ერთადერთი ვაჟი ტრაგიკულად დაეღუპა – ტიტების გამყიდველი მიშა პაპას უცნობი ტრაგედია

0
ტიტების გაყიდვისთვის დაჯარიმებული თელაველი პაპა, მოხალისეების მიერ შეგროვილი თანხით, ჯარიმის გადახდას, პროდუქტისა და მედიკამენტების შეძენას აპირებს. 73 წლის მიშა ყარაულაშვილი „პრაიმტაიმთან“ ამბობს, რომ ეს მისი პირველი ჯარიმაა. რას წარმოვიდგენდი 9 ცალი ყვავილისათვის ამხელა თანხას თუ დამაკისრებდნენ“, – ამბობს პენსიონერი. „წლების განმავლობაში ვმუშაობდი მზარეულად, წესიერი კაცის სახელი მაქვს. პოლიციამ პირველად დამაჯარიმა. არ ვიცოდი, თუ ყვავილების გაყიდვა არ შეიძლებოდა“. მიშა ყარაულაშვილმა მისთვის დახმარების მსურველთა ვინაობა არ იცის, თუმცა დარწმუნებულია, რომ მათი რიცხვი დიდია. „კონკრეტული ადამიანები არ ვიცი, მაგრამ მჯერა, რომ ბევრნი არიან. ასეთი დიდი თანადგომა რომ არა, არ ვიცოდი ეს ჯარიმა რითი უნდა გადამეხადა. სამი მცირეწლოვანი და ავადმყოფი მეუღლე მყავს. მეც დიაბეტის რთული ფორმა მაქვს. რაც ტიტები მაქვს, ამ ჯარიმის ნახევარი არ გამოდის სეზონზე“, – ყვება მოხუცი. თელაველ მეყვავილეს ერთადერთი ვაჟი, ტრაგიკულად დაეღუპა. ოჯახში სამი მცირეწლოვანი დარჩა, რომელთაგან ყველაზე უმცროსი 6 წლისაა. პენსიონერი პაპა, საჭირო პროდუქტის შეძენას, სწორედ მათთვის აპირებს. „მითხრეს, რომ სახლში ჯარიმის გადახდის ქვითარს მომიტანენ. დანარჩენი თანხით ბავშვებისათვის პროდუქტსა და შეშას ვიყიდი. მე და ჩემს მეუღლესაც წამლები გვჭირდება. სწორედ მაგიტომ წავიღე ის ტიტებიც, წამლები რომ მეყიდა. მხოლოდ ერთი ლარი მქონდა ჯიბეში და ეს ამბავი შემემთხვა. მადლობა ყველას, სრულიად საქართველოს, ადამიანებს, რომლებმაც ჩემი ობლების გასაჭირი და ჩემი ავადმყოფობა გულთან მიიტანეს. აბა ეს მადლიერება სიტყვით როგორ გამოვხატო“, – თქვა მიშა ყარაულაშვილმა. 73 წლის პენსიონერი პოლიციამ ტიტების გაყიდვისთვის 3000 ლარით დააჯარიმა. ფაქტის გახმაურების შემდეგ, მოხუცის მხარდამჭერი კამპანია სოციალურ ქსელში დაიწყო და ცნობილი გახდა, რომ მისთვის უკვე 10.000 ლარია შეგროვილი.
0