0
გსმენიათ ამბავი ჯიუტ მოხუცებულზე, რომელიც ცოცხალი თავით არ მიდის ექიმთან, მიუხედავად იმისა რომ გული აწუხებს? ის ყოვედღიურად გარჯასა და შრომაშია მამლის პირველივე ყივილზე დგება და მუხლჩაუხრელად მუშაობს მზის ჩასვლამდე, თუმცაღა უკვე მოგახსენეთ, რომ გული აწუხებს. შრომობს რადგან ფიქრობს ესაა საჭირო, რადგან მის გარშემომყოფებს სარჩო არ მოაკლდეს, ფიქრობს ეს მიზეზი კმარა გულის მუდმივი ტკივილის უგულებელსაყოფად. ის არ ჩერდება და რადგანაც ავადაა, მუდმივად შეჭმუხნული შუბლით დაიარება. ის სარგებლიანია გარშემომყოფთათვის, მაგრამ საკუთარი ჯანმრთელობა უყურადღებოდ აქვს მიგდებული, ამიტომაც მუდმივად შეწუხებული და წარბებშეყრილია და მისი შრომა, მიუხედავად მატერიალური სარგებლიანობისა, ბედნიერებას არ ანიჭებს ადამიანებს, რადგან მან საკუთარი თავი გადადო და რასაც აკეთებს, იმით ვერ იღებს ბედნიერებას, რადგან უკვე აღვნიშნე, რომ გული აწუხებს. ერთხელაც, ვხედავ, ჩვეულებრივ შეწუხებული სახით, გადაღლილი მობანცალებს ყანიდან. უცაბედად, არსაიდან გამოვხტი და შევძახე: _ეი, მოხუცო, ბატონო მოხუცებულო (თუ რა ჯანდაბაც უნდა უწოდო, მისი სახელიც არ ვიცი) შეჩერდი! შეჩერდი-მეთქი ერთი წამით, საით მიგეჩქარება ასე გამალებით, რამდენჯერაც თვალს მოგკრავ, სულ სადღაც მიგეჩქარება-თქო. მოხუცი შედგა, წარბები კიდევ უფრო შეყარა და მიპასუხა: _რაღა სად მიმეჩქარება? ათასობით საქმე მაქვს გასაკეთებელი და უამრავი საზრუნავი მაქვსო, მზის ჩასვლამდე მოსასწრები. _გამოდის საჭირო ყოფილხარ მოხუცო, ფრიად სასარგებლო, დამსახურებული მუშაკი, ალბათ გიხარია-მეთქი. (გახარებულს ნამდვილად არ ჰგავდა, წარბებშეყრილი, გაღიზიანებული შემომცქეროდა და გულზე ჰქონდა ცალი ხელი მიჭერილი, რადგან უკვე ათასჯერ მოგახსენეთ, რომ გული აწუხებდა) _რას მიქვიაო სიხარული, ასეაო საჭირო და ასე ვაკეთებო. _ვატყობ გული გაწუხებს მოხუცო, ერთ დღესაც ვეღარ გაუძლებს და მოგინელებს-მეთქი და შენი სარგებელიც მტვერივით გაქრება, ჰაერში გაიფანტება, ვითომც არასოდეს ყოფილა, შენ კი ვინ იცის მატლების საკბილო შეიქნე-მეთქი. გამოვტრიალდი და მდინარის პირას ჩავიცუცქე და რაც მდინარეში ვიხილე... შემზარა! _ თავად ვიყავი ის მოხუცებული! და მე მივხვდი, რომ პირველად ცხოვრებაში საკუთარ თავს დაველაპარაკე, პირველად ცხოვრებაში საკუთარი თავის მდგომარეობით დავინტერესდი, პირველად ცხოვრებაში საკუთარი თავი შევიბრალე და პირველად ცხოვრებაში მინდოდა ბედნიერი ყოფილიყო მოხუცებული. ეს მოხდა ცხრაასი ათწლეულის წინ, მე კი დღეს აქ ვარ, სარკით ხელში მოვსულვარ თქვენთან და მინდა, რომ ჩაიხედოთ ამ სარკეში და დაინახოთ, თქვენი მოხუცებული, დაინახოთ, როგორ ფუსფუსებს ის ყოველდღიურად, მიუხედავად იმისა, რომ გული აწუხებს, დაინახოთ, თუ როგორ ტანჯავს მას შინაგანი ტკივილები და როგორ არ იმჩნევს ამას, დაინახოთ, რომ ის მარტოა, რომ მას და მის გულს თქვენი ყურადღება აკლია, რომ თქვენ თქვენივე თავი მიგიტოვებიათ და ყოველდღიურ აურზაურში ჩართულხართ, სინამდვილეში კი ძალიან გაწუხებთ გული, სინამდვილეში ეს ყველაფერი თქვენ არ გაბედნიერებთ, სინამდვილეში ეს არავის აბედნიერებს. ეს ყველაფერი თქვენ არ განიჭებთ ბედნიერებას, რადგან გული გაწუხებთ, საკუთარი თავის მიტოვებულობა გაწუხებთ, საკუთარი თავის უსიყვარულობა გაწუხებთ და ის ორგანოებს აგიჯანყებთ ხოლმე, რომ როგორმე ყურადღება მიაქციოთ, თქვენ კი ყანაში მიგიჩქარიათ და უგულებელყოფთ საკუთარი სხეულისა და სულის განგაშებს. ჩაიხედეთ სარკეში და მოუსმინეთ საკუთარ თავს, ყურადღება მიაქციეთ, შეიყვარეთ, გულში ჩაიკარით, უთხარით, რომ ყველაფრის მიუხედავად ის დიდებულია, ის სიცოცხლის გამოვლინებაა და იმსახურებს სიყვარულს. ხელი ჩაჰკიდეთ, დრო გამოუყავით, მისი ბავშვური სურვილები აასრულეთ, ნაყინი უყიდეთ ან ამაღლებულ ბორდიულზე ახტომის და იქ სიარულის უფლება მიეცით, აღმოაჩინეთ ამ მოხუცებულში, პატარა, თქვენგან მიტოვებული ბავშვი, რომელსაც თქვენი ყურადღება და სიყვარული სჭირდება და ნუ დაუგდებთ ყურს მოხუცის გაჯიუტებას და სასწრაფოდ უმკურნალეთ, რადგან მისი დაავადება მასაც და გარშემომყოფებსაც უბედურს ხდის და ვერანაირად ვერ არის სარგებლიანი უბედური ადამიანი. და თუ ჩემი არ გჯერათ, მოიძიეთ საყვარელი ადამიანი, მაგალითად დედა და დაეკითხეთ: _ ძვირფასო დედა, მე არ მეპარება ეჭვი შენს მიერ ჩემს სიყვარულში, ამიტომაც მიპასუხე, რომელი გაგაბედნიერებს? ის, რომ წარმატებული ვიყო, კარგი ვიყო, ცნობილი ვიყო, პატივსაცემი ვიყო, სასარგებლო ვიყო, თუ ის, რომ უბრალოდ ბედნიერი ვიყო, იმით, რომ ამ ქვეყანაზე მომავლინეო? ყველა დედის პასუხი იქნება, ბედნიერი იყავი! რადგან ერთადერთი რითაც სასარგებლო ხარ, რითაც წარმატებული ხარ, რითაც ღირებული ხარ და რითაც გარშემომყოფებს ახარებ ისაა, რომ ბედნიერი იყო, რადგან სიყვარული არ ეძიებს თავისას, რადგან სიყვარული უანგაროა, სიყვარული თავის თავში ატარებს უნარს გახადოს საყვარელი ადამიანი ბედნიერი და არაფერი სხვა. ამიტომაც ყური დაუგდეთ საკუთარ თავს, შეიყვარეთ საკუთარი თავი და თქვენ გახდებით ყველაზე ღირებულიც, სასარგებლოც, ყველაზე სასიხარულო სტუმარიც და ყველაზე ძვირფასი მასწავლებელიც. შენ ხარ ღირებული, შენ ხარ სასარგებლო, შენ ხარ ბედნიერი, შენ აბედნიერებ, შენ გიყვარს, შენ უყვარხარ, შენ სამყარო ხარ, შენ თავად ხარ შემოქმედი, როდესაც საკუთარ თავს მოიძიებ და შეიყვარებ. შენ თავად ხარ სიყვარული, მხოლოდ უნდა მოიძიო, გადაჩხრიკო, ყველა სარკეში ჩაიხედო და ყველა ანარეკლს გადაეხვიო, ყველა შენს წარსულ ქმედებასა და აზრს დაუმეგობრდე და აღარ დატოვო მარტო საკუთარი მოხუცებული, შენ ვალდებული ხარ საკუთარი თავი შეიყვარო, რადგან უკვე მილიონჯერ ვთქვი, რომ გული გაწუხებს : )
0