0
ბედნიერება!???? დიახ, სანატრელი ხარ შენ, სასურველი, საოცნებო, მხურვალე, ქაოსური, მშფოთვარე, ნათელი, კაშკაშა, მღელვარე და მიუწვდომელიც... პირობითიც ხარ და ინდივიდუალურიც, რატომ?! იმიტომ, რომ ყველა ადამიანში სხვადასხვანაირი ხარ და ყოველ მათგანში ერთნაირიც! ზოგისთვის რა ხარ და ვისთვის ყველაფერი... მაგრამ ერთი ჭეშმარიტება მარადიულია-შენ ყველას სჭირდები, ყველა მოილტვის შენსკენ, როგორც ფარვანა სანთლის შუქისაკენ და ყველა ოცნებობს შენზე- აუხდნელ უსასრულობაზე! რამდენი სახესხვაობა გაქვს შენ?! ბავშვში-ვარდისფერი, კამკამა, მიამიტი და გულუბრყვილო ხარ, მალე მიღწევადი და უფრო დავიწყებადი... ახალგაზრდაში-სულსწრაფი, თავქარიანი, მოუთმენელი, დაუდევარი და გაურკვეველი... ზრდასრულ ადამიანში-მუდამ მიუღწეველ-შეუღწეველი, მუდამ საჭირბოროტო და "მუდამ" ასაწონ-გასაზომი... მოხუცში-უკვე ნაცნობი უცნობი, უკვე წარსული და "მაინც" მომავალი, მუდამ მოლოდინი, სულ პაწაწინაზე საკმარისი და დაღვინებულ-დაბრძენებული, სრულყოფილი მომაბეზრებამდე! ჩემში?! ჩემში მუდამ სასურველი, მუდამ მრავალფეროვანი, განახლებადი, შეუცვლელი, რძეზე მომდგარი ნაღებივით გემრიელი, მაჭარივით ტკბილ-მათრობელა, მთის ჰაერივით გამჭვირვალე და კისკასი, მზის სხივივთ მწველი და მომხიბვლელი, მაისის წვიმასავით თბილი და სასიამოვნო, ზამთრის სუსხივით მტკივნეული, ბუხარივით მყუდრო და თბილი! ბედნიერებავ! მე დაგეძებ შენ ყველა ადამიანში, ვინც ჩემი ცხოვრების თანამგზავრი გახდა. მე ვხატავ მათ თვალებს და ვცდილობ, დავინახო მათში შენი მდუმარე სილუეტი! თუ ეს ვერ შევძელი, ვცდილობ გამოვიგონო, ჩავასახლო და დავაბუდო გრძნეულ ჯადოქარივით. ბედნიერებავ-სიყვარულის დობილო, მინდა, მოგაგროვო ნაფლეთ-ნაფლეთ, ფოთოლ-ფოთოლ, ნაგლეჯ-ნაგლეჯ აგკინძო და მივიფარო ათასჯერ დაჯიჯგნილ გულზე! ბევრს ვითხოვ?! მაგრამ ხომ მითხრეს-ითხოვე და მოგეცემაო! მე ვითხოვ ჩემსას-არა სხვისას! მე ვეძებ ჩემს დაკარგულს-არა სხვისას, დაპნეულს და გაბნეულს! მე ვიბრძვი შენთვის, ვიბრძვი ყოველი ადამიანის ხმითა და ოცნებით, უიარაღოდ, მაგრამ აღჭურვილი ყველაზე ძლიერი იარაღით, რასაც სიყვარული ქვია! მაშ, დამიხვდი ბედნიერებავ! მე მაქვს ნება ზეციერისაგან, ვერ დამისხლტები, ვერ გამიფრინდები! ჩემი "გრძნეული" ფუნჯით მაინც დაგხატავ ადამიანთა თვალებში და დაგაბრუნებ ჩემს მყუდრო ბუდეში!!! ხათუნა ფერაძე 2018წ.
#goodplaces
0