300,000-მდე ადამიანმა დაკარგა შემოსავალი - ნიკა გილაური უმუშევრობის ზრდის შეჩერების შესახებ

0
http://pirveliradio.ge/?newsid=142038 საქართველოს ექსპრემიერმა და საკონსულტაციო კომპანია "რეფორმატიკსის" დამფუძნებელმა ნიკა გილაურმა ორგანიზაცია "სტუდენტები თავისუფლებისთვის" მიერ ორგანიზებულ ვიდეოკონფერენციაზე ისაუბრა იმ პოლიტიკის შესახებ, რაც მისი შეფასებით, საქართველოს მთავრობამ არსებულ ვითარებაში, უმუშევრობის მკვეთრი ზრდის შესაჩერებლად უნდა გააკეთოს. გილაური ამბობს, რომ ქვეყანაში 150, 000-დან 300, 000-მდე ადამიანმა დაკარგა შემოსავლის წყარო, ამის აღდგენისთვის კი განსაკუთრებით მნიშვნელოვანია სახელმწიფომ პირდაპირი ფულადი დახმარება გაუწიოს მათ დამსაქმებლებს, იმ პირობით, რომ ისინი თანამშრომლებს შეინარჩუნებენ. "პირველი პრობლემაა უზარმაზარი უმუშევრობა. ერთ დღეს, 150, 000 - 300, 000-მა ადამიანმა დაკარგა შემოსავლის წყარო. ეს ის ხალხია, ვისაც დანაზოგი ან არ აქვს, ან არც თუ ისე ბევრი დანაზოგი აქვს. პირიქით, მათ კრედიტები აქვთ აღებული. ესაა ის ხალხი, ვისთვისაც ხელფასი იყო ერთადერთი შემოსავლის წყარო. ესაა პირველი პრობლემა - რა ვუშველოთ და როგორ დავეხმაროთ ამ ადამიანებს და როგორ გავაკეთოთ ეს ისე, რომ არ შევქმნათ რაიმე სერიოზული ფინანსური პრობლემა მაკროეკონომიკურ დონებზე. ბევრი წინადადება იყო ამასთან დაკავშირებით, ითქვა, რომ ამჟამად არის შექმნილი დრო, როდესაც ე.წ. "ფული ვერტმფრენიდან" უნდა გამოიყენოს სახელმწიფომ და ფული დაარიგოს. ეს არის როდესაც ეროვნული ბანკი ან პირდაპირ მთავრობა ნაღდ ფულს ურიგებს მოსახლეობას. ეს შეიძლება გააკეთოს ამერიკამ, ნორვეგიამ ან განვითარებულმა ქვეყნებმა, რადგანაც მათ ეს საშუალება აქვთ. საქართველოს შემთხვევაში ამის გაკეთება უფრო რთული იქნება და ეს უნდა გაკეთდეს მცირე კომპანიების მეშვეობით, იმ კომაპნიების მეშვეობით, რომლებიც ამ ეტაპზე დაიხურნენ და მათ არავითარი შემოსავალი არ აქვთ. შესაბამისად, მათ უნდა შევუქმნათ გარკვეული კომფორტი, რადგან არ მოახდინონ მათ ამ თანამშრომლების სამუდამოდ გაშვება. რაღაც თანხები ამ კომპანიებმა უნდა მიიღონ, რომლებიც უნდა იყოს გამოყენებული მათი თანამშრომლების შენარჩუნებისთვის. ამის გაკეთება კი შესაძლებელი იქნება მხოლოდ და მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ ისინი რაღაც პერიოდის განმავლობაში არ გადაიხდიან გადასახადებს და საბანკო პროცენტებს და თუ მათ გარკვეული შემოსავალი ექნებათ მთავრობისგან, იმიტომ რომ ეს ბიზნესები დღეს სრულიად დაკეტილია, მათი ფულადი ნაკადები გახდა 0-ის ტოლი. მე არ მჯერა, რომ ასე საჩუქრად მიცემული ფული ეფექტური იქნება, ამიტომ ჩვენი ფორმულა არის უფრო იმგვარი, რომ მთავრობამ გასცეს თანხები და ამ თანხების საფასურად აიღოს ვაუჩერი. ამ ვაუჩერის გამოყენება კი მთავრობის მიერ შესაძლებელი გახდეს, უკვე მას შემდეგ ამ ვაუჩერს დაურიგებს პირველ ტურისტებს და ეს იქნება გარკვეული მარკეტინგული ნაბიჯი, ან თუნდაც აუქციონს გამართავს და გაყიდის ტურისტულ სააგენტოებზე მომსახურებას და გარკვეულ თანხებს, რომლებსაც ახლა დახარჯავს, მას მომავალში ამოიღებს. ეს თანხები, რომლებიც წავა ამ კომპანიებში, აუცილებლად უნდა იყოს იმ პირობით, რომ ეს კომპანიები არ გაუშვებენ თანამშრომლებს სახლში და ამ თანხას გამოიყენებენ სწორედ თანამშრომელთა ხელფასებისთვის. ეს საშუალებას მოგვცემს, რომ მაისის ბოლოს, როდესაც კარანტინი მოიხსნება და ხალხი გამოვა ქუჩებში, მათ რაიმე თანხა მინიმალურად დახარჯვისთვის ჰქონდეთ და სერიოზული სოციალური პრობლემის წინაშე არ დადგეს ეკონომიკა. ეს არის ალბათ ის, რაც პირველ რიგში არის გასაკეთებელი. ეს პრობლემა უნდა მოგვარდეს", - ამბობს ნიკა გილაური.
0