Radio liberty: აშშ-მ ბელარუსში წარსაგზავნი ელჩის კანდიდატურა დასახელდა

0
ბოლო პერიოდში ბელარუსსა და შეერთებულ შტატებს შორის ჩამოყალიბებული პოზიტიური ურთიერთობების ფონზე, აშშ-ის ხელისუფლებამ, ამ სახელმწიფოში წარსაგზავნი ელჩის კანდიდატურა დაასახელა. მანამდე, ათწლეულზე მეტი ხნის მანძილზე, ამერიკას არ ჰყავდა მისი ოფიციალური წარმომადგენელი მინსკში. პრეზიდენტ დონალდ ტრამპის 20 აპრილის განცხადებით, აღნიშნულ პოსტზე კარიერული დიპლომატი ჯული ფიშერი (Julie Fisher) არის ნომინირებული, რომელიც აქამდე სახელმწიფო დეპარტამენტში ევროპის მიმართულებით მუშაობდა. ფიშერი მანამდე დიპლომატიურ მისიებს ასრულებდა ჩრდილო-ატლანტიკურ ალიანსში (ნატო), ასევე მსახურობდა საქართველოში, უკრაინასა და რუსეთის ფედერაციაში. კორონავირუსული პანდემიის ფონზე ჯერჯერობით უცნობია, თუ როდის დაიწყება მისი კანდიდატურის განხილვა სენატში. შეერთებულმა შტატებმა 2008 წელს გაიწვია ელჩი მინსკიდან, როდესაც ბელარუსის ავტორიტარი პრეზიდენტი ალექსანდრ ლუკაშენკო ამ სახელმწიფოში აშშ-ის დიპლომატიური წარმომადგენლობის შემცირების მოთხოვნით გამოვიდა. ვაშინგტონ-მინსკის ურთიერთობები 2006 წელს, მას შემდეგ გაუარესდა, რაც შეერთებულმა შტატებმა ამავე წელს ბელარუსში ჩატარებული საპრეზიდენტო არჩევნების დროს წარმოშობილი პოლიტიკური კრიზისისა და ქვეყნის ტერიტორიაზე ადამიანის უფლებების უხეში დარღვევის გამო, ლუკაშენკოს ხელისუფლებას სანქციები დაუწესა. მას შემდეგ, ორივე სახელმწიფოს საელჩოებში მხოლოდ მოვალეობის შემსრულებელი დიპლომატები იყვნენ წარმოდგენილები. 1994 წელს, ბელარუსში მაღალი რანგის ამერიკელი დიპლომატის პირველი ვიზიტის შემდეგ, აშშ-ის სახელმწიფო მდივანი მაიკ პომპეო მიმდინარე წლის თებერვალში ესტუმრა დედაქალაქ მინსკს, სადაც შეხვედრა გამართა პრეზიდენტ ლუკაშენკოსთან. შეხვედრაზე პომპეომ ხაზგასმით აღნიშნა, რომ ოფიციალური ვაშინგტონს ამ სახელმწიფოსთან მეტი კავშირების ჩამოყალიბება სურს. აშშ-ბელარუსის ურთიერთობები მას შემდეგ წამოიწია წინა პლანზე, რაც ოფიციალურმა მინსკმა მეზობელ რუსეთთან, ფართო პოლიტიკური და ეკონომიკური დამოკიდებულების საპასუხოდ ბალანსის დაცვა გადაწყვიტა და დასავლეთთან მჭიდრო კავშირების განვითარების სურვილით. შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივნის მიერ თებერვალში გაკეთებული განცხადებით, ოფიციალურ ვაშინგტონს აქვს სურვილი ადგილობრივ ხელისუფლებას სუვერენული სახელმწიფოს მშენებლობაში დაეხმაროს. პომპეოს თქმით, მხარდაჭერა გაგრძელდება როგორც ადამიანის უფლებების დაცვასთან დაკავშირებული რეფორმების, ასევე ეკონომიკური ურთიერთობების განვითარების მიმართულებით. შესაბამისად, აშშ მზადაა ბელარუსში ნავთობის ექსპორტიც განახორციელოს, იმ ფონზე, რომ ოფიციალური მინსკი მოსკოვთან ბუნებრივი რესურსების ფასზე შეთანხმებას ამ დრომდე ვერ ახერხებს. ბელარუსსა და რუსეთს შორის ენერგორესურსების იმპორტის ფასზე დავა მიმდინარეობს, რა დროსაც პრეზიდენტი ლუკაშენკო კრემლს ზეწოლაში ადანაშაულებს და აცხადებს, რომ ოფიციალური მოსკოვი, ნავთობის ფასებით ცდილობს ბელარუსის მეტ ინტეგრაციას რუსეთის ფარგლებში. შეერთებულ შტატებსა და ბელარუსს შორის ელჩების დანიშვნის განახლების თაობაზე, ცნობილი ჯერ კიდევ 2019 წლის სექტემბერში გახდა, როდესაც აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის წარმომადგენელი დევიდ ჰეილი პრეზიდენტ ლუკაშენკოს მინსკში შეხვდა. დამატებით, 31 იანვარს ოფიციალურმა ვაშინგტონმა ბელარუსი სამოგზაურო აკრძალვის მქონე ქვეყნების სიიდან ამოიღო. მანამდე, 2016 წელს, ოფიციალურმა ვაშინგტონმა და ევროკავშირმა ბელარუსის წინააღმდეგ დაწესებული სანქციები შეამსუბუქეს. წყარო: U.S. Nominates First Ambassador To Belarus In Over A Decade (21.04.2020), www.rferl.org სტატია მომზადებულია რატი ერისთავის მიერ.
#USA
#Belarus
#diplomacy
#mission
#headline
0