საქართველო იქნება ერთ-ერთი პირველი, რომელიც უცხოელი ტურისტებისთვის გაიხსნება - ნათია თურნავა

0
ეკონომიკის სამინისტროს ინფორმაციით, გაიმართა წარმომადგენლობითი შეხვედრა და განხილულ იქნა დარგის წინაშე არსებული ძირითადი გამოწვევები, რომლებიც ახალი კორონავირუსის პანდემიის შედეგად წარმოიქმნა. ეკონომიკის მინისტრის ნათია თურნავას განცხადებით, აქტიურად მუშაობენ მსოფლიო ტურიზმის ორგანიზაციასთან ერთად იმისთვის, რომ ძალიან მკაცრი გაიდლაინების დანერგვის პირობებში, საქართველოს ტურისტული ბაზარი იყოს უსაფრთხო და ერთ-ერთი პირველი, რომელიც უცხოელი ტურისტებისთვის გაიხსნება. რა თქმა უნდა, ეს შესაძლებელია მხოლოდ მკაცრი კონტროლის პირობებში. მისივე თქმით, პანდემიით გამოწვეული კრიზისის შედეგად, ტურიზმის ინდუსტრია განსაკუთრებით დაზარალდა და ამდენად, განსაკუთრებულ მიდგომას საჭიროებს. შეხვედრები ტურიზმის სექტორთან სამომავლოდაც გაგრძელდება, რათა დარგის წინაშე არსებული პრობლემური საკითხები სწრაფად და ეფექტურად გადაიჭრას. „ჩვენ კრიზისის პირველივე დღიდან ვეხმარებით ტურისტულ ინდუსტრიას სხვადასხვა სახის შეღავათითა და პროგრამის ფარგლებში, მაგრამ ეს დღეს აღარ არის საკმარისი. ტურისტულ ინდუსტრიას დღეს სჭირდება გარკვეული დრო, სანამ არ გახდება ისეთივე მომგებიანი და მიმზიდველი, როგორიც კრიზისამდე იყო. ამავდროულად ჩვენ საკმაოდ ოპტიმისტურად ვართ განწყობილი იმ თვალსაზრისით, რომ საქართველო იქნება ერთ-ერთი პირველი ქვეყანა, რომელიც დაამარცხებს ეპიდემიას და გახსნის საზღვრებს. დღეს ჩვენ ვმუშაობთ ტურიზმის მხარდაჭერის პროგრამაზე, რომელიც მოიცავს როგორც ახლა განსახორციელებელ ანტიკრიზისულ ზომებს, ასევე სამომავლო სტიმულირების ინსტრუმენტებსაც, “ - განაცხადა ნათია თურნავამ.
#პანდემია
#ეკონომიკა
#ტურიზმი
#ნათიათურნავა
#tbilisidaily
0