0
დღევანდელ დღეს, 1932 წლის 27 აპრილს, დაიბადა ფრანგი მსახიობი ანუკ ემე!? როდესაც ამ ინფორმაციის დასაწერად ვემზადებოდი, ფბ მემორიმ ამომიგდო ლელა ანჯაფარიძის პოსტი და ის იმდენად სრულფასოვან ინფორმაციას შეიცავდა ამ დიდებული მსახიობის შესახებ, რომ გადავწყვიტე თქვენთვის გამეზიარებია? ძალიან დილა მშვიდობისა! დღეს მიყვარს ყველა და ყველაფერი… დავბორიალობ „შხამსა და ხანჯალს გადარჩენილი“ ჯულიეტასავით აივანზე და გულში ვღიღინებ ფრენსის ლეის განუმეორებელ მელოდიას, დარწმუნებული ვარ, ყველასთვის საყვარელი ფილმიდან “ქალი და მამაკაცი“, რომელშიც მთავარ როლს ასრულებს ზუსტად ამ დღეს, 1932 წლის 27 აპრილს დაბადებული მშვენიერი და ფრანგულად ელეგანტური ანუკ ემე… მიაქციეთ ერთ რამეს ყურადღება - ფრანგულში, შესაბამისად ინგლისურში და რუსულში - ფილმს ქვია „კაცი და ქალი“ და ქართულად კი მისი სახელწოდებაა - „ქალი და მამაკაცი“... ანუ, ქალი პირველ ადგილზეა... მესიამოვნა... ანუკ ემე ყველაზე ცნობილი ფრანგი მსახიობი ქალების 30 საუკეთესოთა შორის იკავებს მე-3 ადგილს კატრინ დენევისა და მიშელ მერსიეს შემდეგ და უკან იტოვებს ბრიჯიტ ბარდოს, მარინა ვლადის, სიმონა სინიორეს, იზაბელ აჯანის და სხვა არანაკლებ დასაფასებელ კონკურენტებს… სხვათა შორის, თავად ანუკ ემე ამბობს — „მე საკუთარი თავი არასდროს მიმაჩნდა თანამედროვე ქალად, არასდროს არ ვყოფილვარ მოდური“… არ ვიცი, რამდენად გულწრფელია ანუკ ემე, მაგრამ ერთი კი კარგად მახსოვს – „ქალი და მამაკაცის“ პრემიერის შემდეგ, თბილისში ძალიან დიდხანს იყო მოდაში ისეთი „დუბლიონკა“, როგორიც ანუკ ემეს გმირს ეცვა… ანუკ ემე (ნამდვილი სახელი - ფრანსუაზა იუდით სორია დრეიფუსი) დაიბადა პარიზში, ინტელიგენტურ ებრაულ ოჯახში... მისის მშობლები მსახიობები იყვნენ და თავისი პირველი როლი მან შეასრულა 14 წლის ასაკში, ფილმში „სახლი ზღვაზე“ , მაგრამ ის ცნობილი გახდა მხოლოდ 12 წლის შემდეგ, როდესაც საოცარ ჟერარ ფილიპთან დუეტში ითამაშა მოდილიანის საყვარელი ქალის ჟანა ებიუტერნის როლი ფილმში „მონპარნას 19“. ყვებიან, რომ სწორედ მაშინ შეამჩნია ის დიდმა ფელინიმ და მიიწვია თავის ორ ყველაზე ცნობილ ფილმში „ტკბილი ცხოვრება“ და „რვანახევარი“, სადაც მას პარტნიორობას უწევდა შესანიშნავი მარჩელო მასტროიანი. ფილმების ტრიუმფის შემდეგ ფელინიმ განაცხადა, რომ ანუკ ემე იყო მსოფლიოში ყველა დროის ყველაზე გენიალური მსახიობი ქალი… მერე კი ღიმილით დაამატა — „რა თქმა უნდა, ჯულიეტა მაზინას შემდეგ“. ესოდენ დიდი წარმატებისა და მაღალი შეფასების მიუხედავად, ანუკ ემეს ყველაზე ცნობილი როლი გახდა ანა გოტიე, კლოდ ლელუშის ფილმში „ქალი და მამაკაცი“, სადაც მისი პარტნიორია ჟან-ლუი ტრენტინიანი… აღსანიშნავია, რომ 28 წლის რეჟისორი, ლელუში იმდენად უცნობი და თანაც მორიდებული იყო, რომ თავად ვერ შესთავაზა როლი ანუკ ემეს და მის ნაცვლად მოსალაპარაკებლად ტრენტინიანი გაუშვა. ანუკ ემე დათანხმდა, მაგრამ გადაღებების პირველივე დღიდან დაიწყო დაუსრულებელი კონფლიქტები მასსა და რეჟისორს შორის. ფილმის გადასაღებად განსაზღვრული ისედაც მცირე ბიუჯეტის ნახევარი დაიხარჯა ანუკ ემეს უმაღლესი კლასის პარიკიმახერზე, ვიზაჟისტსა და ტუალეტებზე. ამბობენ, რომ სწორედ ამის გამო, გადაწყდა ფერადი ვერსიის ნაცვლად, ნახევრად შავ-თეთრი ფილმის გადაღება (უბრალოდ, ფული არ ეყოთ)… მომავალში ამ სტილს - „ლელუშის სტილს“ უწოდებენ და ნოვატორულად ჩათვლიან... მსახიობი კი, სულ ახალ და ახალ პრეტენზიებს აყენებდა. ერთხელ მან და კლოდ ლელუშმა სერიოზულად იჩხუბეს, როდესაც ანუკ ემემ განაცხადა, რომ კატარღის ეშინია და არ ავა მასზე ერთ-ერთი სცენის გადასაღებად… თანაც ფელინის ყურადღებით განებივრებულმა მსახიობმა რეჟისორს მიაძახა — „ცალკე მე გადამიღეთ, ცალკე კატარღა და მერე დაამონტაჟეთ, ფელინი ასე აკეთებდაო“ და სასტუმროში დაბრუნდა. არა და, თუ გახსოვთ ფილმი, კატარღის სცენა ერთ-ერთი უძლიერესია და ძალიან დიდი ემოციური დატვირთვა აქვს… ლელუში სერიოზულად გაბრაზდა. ღამით მან ჩამოურეკა ყველა მეგობარ მსახიობ ქალს და ფილმში მონაწილეობაზე დაითანხმა ანი ჟირარდო… ოღონდ მას უთქვამს, 2 საათში გადმოგირეკავ და ზუსტ პასუხს გეტყვიო… ანი ჟირარდოს ლელუშისთვის აღარ დაურეკავს, სამაგიეროდ დაურეკა ანუკ ემემ და უთხრა — „მოდი, ნუღარ ვიჩხუბებთ, მზად ვარ შენ კატარღაზე ასასვლელადო“… ამის შემდეგ ისინი დამეგობრდნენ… არაპუნქტუალური ანი ჟირარდო კი შემდგომში, სავარაუდოდ, ნანობდა… სამაგიეროდ ანუკ ემე კლოდ ლელუშს შეუყვარდა, მაგრამ როდესაც სიყვარული აუხსნა, აღმოჩნდა, რომ ანუკ ემეს უკვე გაცხარებული რომანი ჰქონდა მისი გმირის კასკადიორი ქმრის როლის შემსრულებელ პიერ ბარუხთან, რომელსაც ცოლად გაჰყვა კიდეც გადაღებების დასრულების შემდეგ. ანუკ ემე ოთხჯერ იყო გათხოვილი, მაგრამ ბოლოს მაინც მარტო ყოფნა არჩია. იქნებ, დაუჯერა კლოდ ლელუშის სიტყვებს, რომელიც მან უკვე საკმაოდ სოლიდურ ასაკში უთხრა - „ყველაზე მშვენიერია ის სასიყვარულო ისტორიები, რომლის გასავლელადაც ადამიანს ცხოვრება აღარ ყოფნის“… მე მგონი... მგონი კი არა, დარწმუნებული ვარ, რომ კლოდ ლელუში დღემდე შეყვარებულია... მიუხედავად იმისა, რომ ყავს 7 შვილი და 5 შვილიშვილი... სხვანაირად როგორ ავხსნათ ის ფაქტი, რომ 1986 წელს, ფილმი „ქალი და მამაკაცის“ გაგრძელება გადაიღო - და 2010 წელს კიდევ გაგრძელების გაგრძელება... ანუ, 52 წლის, მთელი ნახევარი საუკუნის შემდეგაც, მან ისევ გადაიღო ფილმი იმ ქალის მონაწილეობით, რომელიც მისთვის, სავარაუდოდ, არ იცვლება და არ ბერდება... გისურვებთ ბედნიერ, ლამაზ და დაუბერებელი სიყვარულით სავსე დღეს!!!
#goodplaces
0