როგორ ჩავირიცხოთ ამერიკულ უნივერსიტეტში II: კლასგარეშე აქტივობები

0
წინა სტატიაში ჩვენ ტესტირების ერთ-ერთ სახეს, სატის ტესტს გავეცანით. სატის შემცვლელია ასევე, ACT ტესტი და მნიშვნელობა არ აქვს, რომელს ჩააბარებთ. სატთან ერთად ხშირად ტოეფელის ტესტის, ანუ ინგლისურის ცოდნის დამადასტურებელი ტესტის ჩაბარებაც უწევთ მოსწავლეებს. ტესტირების თემას მალე დავუბრუნდებით, თუმცა დღეს მინდა ვისაუბრო მეორე, ასევე მნიშვნელოვან ასპექტზე - კლასგარეშე აქტივობებზე. ყველაფერს, რასაც სკოლის აკადემიური გარემოს გარეთ აკეთებთ, კლასგარეშე აქტივობა ჰქვია. ამერიკული უნივერსიტეტები ელოდებიან მოსწავლისგან არამხოლოდ ათოსნობასა და კარგ აკადემიურ მოსწრებას, არამედ მისი აქტიურობისა და ინტერესების დამადასტურებელ სტატისტიკასაც. ასეთი სტატისტიკა თქვენივე აქტივობებისგან შედგება. მოდით, განვიხილოთ, რა სახის აქტივობებს ეძებენ ამერიკული უნივერსიტეტები თქვენს აპლიკაციაში: სპორტი. აშშ-ს სკოლებში ახალგაზრდები მასობრივად არიან დაკავებული სპორტით. სკოლის მერე უფასოდ მათ შეუძლიათ ნებისმიერი სპორტული აქტივობით დაკავდნენ, რაც საქართველოში ხშირად არ არის ხელმისაწვდომი. ამის მიუხედავად, ამერიკულ უნივერსიტეტებს თქვენი სპორტული მიღწევები დააინტერესებს, განსაკუთრებით მაშინ, თუ შეზღუდული რესურსების პირობებში წარმატებას მაინც მიაღწიეთ. რა შეიძლება აღინიშნოს წარმატებად? თუნდაც ის, რომ რამდენიმე წელია მისდევთ სპორტის ერთ ან ორ სახეობას. თუკი რამე მიღწევა გაქვთ ამ სფეროში, საჭიროა რიცხვების გამოყენებით, შედარებითად აღწეროთ - ანუ ისე, რომ ამერიკულ უნივერსიტეტს წარმოდგენა შეექმნას, სტატისტიკურად სად ხართ. მაგალითად, თუ აჭარის რეგიონალური შეჯიბრი მოიგეთ მკლავჭიდში, უნდა დაწეროთ ასე: "პირველი ადგილი 600 კონკურსანტს შორის, აჭარის რეგიონალური ჩემპიონატი". სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ, აღწერა რიცხვებს აუცილებლად უნდა შეიცავდეს, სხვა ადამიანი რომ მიხვდეს, ზუსტად როგორი კონკურენცია გაუწიეთ სხვებს. ხელოვნება. საქართველოში ხშირად დავდივართ მუსიკალურ სკოლაში ან სამხატვრო სტუდიაში. აპლიკაციისთვის ამის გამოყენებაც შეიძლება. ხანდახან უნივერსიტეტი გაძლევთ შესაძლებლობას, თქვენი ნამუშევრების პორტფოლიოც გამოაგზავნოთ. ასე თქვენ შექმნით შთაბეჭდილებას, რომ არამხოლოდ აკადემიური მოსწრება გაქვთ მაღალი, არამედ ხელოვნების დარგშიც განვითარებული ხართ. აქაც, ისევე როგორც სპორტის შემთხვევაში, ნებისმიერი კონკურსის მოგება რიცხვობრივად უნდა იყოს გადმოცემული. დააკონკრეტეთ, რამდენი წელი ხართ გატაცებული ხელოვნებით. ასევე, თუ მიგიღიათ საქველმოქმედო კონცერტებსა თუ გამოფენებში მონაწილეობა, აუცილებლად აღწერეთ რამდენჯერ და რა თანხა შეგიგროვებიათ - ამერიკული უნივერსიტეტები ქველმოქმედებაში ჩართულობას დაგიფასებენ. მოხალისეობა. ალბათ ყველაზე მნიშვნელოვანი ასპექტი. ამერიკაში მოხალისეობა ძალიან გავრცელებულია. მოხალისეობა შეიძლება იყოს ისიც, რომ სამეზობლოში მოხუცებულს დაეხმარეთ, ან იყოს უფრო სისტემური ხასიათის - მაგალითად, ჩაერთეთ წითელი ჯვრის პროგრამაში. კარგი იქნება, თუ საქართველოში რომელიმე საერთაშორისო პროგრამის მოხალისეც გახდებით. ასეთი პროგრამები მომავალში სარეკომენდაციო წერილის მოსაპოვებლადაც დაგეხმარებათ. მთავარია, აჩვენოთ უნივერსიტეტს, რომ იმას აკეთებთ, რაც ნამდვილად გსიამოვნებთ და თქვენი მოხალისეობაც რაღაც კავშირშია თქვენს სწრაფვებთან და ინტერესებთან. მოხალისეობით ბათუმში ბევრ ადგილას შეიძლება დაკავდეთ - მაგალითად, იგივე წითელ ჯვარში ან თავისუფალ ჟურნალისტთა სახლში. და ბოლოს, არაფორმალური განათლება. ყველანაირი ბანაკი, არასამთავრობოს მიერ ჩატარებული პროგრამა, სამუშაო-საგანმანათლებლო გამოცდილება და ტრენინგი შეგიძლიათ, აპლიკაციის ძლიერ მხარედ აქციოთ. თუ გარემოსდაცვით ბანაკში იყავით, ან დემოკრატიისა თუ ჟურნალისტიკის საკითხში ტრენინგი გაიარეთ, აუცილებლად აღწერეთ რატომ გააკეთეთ ეს და როგორ დაგეხმარათ პროფესიულ წინსვლაში. როდესაც ახალგაზრდა კლასის გარეთაც ცდილობს, დამატებითი განათლება მიიღოს, ეს შესაბამისად ფასდება უნივერსიტეტის მხრიდან. ბათუმში არაფორმალური განათლების მისაღებად ბევრი რესურსი არსებობს, ერთი ასეთი რესურსი კი ბათუმის ამერიკული კუთხეა. რომ შევაჯამოთ, წარმატებული აპლიკანტი კლასის გარეთაც აქტიური ახალგაზრდაა. დაკავებულია სპორტით, ხელოვნებით, ან უბრალოდ თვითგანვითარებითა და მოხალისეობით. არ არის აუცილებელი, ჩამოთვლილთაგან ყველა ასპექტში იაქტიუროთ. მთავარია, უნივერსიტეტმა დაინახოს, რომ რასაც აკეთებთ, კარგად აკეთებთ. ამიტომ, გაიხსენეთ რა გაგიკეთებიათ წლების განმავლობაში და ჩამოწერეთ ყველაზე შთამბეჭდავი მიღწევები, დაურთეთ სტატისტიკა და რიცხვები და აღწერეთ, რა იყო თქვენი მოტივაცია ამ საქმეში ჩასართავად.
0