ავინიონში დანით შეიარაღებული კაცი პოლიციას თავს დაესხა

0
საფრანგეთის ქალაქ ავინიონში დავით შეიარაღებულმა კაცმა პოლიციელებზე თავდასხმა სცადა. ამის შესახებ ადგილობრივი რადიოსადგური Europe 1 იტყობინება. თავდამსხმელი ყვიროდა „ალაჰუ აკბარ“. პოლიციელებმა მას ცეცხლი გაუხსნეს. მიღებული ჭრილობების შედეგად თავდამსხმელი შემთხვევის ადგილზე გარდაიცვალა. მომხდარის სხვა დეტალები ჯერჯერობით უცნობია. დღესვე ნიცაში დანით შეიარაღებული კაცი ნოტრ-დამის ბაზილიკაში მყოფებს დაესხა თავს, რის შედეგადაც 3 ადამიანი გარდაიცვალა. ასევე 29 ოქტომბერს ცნობილი გახდა, რომ საუდის არაბეთის ქალაქ ჯიდაში „ბასრი საგნით„ შეიარაღებულმა კაცმა საფრანგეთის საკონსულოს დარაჯი დაჭრა. თავდამსხმელი დაკავებულია. ჯერჯერობით უცნობია უკავშირდება თუ არა ეს 3 თავდასხმა ერთმანეთს. 16 ოქტომბერს, პარიზის შემოგარენში რუსეთში დაბადებულმა აბდულაჰ ანზოროვმა ისტროიის მოსწავლე სამუელ პატის თავი მოჰკვეთა. დანაშაულის მოტივი კი ის ფაქტი გახდა, რომ მასწავლებელმა გაკვეთილზე წინასწარმეტყველის კარიკატურები აჩვენა. ამ ფაქტს საფრანგეთისა და თურქეთის პრეზიდენტებს შორის დაპირისპირება მოჰყვა. ემანუელ მაკრონმა განაცხადა, რომ ისლამი კრიზისშია, მასწავლებელი კი „რესპუბლიკის განსახიერებაა“. „კარიკატურებსა და ნახატებზე უარს არ ვიტყვით“, - განაცხადა მაკრონმა. ამის შემდეგ რეჯეფ თაიფ ერდოღანმა მაკრონი ისლამოფობიაში დაადანაშაულა, „ავადმყოფი“ უწოდა და ფსიქიკური ჯანმრთელობის შემოწმება ურჩია. ამის გარდა თურქეთის პრეზიდენტმა თანამოქალაქეებს ფრანგული საქონლის ბოიკოტისკენს მოუწოდა. დაპირისპირების შემდეგი ეტაპი ჟურნალ Charlie Hebdo-ში გამოქვეყნებული ერდოღანის კარიკატურა გახდა, რომლის გამოც ანკარის გენერალურმა პროკურატურამ სატირული ჟურნალის წინააღმდეგ სისხლის სამართლის საქმე აღძრა.
0