კომპენსაციისთვის უნდა წარადგინონ ფიქსირებული გადასახადით დასაბეგრი საქმიანობის რეგისტრაციის სტატუსი

0
პირებმა, რომლებიც საქმიანობას ახორციელებენ თონეებში, სილამაზის სალონებსა და ავტომობილების ტექმომსახურების ცენტრებში, კომპენსაციის მისაღებად უნდა წარადგინონ ფიქსირებული გადასახადით დასაბეგრი საქმიანობის რეგისტრაციის სტატუსი, - ამის შესახებ ფინანსთა მინისტრის მოადგილე ლაშა ხუციშვილმა ანტიკრიზისული გეგმით გათვალისწინებული მიზნობრივი სოციალური დახმარებისა და საგადასახადო შეღავათების პრეზენტაციისას განაცხადა. საქართველოში ამ დროისთვის იდენტიფიცირებულია ამ სტატუსის მქონე 7 000-მდე პირი. გარდა ამისა, მიკრო ბიზნესის სტატუსის მქონე მეწარმეები კომპენსაციის მიღებას შეძლებენ მიკრო ბიზნესად რეგისტრაციის დამადასტურებელი დოკუმენტის საფუძველზე. „პირები, რომლებიც ახორციელებენ ფიქსირებული გადასახადით დასაბეგრ საქმიანობას - ეს არის სპეციალური სტატუსი, რომელიც შექმნილია პირებისთვის, რომლებიც საქმიანობას ახორციელებენ თონეებში, სილამაზის სალონებში და ავტომობილების ტექმომსახურების ცენტრებში. ასეთი პირებისთვის მათი რეგისტრაციის სტატუსი საკმარისი იქნება იმისთვის, რომ მათ მიიღონ კომპენსაცია. იდენტიფიცირებულია დაახლოებით 7 000-მდე ასეთი პირი. მიკრო ბიზნესის სტატუსის მქონე მეწარმეები, რომლებიც დაფინანსებას არ იღებენ ბიუჯეტიდან - ეს არის გადამხდელების კატეგორია, რომელთა შემოსავალი არის 30 000 ლარამდე და რომელთაც სალარო აპარატის გამოყენების ვალდებულება არ აქვთ, ხოლო მეორე მხრივ, იქიდან გამომდინარე, რომ მათი შემოსავალი სრულად გათავისუფლებულია 30 000 ლარამდე საშემოსავლო გადასახადისგან, ამ ნაწილში გვაქვს საკმაოდ დაბალი დეკლარირების კულტურა. ამ მიზეზების გამო, გადავწყვიტეთ, რომ მიკრო ბიზნესად რეგისტრაციის სტატუსი საკმარისი იქნება იმისთვის, რომ მათ მიიღონ შესაბამისი კომპენსაცია. მიკრო ბიზნესის სტატუსის მქონე 60 000- ზე მეტი პირია საქართველოში რეგისტრირებული. თვითდასაქმებულები, რომლებიც არ არიან რეგისტრირებული შემოსავლების სამსახურში და ყველა ვხვდებით, რომ ეს საკმაოდ რთული კატეგორიაა, რომლის იდენტიფიცირებაც შედარებით რთულია, ასეთმა პირებმა ჯანდაცვის სამინისტროს ელექტრონულ პორტალზე უნდა შეავსონ განაცხადის ფორმა და წარადგინონ შემოსავლის წყაროს დამადასტურებელი დოკუმენტი. მაგალითისთვის, ასეთი დოკუმენტი შეიძლება იყოს გადასახადის გადამხდელად რეგისტრირებული პირის მიერ გაცემული პირველადი საგადასახადო დოკუმენტი: შესყიდვის აქტი, მიღება-ჩაბარების აქტი. იურიდიულ პირებს ამ დოკუმენტის შენახვის ვალდებულება აქვთ 3 წლის განმავლობაში და შესაბამისად, თუ მათთან ფიზიკურ პირებს რაიმე ტიპის ეკონომიკური ურთიერთობა ჰქონდათ, ასეთ დოკუმენტებში ისინი აუცილებლად დაფიქსირდებოდნენ. ეს შეიძლება იყოს საბანკო ამონაწერებიც, სადაც გამოჩნდება მათი შემოსავლის წყარო და ეკონომიკური საქმიანობის განხორციელების აქტი. ეს შეიძლება იყოს მუნიციპალიტეტის ან სხვა ადმინისტრაციული ორგანოს მიერ პირზე გაცემული რაიმე სახის საქმიანობის დამადასტურებელი ცნობა, იქნება ეს ნებართვა ლიცენზია თუ ა.შ. თვითდასაქმებულებისთვის კომპენსაციის მოცულობა განსაზღვრულია ერთჯერადად 300 ლარის ოდენობით. კომპენსაციის მოთხოვნის წესი შემდეგნაირია: ფიზიკურმა პირმა არაუგვიანეს 2020 წლის 1 ივლისისა ჯანდაცვის სამინისტროს ელექტრონულ პორტალზე უნდა წარადგინოს შესაბამისი მოთხოვნა და საბანკო რეკვიზიტები, ეს ეხება როგორც იდენტიფიცირებულ, ასევე არაიდენტიფიცირებულ თვითდასაქმებულს, “ - განაცხადა ლაშა ხუციშვილმა.
#კორონავირუსი
#დახმარება
#მთავრობა
#tbilisidaily
0