სამძიმარი

0
სამძიმარი ანუ სამძივარი (ორივე სახელი გვხვდება ხალხში) ერთ-ერთი პოპულარული პერსონაჟია ხევსურულ მითოლოგიაში. შეიძლება ითქვას, რომ იგი ამ რეგიონში განასახიერებს ნაყოფიერების ქალღმერთს და ბევრი ნიშნით ენათესავება დალს. მითოლოგიური გადმოცემებით, ღვთისშვილებმა დალაშქრეს ქაჯავეთი _ ქაჯთა ქვეყანა, გაანადგურეს იგი ხახმატის გიორგის მეთაურობით. იქიდან წამოიღეს განძი, გამოირეკეს საქონელი და წამოიყვანეს ქაჯის ქალები სამძიმარი (სამძივარი), მზექალი, აშექალი და სიმენქალი. ეს ქალები ღვთაებათა დობილები (ხევს. `მოდეები~) გახდნენ, ღვთაებათა სალოცავების ახლოს დაბინავდნენ და ეხმარებოდნენ მას. ხალხში ამბობენ: `ყველა ჯვარს საკუთრივ ხყვანდა დობილნი. ხევისბერი ასე ახსენებს: და-დობილნო, ციხე-კრის ანგელოზნო, მოლაშქრე და-დობილნო. თუ ჯვრის წინაშე ყმებს ექნებათ უწმინდურობა და არ ასრულებენ ჯვართ შემონათვალს, მაშინ და-დობილნი გაუჩენენ სახადს, წითელას, მიუსევენ მებალინჯეთ. ეს შეიძლება სიკვდილითაც დამთავრდეს~. მათგან ყველაზე უფრო სიცოცხლისუნარიანი სამძიმარი აღმოჩნდა, მის სახელს უკავშირდება მითიური მოთხრობები, სხვებისა კი მხოლოდ სახელები შემორჩა ხალხის ხსოვნას. სამძიმარი, ქაჯის ქალი, ხახმატის გიორგის მოდეა (დობილი), რომელსაც ხალხი ელჩს უწოდებს. როცა ხახმატის ჯვარი თავის საყმოზე განრისხდებოდა, მასთან სამძიმარი შუამავლობდა, `ელჩობდა~. იგი ცდილობდა ღვთისშვილის მოლბობას, რათა მას ეპატიებინა ყმებისთვის შეცოდება და გული მოებრუნებიან მათზე. სამძიმარი იმდენად მნიშვნელოვანი იყო, რომ თითქმის უტოლდებოდა თავის მოძმე ჯვარს. ხახმატის ჯვარში ძირითადად ორ სალოცავს ლოცულობდნენ: ერთი იყო გიორგი ნაღვარმშვენიერი, მეორე _ სამძიმარ-ხელი, ყელღილიანი. სამძიმარი გამწყრალ ჯვარს ევედრებოდა ადამიანის საკეთილდღეოდ და არ მოეშვებოდა, სანამ გულს არ მოულბობდა. ხალხის თქმით, მას `ელჩობა მაუდიოდა~ (ევალებოდა). სამძიმარის მნიშვნელობას ისიც უსვამს ხაზს, რომ ხევსურეთში იგი ყველა ჯვართან გამოჩნდებოდა შუამავლად ანუ დედა ქალღმერთივით ადამიანებს მფარველობდა. სამძიმარი ყველა ნიშნით მატრიარქალურ ქალღვთაებას ჰგავს, რომელსაც თავიდანვე დიდი ძალა და მნიშვნელობა ექნებოდა, თორემ მერე, პატრიარქალურ-გვაროვნული ხასიათის ჯვარ-ხატებთან _ ღვთისშვილებთან ამას ვეღარ მოიპოვებდა და ისევე გაფერმკრთალდებოდა, როგორც სხვა დობილები. მიუხედავად იმისა, რომ სამძიმარი ქაჯავეთიდანაა მოყვანილი, მას ხალხი `ღვთის ნასახს~ ეძახის. ეს ეპითეტი უფრო ძველი წარმოდგენების ნიადაგზე შეიქმნა. ამბობენ, `სამძიმარს დიდ ყელსაბედ სდებივ~. ამ ყელსაბამს, მძივს უკავშირებს ზოგი მეცნიერი ღვთაების სახელს _ სამძივარი (მძივის მქონე). სამძიმარს ტანი მზესავით ულაპლაპებს. ვისაც ის დაუახლოვდებოდა, ყისმათიან-იღბლიანი იყო. მას