შეხედულებები ეშმაკით შეპყრობილობის შესახებ

0
შეხედულებები ეშმაკით შეპყრობილობის შესახებ დროთა განმავლობაში ყოველთვის იცვლებოდა და ისიც ცხადად ჩანს, რომ ცივილიზაციის სოციალური და კულუტურული ფონი დიდად განსაზღვრავს ეშმაკით შეპყრობილობის იდეას. კათოლიკური და ასევე მართლმადიდებელი ეკლესია ეშმაკის განდევნის ფაქტს აღიარებს და მას ეგზორციზმი ჰქვია, თუმცა, ფსიქიატრთა და ფსიქოლოგთა დიდი ნაწილი თვლის, რომ ეს მხოლოდ ფსიქიკური აშლილობაა და ყველა ეშმაკით შეპყრობილს აქვს კონკრეტული ფსიქიკური დარღვევის სიმპტომები და შესაბამისად, მკურნალობა მედიკამენტების საშუალებით უნდა ჩაუტარდეს. არსებობენ, თუ – არა ეშმაკები, შეუძლიათ თუ – არა ადამიანის სხეულში ჩასახლება, შეიძლება თუ – არა ეგზორციზმით მათი განდევნა, ეს ნამდვილად ეშმაკით შეპყრობაა თუ ფსიქიკური აშლილობა? – ამ კითხვებზე პასუხების მოძიებას, სხვადასხვა კულტურებსა და დროში დამკვიდრებული მოსაზრებების საფუძველზე შევეცადეთ. ეშმაკისა და ეგზორციზმის იდეა და ამ იდეის განვითარება განსხვავებულ კულტურებსა და დროში ეშმაკით შეპყრობილებისა და ეგზორციზმის კულტურული და ისტორიული კონტექსტი რელიგიაში, მითოლოგიაში, ოკულტიზმსა და ფოლკლორში - დემონია, ზებუნებრივი ძალა, ბოროტი სული, რომელიც მომდინარეობს ბერძნული სიტყვიდან „დაიმონ“ და ღმერთსა და ადამიანს შორის მდგარ არსებას აღნიშნავს. ყველა რელიგიასა და კულტურაში ვხვდებით ეშმაკით შეპყრობილთა შემთხვევებს და შესაბამისად, მათი განდევნისთვის საჭირო რიტუალებს. ცნობილია, რომ ეგზორციზმის ჩატარების უფლება ყველას არ აქვს, ასეთი უფლება მხოლოდ მღვდლებს, რაბინებს, შამანებს, ბრაჰმანებსა და სხვებს გააჩნიათ. თუმცა დღეს, დასავლურ კულტურაში, არიან ისეთი ეგზორცისტებიც, რომელთაც რაიმე სასულიერო წოდება არ გაჩნიათ. (მაგ. ბობ ლარსონი, რომელსაც ეგზორციზმზე საკუთარი “ცოცხალი წარმოდგენა” ე.წ. რეალითი შოუ აქვს. ეგზორციზმის რიტუალის დროს იყენებენ ლოცვებს, კმევას, წმინდა წყალს, ჯვრებს, მარილს, ვარდს და სხვა. ადრეულ ხანაში ყველა სახის დაავადება ბოროტ ძალებს მიეწერებოდათ. მაგალითად ძველ ბაბილონსა და მესოპოტამიაში სჯეროდათ, რომ გარკვეული დაავადებები გამოწვეული იყო დემონური ძალებით, ჯადოქრობით ან ავი თვალით. შეპყრობილობა მიღებული იყო როგორც სასჯელი. ბაბილონელი სასულიერო პირები ასრულებდნენ ეგზორციზმს, რომლის დროსაც ამსხვრევდნენ თიხის ან ცვილის ფიგურას, რათა ადამიანში ჩასახლებული ავი სული გაენადგურებინათ. ჩვენს წელთ აღრიცხვამდე 650 წლით დათარიღებულ ასირიულ ტექსტში აღწერილია ეპილეფსიური სიმპტომები, როგორც ეშმაკით შეპყრობილობა: “..თუკი მისი შეპყრობის დროს, როდესაც ის ზის, მარცხენა თვალი აუთამაშდება, ტუჩი დაეჭიმება, პირიდან ნერწყვი წამოუვა, და მისი მარცხენა ხელი, ფეხი და ტანი ყელგამოჭრილი ცხვარივით დაიწყებს ფართხალს, ე.ი. ეს არის მიგტუ. თუ ამ დროს ის გონზეა, ეშმაკის განდევნა შესაძლებელია; თუკი არ არის გონზე, ეშმაკს ვერ განაგდებ” ინდურ ვედებში, რომლებიც დაწერილია ჩვენს წელთაღრიცხვამდე 1000 წელს, ჰინდუს ღმერთებთან ერთად ნახსენებია ბოროტი არსებები, რომლებიც ადამიანების სიცოცოცხლეს აზიანებენ. სპარსეთში ასტრი მოღვაწეობდა, რომელიც ეგზორციზმისათვის ლოცვებს, წმინდა წყალს და სხვადასხვა რიტუალებს იყენებდა. იგი მიჩნეულია პირველ მისნად, რომელმაც საფუძველი ჩაუყარა ზოროასტრიზმს. ბერძენი ფილოსოფოსი სოკრატე თვლიდა, რომ შეშლილები ეშმაკის ზეგავლენას განიცდიდნენ. ასევე პლატონს სჯეროდა, რომ დემონები მოკვდავებს სხეულში უსახლდებიან. ამასთან, ძველ საბერძნეთში დიონისეს კულტის სახელით გამართული სექსუალური რიტუალების დროს მონაწილეები ღვთაებრივ სულებს ნებაყოფლობით იღებდნენ.
0