BBC: კორონავირუსით გამოწვეული „პოლიტიკური დრამა“ თურქეთში

0
ქვეყნის ტერიტორიაზე, კორონავირუსით ინფიცირების შემთხვევები რაოდენობით თურქეთმა ჩინეთსა და ირანს გადაასწრო. აღნიშნულის მიუხედავად, ეკონომიკური კოლაფსის საფრთხის გამო, თურქეთის ხელისუფლება საყოველთაო კარანტინს ჯერჯერობით არ აცხადებს. COVID-19-ის გავრცელების პარალელურად მნიშვნელოვანი მოვლენები ვითარდება შიდა პოლიტიკურ ასპარეზზე - კრიტიკული პუბლიკაციების გამოქვეყნების გამო ჟურნალისტებს აკავებენ, ხოლო პარლამენტის დეპუტატები სოციალურ ქსელებზე მეტი შეზღუდვების დაწესებას ითხოვენ. პანდემიური მდგომარეობის შესახებ პირველადი საფრთხე თურქეთში ჯერ კიდევ თებერვლის ბოლოს, მეზობელ ირანში კორონავირუსის სწრაფი გავრცელების დროს იგრძნეს და ისლამურ რესპუბლიკასთან მალევე ჩაიკეტა საზღვრები. თურქეთში 11 მარტს დაფიქსირდა COVID-19-ით ინფიცირების პირველი შემთხვევა, მაგრამ ადგილობრივმა ჯანდაცვის მინისტრმა ფაჰრეთინ ქოჯამ არასათანადოდ შეაფასა არსებული საფრთხე. „კორონავირუსი არ არის იმ შესაძლებლობების და მასშტაბების, რომ თურქული სახელმწიფოს მიერ მიღებული ზომების გადალახვა შეძლოს“, - განაცხადა ქოჯამ თავდაპირველად, მაგრამ მალევე, 23 მარტს აღიარა, რომ ეპიდემიამ მთელი ქვეყნის ტერიტორია მოიცვა. 10 აპრილს დაწესდა საკარანტინო რეჟიმი თურქეთის 31 ქალაქში, მათ შორის სტამბოლსა და ანკარაში. ამ მოულოდნელმა გადაწყვეტილებამ სრული ქაოსი და „პოლიტიკური დრამის“ განვითარება გამოიწვია ქვეყანაში - ხელისუფლების მიერ კარანტინი 9 აპრილს გამოცხადდა, 2 საათით ადრე, მის კანონიერ ძალაში შესვლამდე, სტამბოლისა და ანკარის მერები კი მის შესახებ გაფრთხილებულები არ იყვნენ, რასაც პანიკა და დაბნეულობა მოჰყვა. ქაოტურ სიტუაციას ქუჩებში არეულობა და დაპირისპირებები მოჰყვა, რის შემდეგაც ადგილობრივი შს მინისტრი სულეიმან სოილუ გადადგა, მაგრამ ერდოღანმა იგი დაკავებულ პოსტზე დააბრუნა. კარანტინის გამოცხადების პირველ დღეს სტამბოლის მაღაზიებსა და მარკეტებს, სურსათის და სხვა პროდუქციის მოსამარაგებლად, მხოლოდ ოფიციალური მონაცემებით 270 000 ადამიანი ეწვია. თურქეთის ეკონომიკური რეცესია ჯერ კიდევ 2019 წლის გაზაფხულზე დაიწყო, როგორც ლირისა და საფონდო ბირჟის ღირებულების დაცემის, ასევე საპროცენტო განაკვეთებისა და ინფლაციის ზრდის გამო. ადგილობრივი ოპოზიცია თვლის, რომ აღნიშნულის მიზეზი ნეპოტიზმია - ქვეყნის ფინანსურ პოლიტიკას გასაზღვრავს ფინანსთა მინისტრი, პრეზიდენტის სიძე (ერდოღანის უფროსი ქალიშვილის ქმარი) ბერათ ალბაირაქი. უთანასწორობას და ეკონომიკურ კრიზისს თან ახლავს კონკურენცია ცენტრალურ და ადგილობრივ ხელისუფლებებს შორის. ანკარისა და სტამბოლის მერები ოპოზიციური პარტიების წარმომადგენლები არიან. თურქეთის ძალოვანი ორგანოები მკაცრ პოლიტიკას ატარებენ სოციალურ ქსელების მომხმარებელთა მიმართ. უკანასკნელი თვის მანძილზე, პოლიციამ 3 500 „პროვოკაციული“ პუბლიკაცია გამოაქვეყნა კორონავირუსის თემასთან დაკავშირებით და 616 ერთეული სისხლის სამართლის საქმე აღძრა კონკრეტული პირების მიმართ. განხორციელებული ღონისძიებების შედეგად დააკავეს 229 ადამიანი, რომელთა შორის ჟურნალისტებიც არიან. წყარო: Coronavirus in Turkey: lines, arrests and political drama (20.04.2020), www.bbc.com სტატია მომზადებულია რატი ერისთავის მიერ.
#Coronavirus
#Turkey
#Economy
#headline
Turkey
0