დაშლილი ერთობა - ვონგ კარ ვაის დაცემული ანგელოზები

0
რეჟისორი : ვონგ კარ-ვაი ქვეყანა: ჰონგ-კონგი წელი: 1995 "მგრძნობელობის ახალი ტიპი, მარტოობა, როგორც გარდამტეხი ეტაპი და დიდი ქალაქის ნეო-განათებები, სადაც ანგელოზები ცხოვრობენ." დაღამებასთან ერთად ქრება ღია ფერები და შუქი. რუტინული ცხოვრებისაგან დაღლილი ადამიანები შინ ბრუნდებიან, იმისათვის რომ დივანზე განისვენონ და ტელევიზორს უყურონ. ქალაქი იძინებს, ამ დროს კი ვონგ კარ-ვაის პერსონაჟები პატარა ოთახებიდან გამოდიან და უერთდებიან ცარიელ, ნაწვიმარ ქუჩებს, რადგან ღამის ბარებში მორიგი სროლა გააჩაღონ. პირველი ანგელოზი - პროფესიონალი მკვლელი, ცივსისხლიანად ასრულებს ბრძანებებს. მეორე - მომხიბვლელი გოგონა არ კლავს ადამიანებს, მაგრამ აქრობს დანაშაულის კვალს. ისინი პარტნიორები არიან, რომელთა გზაც დიდი ხნის წინ გაიყარა, თუმცა მუსიკა მათ მეხსიერებაში აღვიძებს მოგონებებსა და ემოციური სიახლოვის კვალს. მესამე ანგელოზია კომიკური პერსონაჟი - ნაყინის გამყიდველი, რომელიც მთელი ძალით ცდილობს კლიენტს სურვილები დაუკმაყოფილოს, მაშინაც კი, თუ კლიენტს ეს არ სჭირდება. მისი ხმა მხოლოდ კადრსმიღმა არსებულ სივრცეში ისმის, რადგან მეტყველების უნარი ვადაგასული ანანასის ჭამის შედეგად წაერთვა. სამი პერსონაჟი უნიკალურად ახასიათებს იაპონური დრამატული თეატრის არსს - ისინი აღასრულებენ იდეას, პიროვნების ერთგვარ არქეტიპს, ამასთან, მალავენ რეალურ სახეებს და მაყურებელს აძლევენ საშუალებას დატკბნენ შეხების სიმულაციით. ფილმში, ნეო-ნუარის მხურვალე სტილისტიკა ჯერ კომედიაში, ხოლო შემდეგ კრიმინალურ დრამაში გადადის. პერსონაჟთა გარდამავალი ემოციური მდგომარეობა, რეჟისორის შემოქმედების ერთ-ერთი დამახასიათებელი შტრიხია. მის ფილმებში ადამიანი - მხოლოდ ფორმაა, ცარიელი ჭურჭელი, რომელიც ივსება რეპლიკებითა და პერსონაჟების ხასიათით. ფილმში სხეულის მოძრაობა რითმულად იკვეთება მელოდიასთან, რაც მეტ ემოციურ კავშირს აჩენს პერსონაჟებთან. აქ დროც კი ვიოლინოს მელოდიის ფონზე მიედინება. საინტერესოა, როგორ შეძლო რეჟისორმა მსგავსი ემოციების ოსტატური ეკრანიზაცია ? აქ საგულისხმოა მისი გადაღებისა და მონტაჟის ექსპრესიული ტექნიკა, გაფართოებული კადრი, სარკეები, ლინზები, რომელიც სივრცეს ხრის და ირეალურად გვიხატავს, ყოველივე ეს მაყურებელში დეზორიენტაციის შეგრძნებას იწვევს. ამასთან, სროლის, რადიოსა და ჩართული ტელევიზორის ხმები ქმნის განსაკუთრებულ აკუსტიკურ ფონს, რაც ავსებს და ამძაფრებს მთლიან რითმს. ამ ყველაფრის საშუალებით ვონგ კარ-ვაი კარგად მანიპულირებს დროით. იგი მას ხან გვინაწევრებს, ხანაც შეუქცევად მთლიანობად გვიხატავს.
პერსონაჟებს კარგად გამოხატავს ლაკანისეული თვითიდენტიფიკაციის თეორია. აქ გმირების ხასიათი დანაწევრებულია, მათში არ ჩანს მთლიანობა. ისინი ეძებენ საკუთარ "მეს", ვირტუალურ მეგობარს, რომელსაც შესწევს უნარი, მათი დაშლილი პერსონა, დანაწევრებული "მე" გაამთლიანოს. ფილმში "მკვლელი" პარტნიორები ერთმანეთის ქმედებებს იმეორებენ. რაც შეეხება პერსონაჟთა დუალურ ურთიერთობებს, მას მაყურებელი ორეულებისა და ჩრდილების თამაშში ჩაბმის შემდეგ შეიგრძნობს და აღიქვამს. ფილმში, ამას გარდა, შეგვიძლია უამრავი სიმბოლო დავინახოთ თუმცა აქ ყველაზე მნიშვნელოვანია სიყვარული - რომელიც სხეულს ანადგურებს. მარტოობა დიდ ქალაქში - აი ეს არის ფილმის მთავარი ქვეტექსტი. სიტყვებზე მეტად, აქ სხეულთა შეხება და ემოციური კავშირი ლაპარაკობს. გმირების დაუცველი სამყარო მხოლოდ მუსიკისა და ყოფიერების მიღმა გაჩენილ ნაპრალებში იკვეთება. ანგელოზები აღარ დაფრინავენ ცაში, ისინი კლავენ ადამიანებს, ფულს ძალადობით შოულობენ, ჭამენ მაკდონალდსში და სვამენ მძიმე ალკოჰოლს. ისინი ჩაკეტილად ცხოვრობენ და გარეთ მხოლოდ სიბნელეში გადიან. ღამეს ცვლის დღე, ფილმში ნეო განათებებს მზის ნათება ცვლის. ადამიანები იღვიძებენ თბილ საწოლში, ხოლო ანგელოზები, ღამისა და სიყვარულის მოლოდინში, ქალაქურ ჩოჩქოლს უერთდებიან.
#ფილმი #კინო #ანალიზი #რეჟისორი #რეჟისურა #Smineba
0