როგორ ცვლის კორონავირუსი ჩვენს ტექნოლოგიურ მომავალს

0
ჩინეთში ეპიდემიის ზრდასთან ერთად სრული კოლაფსი განიცადა ლოჯისტიკამ. ვირუსის მსოფლიოში გავრცელების პარალელურად, როცა პანდემია ყველა ქვეყანას შეეხო და ინფიცირებულთა რაოდენობამ 1 მილიონს გადააჭარბა, ტექნოლოგიური კომპანიებისთვის სიტუაცია კიდევ უფრო გართულდა, რადგან ვითარება არაპროგნოზირებადი გახდა. მიუხედავად ამისა, სატელეკომუნიკაციო და ტექნოლოგიური კომპანიები ადამიანებს უსაფრთხოების და ჯანმრთელობის დაცვაში ეხმარებიან — უფრო ხელმისაწვდომი გახდა ვიდეოკონფერენციების სერვისები, კომპანიები ეხმარებიან მთავრობას ზუსტი ინფორმაციის ეფექტიან გავრცელებაში. გარდა ამისა, პანდემიასთან ბრძოლაში ჭკვიანი ქალაქების ტექნოლოგიების მიმართ ინტერესი სულ უფრო იზრდება. წარმოების ჯაჭვის დარღვევა ჩინეთში დაწყებულმა ეპიდემიამ რეგიონში არსებულ საწარმოებს მნიშვნელოვანი სირთულეები შეუქმნა. საწარმოების თანამშრომლები, როგორც სხვა მოქალაქეები მასობრივად ხვდებოდნენ კარანტინში ან ინფიცირდებოდნენ, რის გამოც მსხვილ კომპანიებს წარმოების შემცირება ან ქარხნების სრული დახურვა უწევდათ. ამან მსოფლიო ბაზარზე სამომხმარებლო ტექნიკის დეფიციტი შექმნა. მაგალითისთვის, Foxconn-ის საწარმოს დახურვამ Apple-ის ტექნიკისა და სათადარიგო ნაწილებზე სერიოზული დეფიციტი გამოიწვია. შედეგად, iPhone-ების გაყიდვების პირველი კვარტლის პროგნოზი 10%-ით შემცირდა. მსოფლიოში სწრაფად ცვალებადი ვითარების გამო მსგავსი უარყოფითი შედეგი ვერც სათადარიგო კრიზისულმა გეგმამ გამოასწორა. გაზრდილი მოთხოვნა 5G ქსელზე 5G ქსელის ელვისებრი სისწრაფე აღნიშნულ ტექნოლოგიას დისტანციური მუშაობის ეპოქაში სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანს ხდის. ტელემედიცინა და ტელეკონფერენცია — ეს ის ორი გამორჩეული დარგია, სადაც სწრაფი და სტაბილური მობილური ინტერნეტის არსებობა ისეთივე აუცილებელია, როგორც უწყვეტი ელ.მომარაგება. აღნიშნული გარემოება კი 5G ქსელის მიმართ, უსაფუძვლო კონსპირაციული თეორიების მიუხედავად, დაინტერესებას მხოლოდ ზრდის. გაზრდილი ინტერესი ვირტუალური რეალობის (VR) მიმართ სამუშაო პროცესის გასაუმჯობესებლად ისეთმა კომპანიებმა, როგორებიც არიან Apple, გუგლი და მაიკროსოფტი, საკუთარი თანამშრომლები სახლიდან მუშაობის რეჟიმზე გადაიყვანეს. მსგავსი შეზღუდვები უამრავ კომპანიაში მოქმედებს, რაც პანდემიასთან ბრძოლის ერთ-ერთი ეფექტური საშუალებაა. თუმცა ეს ცვლილება როგორც მსხვილი, ისე საშუალო და მცირე კომპანიებისთვის სამუშაო პროცესის გართულებას იწვევს, რის მოსაგვარებლადაც მსოფლიოში ვირტუალური რეალობის ტექნოლოგიის გამოყენებას განიხილავენ. VR ტექნოლოგიის გამოყენება პრაქტიკული იქნება ისეთი თათბირების დასაორგანიზებლად, სადაც თანამშრომლებმა შენობის მაკეტი ან სამომავლო პროდუქტის პროტოტიპი უნდა განიხილონ. ე.