„სიენენი“ საქართველოში მიმდინარე მოვლებზე წერს

0
სიენენი საქართველოს შესახებ სტატიას აქვეყნებს და წერს, რომ ერთი შეხედვით, საქართველომ კორონავირუსთან ბრძოლაში წარმატებას მიაღწია, მაგრამ ახლა მას სერიოზული გამოცდის ჩაბარება მოუწევს. კვირას მართლმადიდებლური ეკლესია აღდგომას ზეიმობს და გავლენიანი ქართული მართლმადიდებლური ეკლესია დიდ საზეიმო ღონისძიებებს გეგმავს, რაც, ჯანდაცვის სფეროს წარმომადგენლების თქმით, შესაძლოა, დამღუპველი აღმოჩნდეს. სტატიაში ასევე აღნიშნულია, რომ საქართველოს ხელისუფლებამ კორონავირსზე რეაგირება ადრეულ ეტაპზე დაიწყო. მთავრობამ სკოლები 29 თებერვალს დახურა, როდესაც ქვეყანაში კორონავირუსის სამი შემთხვევა იყო დადასტურებული. ჯანდაცვის სფეროს ექსპერტებმა სწრაფი რეაგირება სოციალური დისტანცირებისა და სხვა ზომებით გაამყარეს. პარასკევს ამოქმედდა მთელი ქვეყნის ფარგლებში კერძო მსუბუქ მანქანებზე ხუთდღიანი აკრძალვა. ამის მიუხედავად, საქართველოს მართლმადიდებელმა ეკლესიამ დიდწილად უარი განაცხადა ჯანდაცვის უწყების წარმომადგენელთა თხოვნაზე, რომლებიც მოსახლეობას სახლებში დარჩენისკენ მოუწოდებდნენ. ეკლესიები საქართველოში ღია დარჩა და რელიგიური ცერემონიები გააგრძელეს, რაც ექსპერტების თქმით, შესაძლოა, კატასტროფული შედეგების მომტანი აღმოჩნდეს. , , სიენენმა" სტატიაში ხაზი გაუსვა ბზობის დღესასწაულს, და წერს, რომ დღესასწაულის აღსანიშნავად ეკლესიებში ათასობით ადამიანი შეიკრიბა. ეს მსახურება ხელისუფლების მიერ 30 მარტს გამოცხადებული კარანტინის აშკარა დარღვევა იყო, რომელიც სამ ადამიანზე მეტის შეკრებას კრძალავს. „ტრადიციული ეკლესია ამ დრომდე უარს აცხადებს ზიარების წესის შეცვლაზე ეპიდემიოლოგიური საფრთხეების საწინააღმდეგოდ. მორწმუნეები ყოველი საეკლესიო მსახურების წინ რიგში დგანან, რათა ეზიარონ საერთო კოვზიდან. თუმცა ეკლესიის წარმომადგენლები ამტკიცებენ, რომ ტრადიციული პრაქტიკა საზიანო არ არის. ქართველ მორწმუნეებს შორის უკვე არიან კორონავირუსით ინფიცირებულები, კერძოდ, ერთი სტიქაროსანი და ერთი სასულიერო პირი. შექმნილ კრიზისში საქართველოს საპატრიარქოს წინააღმდეგობა კიდევ უფრო აძლიერებს საზოგადოებაში ეკლესიაზე კრიტიკულ შეხედულებებს და ბევრი ქართველი კრიტიკას სოციალურ ქსელებში გამოთქვამს. ამგვარად, ეს აღდგომა ქვეყნისთვის დიდ რისკს წარმოადგენს. თუ აღდგომის აღსანიშნავ საზეიმო ღონისძიებებზე ჯანდაცვის სფეროს წამყვანი წარმომადგენლების მოწოდებების მიუხედავად, ბევრი ხალხი მივა, კორონავირუსის წინააღმდეგ ბრძოლის საქართველოს წარმატება შესაძლოა, კითხვის ნიშნის ქვეშ დადგეს“, – წერია სტატიაში.
#კორონავირუსი
#პანდემია
#სიენენი
#ეკლესია
#tbilisidaily
0