თამარ გაბუნია აცხადებს, რომ მოსახლეობაში „კოვიდ 19“-ის უცნობი შემთხვევები მინიმალურია

0
ჯანდაცვის მინისტრის პირველმა მოადგილის, თამარ გაბუნიას განაცხადებით, ე.წ. აგრესიული ანუ მიზნობრივი ტესტირება მიმართულია იმისკენ, რომ მაღალი რისკის ჯგუფებში მოხდეს აქტიური სკრინინგი, რათა ნებისმიერი შემთხვევა, რომელსაც შესაძლოა, კლინიკური გამოხატულება არ ჰქონდეს, გამოვლინდეს ტესტირების საფუძველზე. მისი თქმით, ბოლო რამდენიმე დღის განმავლობაში მნიშვნელოვნად გაიზარდა ტესტირებულთა რაოდენობა. საუბარია „პისიარ“ ტესტით კვლევაზე. მინისტრის მოადგილის თქმით, გაფართოვდა ლაბორატორიული ქსელი და თუ ადრე დღეში 200-300 ტესტი ტარდებოდა, დღეს ლაბორატორიებიდან მიღებულ იქნა პასუხები 900-მდე ტესტზე და მათგან დადებითი შედეგები მხოლოდ ორ პროცენტს დაუდასტურდა. ამასთან, გაბუნიას თქმით, ტესტირებულთა რაოდენობა ქვეყანაში კიდევ გაიზრდება. „მთავარი წუხილი, რაც შეიძლება მოსახლეობას ჰქონდეს, ისაა, ხომ არ იპარება შემთხვევები, რომელთა გატესტვა და გამოვლენა არ ხდება და ეს შემთხვევები შესაძლოა, იყოს პოტენციური ინფექციის წყარო. აქამდე ჩატარებული მიზნობრივი, გნებავთ აგრესიული ტესტირება ხორციელდებოდა საკარანტინო სივრცეებში, ჯანდაცვის პროფესიონალებში, ასევე ადგილობრივი ეპიდრეაგირების გეგმის ფარგლებში. მოგეხსენებათ, მარნეულისა და ბოლნისის მუნიციპალიტეტები რამდენიმე კვირაა, განსაკუთრებით ყურადღების ცენტრშია და იქ ტარდება ძალიან აქტიური ეპიდზედამხედველობის ღონისძიებები, რომელთაც სჭირდებათ პერიოდული გამეორება. გვაქვს გაწერილი გეგმა ორი ინკუბაციური პერიოდისთვის – ესაა ღონისძიებები, რომლებიც უნდა შესრულდეს 28 დღის განმავლობაში ეტაპობრივად. ეტაპობრიობა ითვალისწინებს თერმოსკრინინგს, დადებით შემთხვევაში ნაცხის ანალიზს და გამოკვლევას პისიარ-მეთოდით, შემდეგ კი პაციენტის გადაყვანას მკურნალობის მიზნით. აღნიშნული პროცესი ხორციელდება მაღალი რისკის რეგიონებში, სადაც დაფიქსირდება შემთხვევების მომატებული რაოდენობა. ერთი ოჯახი ან 3-4 შემთხვევა, კლასტერები, რომლებიც ყალიბდება კონტაქტების კვლევის საფუძველზე, საჭიროებს აგრესიულ ტესტირებას. ამას ვიყენებთ რამდენიმე თვეა, რაც ვირუსის გადაცემის თავიდან აცილების მიზნით დავიწყეთ, “ – განაცხადა გაბუნიამ. მისი თქმით, სტატისტიკა ადასტურებს, რომ უცნობი შემთხვევები დღეს პრაქტიკულად არ არსებობს – მიუხედავად იმისა, რომ გაიზარდა ტესტირებულთა რაოდენობა, პროპორციულად დადასტურებული შემთხვევები შემცირდა: კერძოდ, დღემდე გაიტესტა 10177 პირი და მათგან ვირუსი დაუდასტურდა 456-ს. ეს კი, მინისტრის მოადგილის თქმით, მარტივი მათემატიკაა, რომელიც ადასტურებს, რომ ტესტირებულებიდან დადასტურებული შემთხვევები მხოლოდ 4, 5%-ია. დღევანდელი შედეგი კი ორ პროცენტს არ აღემატება, რაც ადასტურებს, რომ „საზოგადოებაში უცნობი შემთხვევები არის მინიმალური, თუკი საერთოდ არსებობს“. ჯანდაცვის სამინისტროს სამომავლო სტრატეგიის თანახმად, განსაკუთრებით მას შემდეგ, რაც შესუსტდება შემზღუდავი ღონისძიებები, უფრო მეტი აქტიური ტესტირება ჩატარდება, რათა დროულად მოხდეს ყველა შესაძლო შემთხვევის იდენტიფიცირება.
#კორონავირუსი
#პანდემია
#ინფიცირებულები
#tbilisidaily
0