წ. ჭკვიანი ქალაქების ტექნოლოგიის განვითარებაში ინვესტიციების ზრდა ფოტო: Getty Images მსოფლიო მასშტაბით გაზრდილია მოთხოვნილება ჭკვიანი ქალაქის ტექნოლოგიების მიმართაც. მაგალითისთვის, ცხელების მქონე ადამიანების გამოსავლენად ჩინეთის პოლიცია უპილოტო აპარატების საშუალებით მოსახლეობის თერმო სკრინინგს ახორციელებს. სამხრეთ კორეაში კი თვითიზოლაციაში მყოფი ადამიანებისთვის სპეციალური აპლიკაცია შეიქმნა, რომელიც დისტანცირების მიუხედავად მნიშვნელოვანი ყოველდღიური ამოცანების შესასრულებლად გამოიყენება. ავსტრალიის ხელისუფლებამ სპეციალური ჩატ ბოტი შექმნა, რომელიც მოქალაქეებს კორონავირუსთან დაკავშირებით ზუსტ ინფორმაციას აწვდის, რითაც ხელს უშლის დეზინფორმაციის გავრცელებას. ჭკვიანი ქალაქის გადაწყვეტების უმეტესობა მოქალაქეების ყოველდღიური საქმეების შესრულებას ემსახურება. ასეთი სისტემების ეფექტური მუშაობისთვის კი აუცილებელია ქალაქებსა და დასახლებულ პუნქტებში უზრუნველყოფილი იყოს უწყვეტი და გამართული საკომუნიკაციო და ელ.მომარაგების ინფრასტრუქტურა. Business Insider-ის შეფასებით, ჭკვიანი ქალაქების განვითარებისთვის გამოყოფილი ინვესტიციები 2025 წლისთვის $295 მილიარდ აშშ დოლარს მიაღწევს. იმ შემთხვევაში, თუ ჭკვიანი ქალაქების ტექნოლოგიები პანდემიასთან ბრძოლას უფრო ეფექტურს გახდის, შესაძლოა, მთავრობებმა აღნიშნული ტექნოლოგიები ერთ-ერთ პრიორიტეტულ მიმართულებად მიიჩნიონ. ხელოვნური ინტელექტი კორონავირუსთან საბრძოლველად მსოფლიო ტექნოლოგიური გიგანტები თანხმდებიან, რომ ხელოვნურ ინტელექტს (AI) პანდემიასთან ბრძოლაში უდიდესი წვლილის შეტანა შეუძლია. ხელოვნური ინტელექტი უკვე აქტიურად გამოიყენება ისეთი ამოცანების შესასრულებლად, როგორებიცაა ეპიდემიის გავრცელების პროგნოზირება და შესაძლო სცენარების მოდელირება, ვირუსის დიაგნოსტირება, მკურნალობის პროცესის მონიტორინგი, სამედიცინო საშუალებების მიწოდება, სამედიცინო ინვენტარის სტერილიზაცია, ვირუსის შესწავლა და მისი სამკურნალო საშუალების შემუშავება, ინფიცირებული ან საეჭვო სიმპტომების მქონე ადამიანების იდენტიფიცირება, დეზინფორმაციასთან ბრძოლა და სხვა. ცალსახაა, რომ ხელოვნური ინტელექტი პანდემიასთან საბრძოლველად ერერთი უალტერნატივო იარაღია.
#technology
#tech
#news
#opinion
#photo
#covid19
#coronavirus
0