ევროკავშირი დახმარების სახით საქართველოს 183 მილიონ ევროზე მეტს გამოუყოფს

0
ევროკავშირი დახმარების სახით საქართველოს 183 მილიონ ევროზე მეტს გამოუყოფს, - ინფორმაცია ამის შესახებ ევროკავშირის ოფიციალურ ვებ-გვერდზე გამოქვეყნდა. აღნიშნულ პრესრელიზში ნათქვამია, რომ ევროკავშირის უმაღლეს წარმომადგენელს, ვიცე-პრეზიდენტ ჟოზეფ ბორელსა და პრემიერ-მინისტრ გიორგი გახარიას შორის სატელეფონო საუბარი შედგა. განცხადებიდან ირკვევა, რომ 21 აპრილს განხორციელებულ სატელეფონო საუბრისას მხარეებმა ახალი კორონავირუსის ეპიდაფეთქება, პანდემიასთან ბრძოლის საკითხები და მისი სოციალურ-ეკონომიკური შედეგები განიხილეს. ჟოზეფ ბორელმა ხაზი გაუსვა საქართველოსადმი ევროკავშირის დახმარებას ამ კრიზისის დაძლევის საქმეში. ახალი კორონავირუსის ეპიდაფეთქებაზე გლობალური რეაგირების ფარგლებში, ევროკავშირმა აღმოსავლეთ პარტნიორობის 6 ქვეყანას მხარდაჭერის პაკეტი გამოუყო. ჯამში 80 მილიონი ევროს ოდენობის დახმარება ჯანდაცვის სექტორში არსებული გადაუდებელი საჭიროებებისთვის არის გამიზნული, ხოლო 883 მილიონი ევრო - სოციალური და ეკონომიკური მდგომარეობის აღდგენის მოკლე-ვადიანი საჭიროებების დასაკმაყოფილებლად. აქედან დახმარების სახით უშუალოდ საქართველო 183 მილიონ ევროზე მეტს მიიღებს. ასევე, პრესრელიზში ნათქვამია, რომ ევროკავშირსა და საქართველოს შორის არსებული ყოვლისმომცველი პარტნიორობის გათვალისწინებით, რაც ასოცირების შეთანხმებას ეფუძნება, ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენელი და საქართველოს პრემიერ-მინისტრი შეთანხმდნენ, რომ სამომავლოდ კიდევ უფრო გააძლიერებენ ურთიერთობას და მოუთმენლად ელოდებიან შეხვედრას ასოცირების საბჭოს შემდეგ სხდომაზე, როდესაც მხარეებს ამის შესაძლებლობა მიეცემათ.
#ევროკავშირი
#დახმარება
#გიორგიგახარია
#პანდემია
#კორონავირუსი
#ეკონომიკა
#tbilisidaily
0