ქართველი კაკა აიაქსში ზიეჩის შემცვლელად

0
ჰოლანდიური ვებგვერდი Voetbalzone ჰაკიმ ზიეჩის შესახებ წერს, რომელიც ამსტერდამის ''აიაქსიდან'' მიდის. ამ ეტაპზე მაროკოელი კვლავ ჰოლანდიური კლუბის საკუთრებაა, თუმცა ჰოლანდიაში სეზონი პანდემიის გამო დასრულდა, ზაფხულში აფრიკელი მოთამაშე ლონდონის ''ჩელსისთან'' კონტრაქტის გაფორმებას აპირებს. აღნიშნული გამოცემა იმ ფეხბურთელებზე წერს, რომელთაც ზიეჩის შეცვლის პოტენციალი აქვთ. მათ შორისაა ''გენტის'' ქართველი ფეხბურთელი გიორგი ჩაკვეტაძე. საქართველოს ეროვნული ნაკრების ლიდერს ''ქართველ კაკად'' მოიხსენიებენ და აღნიშნავენ, რომ ზიეჩისა და ჩაკვეტაძის მსგავსება 92 პროცენტს უტოლდება, რაც ნიშნავს, რომ ისინი ერთი სტილის მოთამაშეები არიან. ''2018-19 წლების სეზონში ჩაკვეტაძე შესანიშნავი მოქმედებებით, გოლებითა და პასებით ''გენტის'' ერთ-ერთი საუკეთესო ფეხბურთელი იყო, თუმცა მუხლის მძიმე ტრავმის გამო დიდი დრო გაუცდა. ტრავმის მიღებამდე მისი გადაბირებით არაერთი გუნდი დაინტერესდა, მათ შორის იტალიური ''რომა.'' ამ ეტაპზე ქართველის გადაბირების დიდი სურვილი თურქულ ''ტრაბზონს'' აქვს. მაშინ როცა ჯონათან დევიდის ''გენტიდან'' წასვლის შანსი დიდია, ბელგიურ კლუბთან ჩაკვეტაძის ტრანსფერზე შეთანხმების მიღწევა რთული იქნება. ამ ეტაპზე ბელგიური კლუბი ქართველის შენარჩუნებას ეცდება.'' ჩაკვეტაძის გარდა ზიეჩის შესაძლო შემცვლელთა სიაში შემდეგი ფეხბურთელები მოხვდნენ: ალექს ბერენგერი (ტორინო), რომანო შმიდი (ვოლფსბერგერი), ებერეჩი ეზე (ქპრ), ლუდოვიც ბლასი (ნანტი), კელვინ სტენგსი (ალკმაარი), პედრინიო (კორინთიანსი).
0