ეკონომიკის მინისტრი მიხეილ სააკაშვილის ინიციატივას გამოეხმაურა

0
ეკონომიკის მინისტრის, ნათია თურნავას შეფასებით, მიხეილ სააკაშვილის განცხადება მთავრობის დროებით წარმომადგენლად დანიშვნასთან დაკავშირებით, პოპულისტური და არასერიოზულია. მინისტრის თქმით, საქართველოს ხელისუფლებამ საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტებიდან, დონორებიდან და საერთაშორისო სავალუტო ფონდიდან უპრეცედენტო მხარდაჭერა მოიპოვა. თურნავამ აღნიშნა, რომ წლების განმავლობაში ეკონომიკური რეფორმების ეფექტური განხორციელების გამო საქართველო ერთ-ერთი პირველი ქვეყანა გახდა მსოფლიოში, ვისთანაც პანდემიის პერიოდში სავალუტო ფონდმა თავისი პროგრამა განაახლა. ეკონომიკის მინისტრის შეფასებით, სავალუტო ფონდის გადაწყვეტილება იყო ე.წ. „მწვანე შუქი“ სხვა დონორებისთვის, რომლის შედეგადაც, საქართველომ გლობალური პანდემიის და მასთან დაკავშირებული ეკონომიკური გამოწვევების მიუხედავად, საერთაშორისო დონორებისგან ჯამში 3 მლრდ აშშ დოლარის ფინანსური რესურსის მობილიზება მოახდინა. ნათია თურნავამ ისაუბრა წინა ხელისუფლების გამოცდილებაზეც და აღნიშნა, რომ მათ მიერ 2008 წელს 4 მლრდ-ის ოდენობის სესხი მოზიდვა ბევრს არაფერს არ ნიშნავდა, ვინაიდან 2008 წელს მსოფლიო დღევანდელი მასშტაბის ეკონომიკური კრიზისის წინაშე არ მდგარა. თურნავას განცხადებით, დღეს არსებული გლობალური პანდემია, რომელიც დაკავშირებულია მსოფლიოში ეკონომიკური აქტივობის მასობრივ ლოქდაუნთან, აბსოლუტურად არაპროგნოზირებადია როგორც დროის, ასევე შედეგების თვალსაზრისით, შესაბამისად თითოეული დოლარის უცხოური დახმარების მოზიდვა გაცილებით მეტ ძალისხმევას საჭიროებს. შეგახსენებთ, რომ გუშინ ექს-პრეზიდენტმა, მიხეილ სააკაშვილმა საქართველოს მთავრობას ინიციატივით მიმართა, რომ რომ ქვეყანაში საერთაშორისო დახმარების ჩამოსატანად მას ხელისუფლების დროებითი წარმომადგენლის სტატუსი მიენიჭოს. სააკაშვილის განცხადებით, იგი მზადაა აშშ-ს, ევროპული სახელმწიფოებისა და სერთაშორისო ორგანიზაციების ლიდერებთან მოლაპარაკებები აწარმოოს და საქართველოს ეკონომიკური კრიზისის დაძლევაში დაეხმაროს.
#ნათიათურნავა
#ეკონომიკა
#მხარდაჭერა
#სააკაშვილი
#მთავრობა
#დონორი
#tbilisidaily
0