ნიჟარაძე: შესაძლოა, შემდეგი კვირა გვქონდეს კრიტიკული

0
აჭარის ჯანმდაცვის მინისტრის მოადგილე მოსახლეობას აფრთხილებს, რომ შემდეგი კვირა შესაძლოა, კრიტიკული აღმოჩნდეს კორონავირუსის ეპიდემიოლოგიური მართვის თვალსაზრისით. "შემდგომი კვირა შესაძლოა გვქონდეს კრიტიკული, ეს დამოკიდებულია ჩვენზე და ჩვენს ქცევაზე. ეს, რა თქმა უნდა, უკონტროლო ზრდასთანაცაა დაკავშირებული, მაგრამ თუ მოქალაქეები პასუხისმგებლობით მოეკიდებიან იმ საკითხს, რომ ნაკლებად გავლენ ქუჩაში, ნაკლებად ექნებათ კომუნიკაცია, ზრდის ტემპი იქნება უფრო იშვიათი და მართვადი". ნიჟარაძემ თქვა, რომ ყოველდღიურად ასამდე ლაბორატორიული ნიმუში იგზავნება კორონავირუსზე გადასამოწმებლად. დღევანდელი მონაცემებით აჭარაში უკვე 41 ადამიანია გადის მკურნალობას. ეპიდემიოლოგების ვარაუდით, თუ მოქალაქეები მომავალ კვირას სახლში არ დარჩებიან, მათ შორის, წავლენ ეკლესიაში სააღდგომო ლიტურგიაზე, კორონავირუსით დაინფიცირებულთა რიცხვი მკვეთრად გაიზრდება. ბათუმისა და ლაზეთის ეპარქიაში, სააღდგომო ღამის წირვა გადაიდო, თუმცა მრევლს დილის 7 საათიდან ლოცვაზე დასწრება მაინც შეეძლებათ. მეცნიერებისა და ექიმების აბსოლუტური უმრავლესობა ერთხმად ამბობს, რომ სახლში დარჩენა და ვირუსის გავრცელების შენელება ამ ეტაპზე კრიტიკულია.
#დარჩისახლში
#ჯანდაცვა
#კორონავირუსი
#Batumidaily
0