თურნავა: წლევანდელი წელი სულ მცირე მინუს 4%-ით დასრულდება ჩვენი ეკონომიკისთვის

0
დღეს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა ნათია თურნავამ ანტიკრიზისული ეკონომიკური გეგმის პრეზენტაცია გამართა, სადაც განაცხადა, რომ წლევანდელი წელი, ყველაზე კონსერვატიული პროგნოზებით, სულ მცირე მინუს 4%-ით დასრულდება ჩვენი ეკონომიკისთვის. მისივე თქმით, მთავრობის ეფექტური პოლიტიკის და ანტიკრიზისული გეგმის შედეგად, 2021 წელს შესაძლებელია საქართველოს ეკონომიკამ 4%-იან ზრდას მიაღწიოს. მინისტრმა ასვე იმ კონკრეტულ ნაბიჯებზე ისაუბრა, რაც ბიზნესის მხარდაჭერაზეა მიმართული და აღნიშნა, რომ შეღავათები საშემოსავლო გადასახადის კუთხით, ბიზნესს დასაქმებულების შენარჩუნებაში დაეხმარება. „პირველ რიგში რაც გაკეთდა არის ღონისძიებები, რომლებიც მიმართულია სამუშაო ადგილების შენარჩუნებისკენ. ესაა საშემოსავლო გადასახადის ნაწილში ბიზნესისთვის შეთავაზებული შეღავათი, რაც გულისხმობს, რომ 1500 ლარამდე ხელფასის მქონე დასაქმებულზე ბიზნესს შეღავათი ექნება საშემოსავლო გადასახადის გადახდაში, მათ შორის 750 ლარის მქონე დასაქმებულზე საშემოსავლო გადასახადი საერთოდ განულდება. ეს არის შესაძლებლობა და შანსი ბიზნესისთვის, რომ ხელისუფლებას გადაუნაწილოს ტვირთი, რაც მათ დღეს აწევთ, როდესაც შემოსავალი შეუმცირდათ და გასაცემი აქვთ ხელფასები. ამ ღონისძიების ფარგლებში მაქსიმალურად ვუდგავართ გვერდში ბიზნესს, რომ დასაქმებულები შეინარჩუნონ“, -აცხადებს თურნავა.
#პანდემია
#ანტიკრიზისულიგეგმა
#ნათიათურნავა
#ეკონომიკა
#tbilisidaily
0