გვემუქრება თუ არა სინამდვილეში 6-წლიანი პატიმრობა საკარანტინო რეჟიმის განმეორებით დარღვევაზე

0
პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე, ანრი ოხანაშვილი განმარტავს, ემუქრება თუ არა მოქალაქეს 6-წლიანი პატიმრობა იმ შემთხვევაში, თუ იგი ადმინისტრაციული ჯარიმის შემდეგ კიდევ დაარღვევს საკარანტინო ნორმებს. ოხანაშვილი გავრცელებულ ინფორმაციას ტყუილს უწოდებს. მან ასევე განმარტა, თუ რა შემთხვევაში მოხდება 6 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთა. მისი თქმით, ამჟამად ძალას ინარჩუნებს საქართველოს პრეზიდენტის დეკრეტი, რომელიც ითვალისწინებს პასუხისმგებლობას თავისუფლების აღკვეთის სახით მაქსიმუმ 3 წლამდე და ისიც ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ჩადენის შემდგომ თუკი განმეორებით ჩაიდენს პირი ქმედებას. „მსურს საზოგადოებას განვუმარტო, რომ ჩვენ მივიღეთ სისხლის სამართლის კოდექსში ცვლილებები, რომელიც შეეხება არა მხოლოდ საგანგებო მდგომარეობის რეჟიმის დარღვევას, არამედ საომარი მდგომარეობის რეჟიმის დარღვევას და ამისთვის გავითვალისწინეთ პასუხისმგებლობა ერთხელ ჩადენის შემთხვევაში, თუკი პირი განმეორებით ჩაიდენს, თავისუფლების აღკვეთა ვადით 6 წლამდე. საზოგადოებამ უნდა იცოდეს რას ნიშნავს საგანგებო ან საომარი რეჟიმის დარღვევა, რისთვისაც ჩვენ დავაწესეთ თავისუფლების აღკვეთა 6 წლამდე. ეს იმას ნიშნავს, რომ თუკი პირი განზრახ გადასდებს ვინმეს დაავადებას, თუკი ამ ქმედებას ჩაიდენს ორგანიზებული ჯგუფი ან ჯგუფი, თუკი დაავადებული პირი განახორციელებს საგანგებო ან საომარი მდგომარეობის რეჟიმის დარღვევას ან პირი დაარღვევს საგანგებო ან საომარი მდგომარობის რეჟიმს, რაც გამოიწვევს ძალიან მძიმე შედეგებს, რასაც შეიძლება მოჰყვეს ადამიანის სიცოცხლის მოსპობაც კი, ამ შემთხვევაში გამოიყენება მხოლოდ თავისუფლების აღკვეთა 6 წლამდე, “- განაცხადა ანრი ოხანაშვილმა. შეგახსენებთ, პარლამენტმა მესამე მოსმენით დაამტკიცა „სისხლის სამართლის კოდექსში“ შესატანი ცვლილებები, რომლის თანახმად, საგანგებო ან საომარი მდგომარეობის რეჟიმის ხელმეორედ დარღვევა (მათ შორის, „საზოგადოებრივი ჯანმრთელობის შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებულ საკითხებთან დაკავშირებით დადგენილი იზოლაციის ან/და კარანტინის წესის დარღვევა, თუ ეს წესი საგანგებო ან საომარი მდგომარეობის რეჟიმის ნაწილია), ისჯება თავისუფლების აღკვეთით ვადით 6 წლამდე, თუ საქართველოს პრეზიდენტის დეკრეტით სხვა რამ არ არის დადგენილი.
0