რამდენიმე მუდმივი ეპითეტი აქვს: ხელი, ყელღილიანი, ქაჯის ქალი. `ხელი~ ხევსურთა განმარტებით მხიარულს, თამამს, კოხტასა და ლამაზს ნიშნავს. მართლაც, იგი მიმზიდველი არსებაა, უყვარს კოპწიაობა, სამკაულების ტარება, თავმანდილის `დაგრუშვნა~. ხალხური ლექსი ასე გვაცნობს სამძიმარს: `მე ვარ ხელსამძიმარიო, მე ვარ ქაჯის ქალიო, ვაჟიერებ ჩემ ღილ-ქამარსაო, ოქროს თმიანი და ოქროს ქოშებიანიო. მაშინ ძლივ მქონდა შაძლებაიო, ვიარებოდი ქალივითაო, ნაოჭიანი ჩავიცვიდიო, ქოქომონ გავაბრიალნიდიო.~ იგი ყოველთვის სატრფიალოდ არის განწყობილი და საცოლე ჭაბუკებს თავბრუს ახვევს. ნაქადაგარი ტექსტების მიხედვით, სამძიმარის მიჯნურთა მთელი წყება სახელდება. ამ სასიყვარულო კავშირით სამძიმარი თავის სატრფოს საშიშროებას არ უქმნის, მაგრამ ასეთ ვაჟებს სხვა ქალთან ქორწინება სამუდამოდ ეკრძალებათ. ოქროსთმიანი და ოქროსქოშებიანი ელჩ-ქალი სატრფოთა სიმრავლეს საამაყოდ თვლიდა. იგი თვითონ ეტანებოდა მამაკაცებს, რასაც დაუფარავად აცხადებდა: `აბულეთაურთ საღირასაო საცოლედ ვეწონებოდიდიო. ჩავეხვივიდი, ჩაუწვიდიო, ძუძუ-მკერდს გამავიხვიდიდიო.~ მაქციობა, გარეგნობის შეცვლა სამძიმარის ერთ-ერთი თვისებაა. იგი სხვა ქალის სახით ეცხადებოდა თავის სატრფოებს, რომლებმაც არც კი იცოდნენ, რომ ქალღვთაებასთან ჰქონდათ ურთიერთობა. ამით ის იცავდა თავისი სასიყვარულო კავშირის საიდუმლოს, მაგრამ როგორც კი გამჟღავნდებოდა მისი არაჩვეულებრივი, არამიწიერი წარმომავლობა, უმალ ტოვებდა იქაურობას. `იმ ჩემსა გადმონაფრინდომსაო, იქავ აჩნიან ნაკოჭვარნიო~, არის ნათქვამი ერთ ლექსში. ხევსურულ ყაიდაზე გამოწყობილი სამძიმარი ხორციელი ქალის სახეს იღებდა, ამიტომაც ცდებოდნენ შეყვარებული მამაკაცები. მასაც იზიდავდა სარძლოს როლში გამოსვლა და დიასახლისობაზეც არ ამბობდა უარს. სოფელ ბუჩუკურთაში უცხოვრია ვინმე ხოლიგას, რომელიც უცოლო ყოფილა და არც ჰქონია ქორწინების ნება, რადგან მასთან სამძიმარს უცხოვრია ხორციელი მეუღლის ჯუათ ელენეს სახით. რძალს ერთხელ დედამთილისთვის მასანთო-ხმიადების გამოცხობა უთხოვია სამგზავროდ. თვითონ გაიკეთეო, უთქვამს დედამთილს. სამძიმარი საქმეს შეუდგა, თითის ერთი ჩაკვრა ერბოთი დიდი ქვაბი ხავიწი მოუხარშავს. ამ სასწაულით გამჟღავნდა მისი ვინაობა და ისიც საჩქაროდ გაფრინდა. სამძიმარის ერთი შეხებაც კი ამრავლებს პროდუქტს, რაც მის ნაყოფიერების უნარზე მეტყველებს. ნაწველ-ნადღვების (ე. ი. რძის პროდუქტის) უბარაქობისა და საქონლის ზარალის შემთხვევაში ხევსური ქალები სამძიმარს ევედრებოდნენ. ქაჯავეთიდან წამოყვანილ საქონელსაც სამძიმარი და მისი დობილები მწყემსავდნენ. სამძიმარს ევედრებოდნენ უშვილო ქალები და მექორწილეებიც მისთვის ამზადებდნენ სპეციალურ პურებს, რადგან იგი ბედის გამრიგეც იყო.
Tbilisi
#mithology
#art
#photo
0