თავდაცვის სამინისტროს განცხადება უწყებაში კორონავირუსით ინფიცირების შემთხვევასთან დაკავშირებით

0
საქართველოს თავდაცვის სამინისტრო თავდაცვის უწყებაში კორონავირუსით ინფიცირების შემთხვევებთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს. უწყების მიერ გავრცელებულ განცხადებაში ნათქვამია, რომ კორონავირუსი ეროვნული გვარდიის სამოქალაქო ოფისის დასუფთავების სამსახურის თანამშრომლებსა და დათხოვნაში მყოფ სამხედრო მოსამსახურეს რამდენიმე კვირის წინ დაუდასტურდა. თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, უწყებაში covid19-ით ინფიცირების სხვა შემთხვევა არ დაფიქსირებულა. ამასთან, სამინისტრო განმარტავს, რომ დადგინდა ინფიცირებულებთან კავშირში მყოფი ყველა კონტაქტი და ყაზარმულ რეჟიმში მყოფ სამხედროებს საფრთხე არ ემუქრება. „ბოლო რამდენიმე დღეა სხვადასხვა მედიასაშუალებებით ვრცელდება დეზინფორმაცია, შესაბამისად საზოგადოების ინფორმირების მიზნით გვსურს განვმარტოთ: საქართველოს თავდაცვის სამინისტრო კოორდინირებულად თანამშრომლობს ჯანდაცვის სამინისტროს დაავადებათა კონტროლის ეროვნულ ცენტრთან. კორონავირუსის გავრცელების შესახებ ინფორმაცია საზოგადოებას დროულად და გამჭვირვალობის მაღალი სტანდარტით მიეწოდება. ინფორმაციის გავრცელება ხდება კოორდინირებულად დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის მიერ. მათ მიერ გავრცელებული ინფორმაცია მოიცავს ქვეყანაში არსებულ ყველა შემთხვევას. აქვე მოგახსენებთ, რომ თავდაცვის სამინისტრო მკაცრად იცავს პერსონალურ ინფორმაციასთან დაკავშირებულ ვალდებულებებსა და კანონს, შესაბამისად, თავს იკავებს და არ ასახელებს კონკრეტული სამხედრო თუ სამოქალაქო პირის ვინაობას, რაც დემოკრატიული და ადამიანის უფლებების მაღალი სტანდარტის დაცვისთვის კრიტიკულად მნიშვნელოვანია. რამდენიმე კვირის წინ, კორონავირუსული ინფექციის მხოლოდ რამდენიმე ფაქტი დადასტურდა. საუბარია, ეროვნული გვარდიის სამოქალაქო ოფისის დასუფთავების სამსახურის თანამშრომლებსა და დათხოვნაში მყოფ სამხედრო მოსამსახურეზე. ამის შემდეგ, თავდაცვის უწყებაში, სხვა ახალი შემთხვევა აღარ დაფიქსირებულა", - ნათქვამია განცხადებაში.
#კორონავირუსი
#თავდაცვისსამინისტრო
#ინფიცირებული
#tbilisidaily
0