თუ პიკი იქნება, მსუბუქ პაციენტებს სახლში მკურნალობა მოუწევთ - ინფექციონისტი

0
http://pirveliradio.ge/?newsid=141894 კორონავირუსით გამოწვეულ პიკს სპეციალისტები დაახლოებით 10 დღეში ელოდებიან. ინფექციონისტების თქმით, პანდემიის პიკის დაწყებას ბევრი გართულება მოყვება. მათი თქმით, პაციენტების რაოდენობას კლინიკები ვეღარ დაიტევს და ექიმები იძულებულები გახდებიან პაციენტების გადარჩევა დაიწყონ. ინფექციონისტების განმარტებით, ამ ეტაპისთვის ყველა პაციენტს სტაციონარში შესაბამის მკურნალობას უტარდებათ, პიკის დროს კი, მსუბუქი პაციენტები მკურნალობას სახლის პირობებში განაგრძობენ. ექიმები მოსახლეობას, კვლავ სახლში დარჩენისა და რეკომენდაციების სრული დაცვისკენ მოუწოდებენ. როგორც ინფექციური საავადმყოფოს ბოქსირებული განყოფილების ხელმძღვანელი მარინა ენდელაძე აცხადებს, საჭიროა არსებული ღონისძიებების გაგრძელება. „ორი-სამი კვირის წინ ვამბობდით ორ-სამ კვირას. გასაგებია, მიღებულმა ღონისძიებებმა გამოიღო შედეგი. თუ გავთამამდით, რომ ბევრი აღარ არის და შევჩერდეთ - არა. ჯერჯერობით, ისევ საჭიროა ამ ღონისძიებების გატარება. ვფიქრობ, იქნებ გადავრჩეთ, მაგრამ მაინც იქნება მატება“, - განაცხადა ენდელაძემ. ინფექციონისტი თამარ სოკოლავა კი მიიჩნევს, რომ შესაძლოა, გარკვეულ ეტაპზე, კორონავირუსით ინფიცირებულ მსუბუქ პაციენტებს სახლში მოუწიოთ მკურნალობა. „პიკს ერთ კვირაში ან 10 დღეში შეიძლება ველოდოთ. თუმცა, ეს ბოლო პერიოდი იყო პიკივით, რადგან დღეში 30-34 პაციენტი გყვავდა. თუ პიკი იქნება, რაოდენობა პაციენტების აღემატება საწოლების რაოდენობას და მსუბუქ პაციენტებს მოუწევთ სახლში იმკურნალონ, ხოლო მძიმე პაციენტები გააგრძელებენ სტაციონარში მკურნალობას“, - აცხადებს სოკოლავა.
0