ქალღმერთის ზოომორფული ატრიბუტები კავკასიურ მითოლოგიაში

0
კავკასიის ხალხთა ტრადიციულ ხელოვნებაში ფართოდაა გავრცელებული ცხოველთა გამოსახულებანი ან მათი საშუალებით შედგენილი კომპოზიციები, რომლებიც არქაულ დროში იღებენ სათავეს და ხალხის კოსმოგონიურ და რელიგიურ რწმენა-წარმოდგენებში პოულობენ ახსნას. გვიანდელი ხანის მითოლოგიები, რომლებშიც მკვეთრად ანთროპომორფული ღვთაებები არიან, შეიცავენ საკმაოდ მნიშვნელოვან ცხოველურ პლასტს. რელიგიის ისტორიიდან ცნობილია, რომ ის ღვთაებები, რომლებსაც ატრიბუტის სახით ახლავს ესა თუ ის ცხოველი, ადრე ამ ცხოველის სახით უნდა ყოფილიყვნენ თაყვანცემულნი. ნაყოფიერების ქალღვთაებასაც გააჩნია როგორც მცენარეული (ვაზი, ია და ვარდი), ისე ცხოველური (გველი, ლომი, ჯიხვი ან ირემი) ატრიბუტები, რომლებიც ხშირად ერთ კომპოზიციას ქმნიან, ზოგჯერ კი ერთმანეთს ენაცვლებიან. დედა ქალღმერთის ცხოველურ სიმბოლოთაგან ერთ-ერთია ირემი ან ჯიხვი (მითოლოგიური სიმბოლოს თვალსაზრისით, ისინი იდენტურნი არიან). სიცოცხლის ხის კომპოზიციაში ასტრალურ ნიშნებთან ერთად ხშირად გვხვდება ეს ცხოველები. კავკასიელთა ფოლკლორში ირემი თუ ჯიხვი ხშირად წარმოდგენილია, როგორც ზებუნებრივი ნიჭის მატარებელი და ღვთაებრივ სამყაროსთან დაკავშირებული არსება. მან ცაზეც კი დატოვა თავისი ნაკვალევი, რომელსაც ხალხში ირმის ნახტომს ეძახიან. მონადირეების მიერ ირმის დევნა ძალზე გავრცელებული და საკმაოდ მნიშვნელოვანი დეტალია კავკასიურ ფოლკლორულ ძეგლებში. სწორედ ირემს მიჰყავს მონადირე საკრალურ ადგილთან (სადაც შეიძლება განძიც ინახებოდეს), რასაც აუცილებლად მოჰყვება არსებითი გარდატეხა არა მარტო მონადირის (მეფის), არამედ საზოგადოების ცხოვრებაშიც. მაღალმთიან რაიონებში ამგვარი თქმულებები ჯიხვს უკავშირდება. ნიშნიანი ჯიხვი ნადირობისა და ნაყოფიერების ღვთაების კუთვნილებაა ან თავად ქალღმერთი იღებს მის სახეს და დამსახურებისამებრ სჯის ან ასაჩუქრებს მონადირეს. ხალხურ სიტყვიერებასა და ხელოვნებაში განსაკუთრებით აქცენტირებული იყო ამ ცხოველთა რქები.
Tbilisi
#news
#art
#photo
#mithology
ავტ.ქეთევან სიხარულიძე
0