოკრატეს თანამოსაუბრეებს, კეფალოსის შვილებს, აქვთ კეთილშობილი ინტუიცია, რომ სამართლიანობა სწორედ ასეთი, აბსოლუტური და თვითმკმარი პრინციპი უნდა იყოს, მხოლოდ არ შეუძლიათ ამ ინტუიციის დასაბუთება და მთელი ეს დიალოგი სოკრატეს მცდელობაა ლოგიკურ-დიალექტიკურად დაასაბუთოს ეს, როგორც თავად ამბობს, “ღვთიური განცდა” მის თანამოსაუბრეებში. ამ დიალოგში პლატონი წარმოდგება მთელ თავის დიდებულებაში: სიბრძნით, თავბრუდამხვევი დიალექტიკით, ხალასი და სიცილამდე მიმყვანი, მაგრამ, ამავე დროს, ყოველთვის ფილოსოფიის მიზანს დამორჩილებული ირონიით, მოულოდნელობებითა და პარადოქსებით. ჩვენ ლამის ძვალ-რბილში გვაქვს გამჯდარი, რომ დემოკრატია კარგია; აი “სახელმწიფოს” მერვე თავში პლატონი საპირისპიროს დაგიმტკიცებთ; მიდი და შეეჭიდე, შეეკამათე, ვინ გიშლის, მაგრამ გაფრთხილდი კიდეც: შენს წინ ამ ჭიდილში და კამათში პლატონია, ყოფილი ოლიმპიური ჩემპიონი ჭიდაობაში და ალბათ ყველა დროის ჩემპიონი ფილოსოფიაში. და მაინც, ჭეშმარიტება პლატონზე მეტიცაა, ასე რომ პლატონთანაც უნდა ვიჭიდაოთ!
#2
ჰომეროსი - „ილიადა“ “ილიადა” ალექსანდრე მაკედონელს ბალიშის ქვეშ ჰქონდა ამოდებული ყველგან, სადაც კი მიდიოდა. გარკვეული აზრით, “ილიადა” კაცობრიობის ბალიშის ქვეშ ამოსადები წიგნია. იგი აღწერს ერთ შედარებით მოკლევადიან ეპიზოდს ბერძნებისა და ტროელების ათწლიანი ომისა, კერძოდ ეპიზოდს, როდესაც აქილევსს, ბერძნების მთავარ გმირს, შეურაცხყოფას მიაყენებს ბერძნების მთელი კოალიციის მეთაური, მეფე აგამემნონი. სიმართლე - აქილევსისაა, ძალაუფლება - აგამემნონის, ქარიზმა - აქილევსისაა, სამეფო სტატუსის ღირსება - აგამემნონის, ეს უკვე დიდი დაპირისპირებებია. აქილევსის ღირსება უნდა აღდგეს! რა აზრი აქვს პოლიტიკურ წარმატებას, თუნდაც ომის მოგებას, თუ კონკრეტული ადამიანია უსამართლოდ დამცირებული და შეურაცხყოფილი? ზევსიც, ამ შემთხვევაში, აქილევსს ემხრობა და დროებით, აქილევსის შეურაცხყოფის გამოსწორებამდე, ტროელებს ეხმარება ბერძნებთან ბრძოლაში, რადგან სამართლიანობა მარადიულია, პოლიტიკური წარმატება კი დროებითი. ამ ეპოსში ჩადებულია დიდი სიბრძნე იმისა, რომ მტრობა ადამიანებს შორის არ არის აბსოლუტური, არამედ აბსოლუტურია პატიების უნარი და ის, რომ მტერშიც სრული ადამიანური ღირსების დანახვა და დაფასება შესაძლებელია. ამის გამო მიდის ტროის მეფე პრიამოსი აქილევსთან და თავისი შვილის, ჰექტორის გვამის გამოსათხოვნად მას შვილის მომკვლელ ხელებს უკოცნის, რადგან იცის, რომ აქილევსი უსინდისო არაა და ბერძნობას და პოლიტიკურ კონიუნქტურებს ადამიანობაზე მაღლა არ დააყენებს. ბოლო, 24-ე თავში მტრები - ტროელთა მეფე და ბერძნების მთავარი მებრძოლი - ერთმანეთს უღიმიან, როგორც ოლიმპოელი ღმერთები.
#ლიტერატურა
tbilisi თბილისი
tbilisi თბილისი
0