სახლში დარჩენა, როგორც საფრთხე ოჯახში ძალადობის მსხვერპლთათვის

0
მოწოდება , , დარჩი სახლში!” კორონავირუსის საფრხისგან თავის დაცვას ისახავს მიზნად, თუმცა იმ ქალებისთვის, რომლებიც განიცდიან ოჯახურ ძალადობასა თუ შევიწროებას, სახლი სულაც არ არის უსაფრხო ადგილი და მშვიდი ნავსაყუდელი. კორონავირუსმა მსოფლიო საზოგადოება ახალი გამოწვევების წინაშე დააყენა. ფსიქოლოგები ვარაუდობენ, რომ პანდემიის დასრულების შემდეგ სამყარო აღარასდროს იქნება ისეთი, როგორიც აქამდე იყო და ეს უპირველეს ყოვლისა ინდივიდების მენტალური და ფსიქო-ემოციური მდგომარეობის ფორმაციით გამოვლინდება - საზოგადოებაში აგრესიის მომატებული მუხტია, ადამიანებში გაზრდილია შიშის, მიუსაფრობის, დაღლილობის, პანიკის, დეზორიენტირებისა და დაუცველობის განცდა. კარანტინით გამოწვეულმა შფოთვამ, ასევე, ეკონომიკურმა ზარალმა და გაღარიბების მოლოდინმა ურთიერთობებზე ნეგატიური გავლენა მოახდინა. ცნობიერად თუ არაცნობიერად, ყველა განიცდის დაძაბულობასა და დაბნეულობას, ვინაიდან დღეს მტერი და შესაბამისად, აგრესიის ობიექტიც უხილავია. კორონავირუსის პანდემიის გამო ადამიანებში შფოთვითი აშლილობები მწვავდება, ეს კი განსაკუთრებითით აისახება ძალადობრივი მენტალიტეტის მქონე პირთა ქცევაზე. მოძალადეს კორონავირუსისგან გამოწვეული რეალობა უქმნის დამატებით მაპროვოცირებელ ფაქტორებს, რომ აგრესია გაცილებით დიდი ინტენსივობითა და მასშტაბებით მიმართოს პოტენციური მსხვერპლისკენ, ამით კი სრული კონტროლი მოიპოვოს მასზე. საგულისხმოა, რომ მოძალადეების დიდი ნაწილი ქალთა შევიწროების მიზნით პანდემიამდეც მიმართავდა იზოლაციის მეთოდს - მსხვერპლს უკრძალავდა სახლიდან გასვლას, მეგობრებთან და ახლობლებთან კონტაქტს, სოციალურ აქტივობებში ჩართვას, მუშაობას და ა.შ შეიძლება ითქვას, საყოველთაო კარანტინმა აგრესორებს ერთგვარი კარტ-ბლანშიც კი მისცა და მსხვერპლის , , გალიაში გამოკეტვის” სრული გარანტიები არგუნა. ამას ცხადყოფს პანდემიის პირობებში მსოფლიოში ქალთა მიმართ ძალადობის ზრდის აშკარა ტენდენციაც. გაეროს გენერალური მდივანის, ანტონიო გუტიერეშის თქმით, ბოლო პერიოდში მსოფლიოში ოჯახში ძალადობის შემთხვევები გაიზარდა. ამის მიზეზად გუტიერეში მომეტებულ შიშს, ასევე, ეკონომიკურ და სოციალურ წნეხს ასახელებს. გაეროს გენერალური მდივნის განცხადებით, სამედიცინო სექტორი და პოლიცია გადატვირთულია და საკმარისი კადრები არ ჰყავთ, ადგილობრივი მხარდამჭერი ჯგუფები პარალიზებულები არიან. ამასთან, გაეროსთან არსებულმა ქალთა უფლებების დაცვისა და გენდერული თანასწორობის ხელშეწყობაზე მომუშავე ორგანიზაციამ UN Women-მა გამოაქვეყნა ანგარიში, რომლის მიხედვითაც COVID-19-ის პანდემიის პირობებში ქალებსა და გოგონებზე ძალადობა, განსაკუთრებით კი ოჯახური ძალადობა, გაიზარდა. საფრანგეთში ოჯახური ძალადობის შესახებ შეტყობინების რიცხვი კარანტინის გამოცხადების შემდეგ 30%-ით გაიზარდა, არგენტინაში - 25%-ით, კვიპროსში - 30%-ით, სინგაპურში - 33%-ით. დახმარების მთხოვნელი ქალების რიცხვი გაზრდილია კანადაში, გერმანიაში, დიდ ბრიტანეთში, ამერიკის შეერთებულ შტატებსა და ესპანეთშიც. საინტერესოა, რა ვითარებაა ამ მხრივ საქართველოში? საქართველოში, ამ ეტაპზე, არ გამოქვეყნებულა ახალი კორონავირუსის პანდემიის დროს ოჯახში ძალადობის შემთხვევათა სტატისტიკა. საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, პანდემიის გავრცელების პირობებში, არ შეინიშნება ოჯახში ძალადობის შემთხვევების შეტყობინების ზრდა, თუმცა სრულიად განსხვავებულ ინფორმაციას ავრცელებენ ქალთა უფლებებზე მომუშავე არასამთავრობო ორგანიზაციები. 31 მარტს, სამმა არასამთავრობო ორგანიზაციამ - საიამ, , , საფარმა" და პარტნიორობამ ადამიანის უფლებებისთვის, ერთობლივი განცხადება გაავრცელა. ორგანიზაციები აღნიშნავენ, რომ მათ ბოლო ორი კვირის განმავლობაში ძალადობასთან დაკავშირებით სამართლებრივი დახმარებისათვის იმაზე მეტი ქალი დაუკავშირდათ, ვიდრე ეს სხვა დროს ხდებოდა. არასამთავრობო ორგანიზაციები აცხადებენ, რომ საგანგებო მდგომარეობის გამო შემოღებული ზომები ამცირებს მსხვერპლების დასახმარებლად ადვოკატების ჩართულობის შესაძლებლობებსაც, რაც ქალებისა და გოგოებისათვის დამატებითი ბარიერია მართლმსაჯულებაზე ხელმისაწვდომობის უზრუნველსაყოფად. განცხადების ავტორები სახელმწიფო უწყებებს მიმართავენ და მოუწოდებენ, მიღებულ იქნას დროებითი პროცედურები, რომლითაც საგანგებო მდგომარეობის დროს მსხვერპლებს ექნებათ შესაძლებლობა, ადვოკატის ჩართულობით დისტანციურად, ელექტრონული საშუალებების გამოყენებით მისცენ ჩვენება. ასევე, შექმნილი ვითარების გათვალისწინებით, მოხდეს იმ წესების ადაპტირება, რომელიც მსხვერპლს და ადვოკატს მისცემს შესაძლებლობას, დისტანციურად იყვნენ ინფორმირებულნი გამოძიების მიმდინარეობის შესახებ და გაეცნონ საქმის მასალებს. გარდა ამისა, დისტანციურად მოხდეს მონაწილეობა საგამოძიებო მოქმედებების ჩატარების პროცესში. შსს-ს ცნობით, ოჯახში და ქალთა მიმართ ძალადობის წინააღმდეგ სახელმწიფოს მხრიდან მკაცრი პოლიტიკის გატარება გრძელდება. 24-საათიან რეჟიმში განაგრძობს მუშაობს საკონსულტაციო ცხელი ხაზი 116 006. უფასო, ანონიმურ ცხელ ხაზზე ფსიქოლოგიური და იურიდიული კონსულტაცია 8 ენაზე გაიცემა. მუდმივ რეჟიმში ფუნქციონირებას აგრძელებს 112-ის ცხელი ხაზიც. 112-თან დასაკავშირებლად შესაძლებელია მობილური აპლიკაციის (112 Georgia) გამოყენებაც. მნიშვნელოვანია, რომ პანდემიის პირობებში ძალადობის მსხვერპლი არ დარჩეს სოციალური და ინსტიტუციური მხარდაჭერის, შესაბამისი სერვისების მიწოდების გარეშე, ამიტომაც აუცილებელია ოჯახში ძალადობის ფაქტებზე სახელმწიფომ დროული და ეფექტიანი რეაგირება მოახდინოს.
#კარანტინი
#იზოლაცია
#ძალადობა
#ქალები
#tbilisidaily
0