მედპერსონალის ინფიცირების მაღალი მაჩვენებელი საქართველოში - მიზეზები და არსებული გამოწვევები

0
პირველ მაისს დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის დირექტორმა, ამირან გამყრელიძემ განაცხადა, რომ ქვეყანაში მედპერსონალის კორონავირუსით ინფიცირების 72 შემთხვევაა დადასტურებული, რაც საერთო რიცხვის 12.7%-ს შეადგენს. გამყრელიძის შეფასებით, ეს არც ცოტაა და არც ძალიან ბევრი და საერთაშორისო ციფრების საშუალო მაჩვენებელს წარმოადგენს. თუმცა აღნიშნულ სტატისტიკურ მონაცემებში განგაშის საფუძველი დაინახა არაერთმა სამედიცინო ექსპერტმა თუ პოლიტიკოსმა. მათი მოსაზრებით, იმ ფონზე, როდესაც ქვეყანაში ექვსი ასეული დადასტურებული შემთხვევაც კი არ გვყავს, 72 მედპერსონალის დაინფიცირების შემთხვევა კატასტროფულად დიდი მაჩვენებელია. , , ევროპული საქართველოს” ერთ-ერთი ლიდერის, ზურაბ ჭიაბერაშვილის განცხადებით, სხვა ქვეყნებში, მაგალითად, ჩინეთსა და იტალიაში მედიკოსების დაინფიცირება უკავშირდებოდა გადატვირთულ სამედიცინო სექტორსა და პაციენტების უწყვეტ ნაკადს, საქართველოში კი ჯერჯერობით ეს პრობლემა არ დამდგარა, შესაბამისად, ექიმებისა და ექთნების დაინფიცირება ჯანდაცვის ვერტიკალში არსებულ ხარვეზებზე მიუთითებს. რამ გამოიწვია საქართველოში მედპერსონალის ინფიცირება? ჯანდაცვის მინისტრის, ეკატერინე ტიკარაძის განმარტებით, უმრავლესი შემთხვევა სამუშაო სივრცის მიღმა მოხდა. მანვე აღნიშნა, რომ ჯანდაცვის უწყების მიერ იგეგმება ღონისძიებების კიდევ უფრო გამკაცრება და , ასევე, მიმდინარეობს იმ ხარვეზების გამოკვლევა, რამაც გამოიწვია სამედიცინო პერსონალის დაინფიცირება. საგულისხმოა, რომ ამირან გამყრელიძის განცხადებითაც, საჭიროა ინფექციის კონტროლის ღონისძიებებისა და სპეციალური დამცავი საშუალებების კიდევ უფრო გამკაცრება. ამ ყველაფრის ფონზე ჩნდება კითხვა, რა ხარვეზებზეა საუბარი? სათანადოდ გადაამზადა თუ არა ჯანდაცვის უწყებამ სამედიცინო პერსონალი და არიან თუ არა ისინი აღჭურვილნი ყველა საჭირო დამცავი საშუალებით როგორც თბილისში, ისე რეგიონებში? ხაზგასასმელია, რომ 72 ინფიცირებული მედპერსონალიდან 30 სასწრაფო სამედიცინო დახმარების თანამაშრომელია, რაც, დიდი ალბათობით, არასაკმარის დაცვასთან და პერსონალური უსაფრთხოების საშუალებების არქონასთან არის დაკავშირებული. ტელევიზიიდანაც შენიშნავდით, რომ ხშირ შემთხვევაში სასწრაფოს თანამშრომლებს ქირურგიული ნიღაბი უკეთიათ, რომელიც ადამიანს ვერ იცავს კოვიდინფექციის გადადების საფრთხისგან. აუცილებელია გადამოწმდეს, რამდენად არის ეკიპირებული სამედიცინი პერსონალი, რომელთაც პირდაპირი კავშირი უხდებათ როგორც ინფიცირებულებთან, ასევე, შესაძლო ინფიცირებულებთან, კონტაქტებთან, რისკ-ჯგუფებთან. მნიშვნელოვანი გარემოებაა ისიც, თუ როგორ იყენებენ ექიმები, ექთნები და სანიტრები უსაფრთხოების საშუალებებს - არიან თუ არა ისინი სათანადოდ ინსტრუქტირებულნი, ფლობენ თუ არა ინფორმაციას როგორ ჩაიცვან და გაიხადონ სპეცტანსაცმელი, უტარდებათ თუ არა მათ შესაბამისი კვალიფიციური ტრენინგები და ა.შ გარდა ამისა, აუცილებელია ყველა სამედიცინო დაწესებულებაში მედპერსონალს რეგულარულად ჩაუტარდეს ტესტირება და ეს არ უნდა ეხებოდეს მხოლოდ COVID-ის სამკურნალო კლინიკებსა და ე.წ , , ცხელების ცენტრებს”. იმ ფონზე, როდესაც ვირუსის გავრცელების მასშტაბები იზრდება, განსაკუთრებულ მნიშვნელობას იძენს თითოეული სამედიცინო პუნქტისა და წერტილის მზაობა ებრძოლოს Covid19-ს, რაც, უპირველეს ყოვლისა, მოიაზრებს მედპერსონალისთვის უწყვეტი ტრენინგების ჩატარებას ყველა დასახლებულ პუნქტში, იქნება ეს დედაქალაქი, მუნიციპალიტეტი თუ სოფელი. ტრენინგები პაციენტის ნაკადების მართვასა და ინფექციის შიდა გავრცელების მექანიზმებს სრულყოფს და უზრუნველყოფს იმას, რომ საავადმყოფო არ გახდეს კორონავირუსის შემდგომი გავრცელების წყარო. საყურადღებოა მედპერსონალის გადაღლის ფაქტორიც. ეს სახელდება ერთ-ერთ მიზეზად, რის გამოც, შესაძლოა, ექიმებმა და ექთნებმა ვეღარ შეძლონ კონცენტრაცია წესების დაცვაზე. მნიშვნელოვანია, ექიმებს ჰქონდეთ ნორმალური და დაბალანსებული სამუშაო გრაფიკი იმისათვის, რომ მათ ყველა რეკომენდაციისა და მოვალეობის ეფექტურად შესრულება მოახერხონ.
#მედპერსონალი
#კორონავირუსი
#ჯანდაცვა
#ჯანდაცვისსამინისტრო
#დაავადებათაკონტროლი
#ამირანგამყრელიძე
#tbilisidaily
0