ღვთაება ბარბარ-ბარბოლი

0
ხალხურ სიტყვიერებასა და ეთნოგრაფიაში ზოგჯერ თავს იჩენს რელიგიური სინკრეტიზმი, როცა სხვადასხვა რელიგიის ელემენტები ერთმანეთს ერწყმის. ასეთია ღვთაება ბარბალე ანუ ბარბარე. ქრისტიანული ბარბარე ცნობილია, როგორც აღმოსავლური წმინდანი, რომლის სახელი გავრცელდა სხვა ქვეყნებში. ქართული მასალის მიხედვით აშკარაა, რომ ქრისტიანული წმინდანის სახემ შეიფარა ნაყოფიერების ღვთაება, რომლის თაყვანისცემა ყველაზე უკეთ სვანეთში შემორჩა. ბარბოლი (როგორც მას სვანეთში ჰქვია) მსხვილფეხა საქონლის მფარველი ღვთაებაა, შეუძლია მისი გამრავლება და წველის ბარაქის მომატება. რაც ყველაზე უფრო საგულისხმოა, ბარბოლისადმი მიძღვნილ რიტუალებში მონაწილეობდნენ მხოლოდ ქალები, რაც ადრეულ ეტაპზე სწორედ ნაყოფიერების ქალღმერთის _ დიდი დედის კულტის თავისებურებას წარმოადგენდა. შესაწირავს (ყველიან კვერებს ან ხაჭაპურებს) უფროსი ქალი მიართმევდა ხოლმე. ქალღმერთის ატრიბუტებს შეადგენდა კვირისტავის მსგავსი საგნები და რძის პროდუქტების შეზავებული შესაწირავები, რაც მდედრობითი ნაყოფიერების სიმბოლური გამოსახულება იყო. ბარბოლი რომ კერიასაც უკავშირდებოდა, ამაზე მიუთითებს ლიქურაშის დღეობები, რომლებიც ოჯახებში იმართებოდა რიგრიგობით. მონაწილეები შუა ცეცხლის გარშემო დააბამდნენ ფერხულს და ამის მერე გამოეთხოვებოდნენ მასპინძელს. ბარბოლობის უშგულის დღეობები უფრო ფართო მასშტაბის იყო _ სასოფლო, რომელშიც იკვეთება ბარბალეს მიერ მიწის მოსავლიანობის მფარველობა. მას ვაჟიშვილების გამრავლების ფუნქციასაც მიაწერდნენ. დასავლეთ საქართველოში ბარბალობას მეკვლეობა-ფერხობა იცოდნენ, რასაც ოჯახის უფროსი ქალი ასრულებდა. იგი შესაწირავებით ხელში კერის პირას ლოცულობდა მიწის მოსავლიანობისა და ადამიანთა კეთილდღეობისათვის. ბარბალეს სახელი ავადმყოფობასაც უკავშირდება, განსაკუთრებით თვალის სნეულებას. მას შეეძლო როგორც დასჯა ავადმყოფობით, ისე მორჩენა. ამიტომ მის შესაწირავებში იყო სანთლისგან გაკეთებული `თვალის კაკლები~. ბევრი ნიშანი წარმოგვიდგენს ბარბალეს, როგორც მზის ღვთაებას. მზის დაბნელებისას მას მოუხმობდნენ საშველად. ხალხის რწმენით, ბარბალობის მზე სამი დღე გაჩერებულია და მერე უკან ხტება (დღე მატულობს). ცეცხლის დღეობები სვანეთში ბარბალეს სახელზე იმართებოდა. ბარბალობის დღესასწაული დეკემბერში ტარდებოდა (სვანურში დეკემბერს ბარბლაში ჰქვია) და ეს დღე ბედობის დღედ ითვლებოდა.
Tbilisi
Samegrelo-Zemo Svaneti
#mithology
0