5 რამ, რაც შეზღუდვების მოხსნის შემდეგ უნდა გააკეთოთ – ქართველი ფსიქოლოგების რჩევები

0
უკვე ორი თვეა კორონავირუსის პანდემიის გამო საქართველოს მოსახლეობის უმეტესი ნაწილი სახლშია გამოკეტილი. ამის გარდა, დაახლოებით 1 თვის განმავლობაში შეზღუდული იყო საქალაქთაშორისო მიმოსვლა, სამზე მეტი ადამიანის თავშეყრის შეზღუდვა კი ამ დრომდე მოქმედებს. ფსიქოლოგები აქტიურად საუბრობენ სახლში ყოფნისგან მიღებულ სტრესზე. საკოორდინაციო საბჭომ კი შეზღუდვების ეტაპობრივად მოხსნის გადაწყვეტილება მიიღო, თუმცა კონკრეტულად, როდის დასრულდება პანდემია საქართველოში, ამის პროგნოზირება ჯერჯერობით უჭირთ. ჯანდაცვის სპეციალისტები პანდემიის დასრულებას ივნისის პირველ ნახევარში ვარაუდობენ, თუმცა ასევე ამბობენ, რომ სოციალური დისტანცირება და პირბადეების ტარება, ყოველდღიური ცხოვრების ნაწილი გახდება. საქართველოში საკმაოდ ბევრი მოქალაქეა, რომელსაც ამ დროის განმავლობაში საკუთარი ოჯახის წევრებიც კი არ უნახავს და შესაბამისი სამსახურების მიერ დადგენილ რეკომენდაციებს ზედმიწევნით ასრულებენ. სავარაუდოდ ნამდვილად დაგაინტერესებთ ფსიქოლოგების რჩევები, თუ რა უნდა გავაკეთოთ პირველად პანდემიის დასრულების და სახლებიდან გამოსვლის შემდეგ. „პრაიმტაიმი“ ქართველი ფსიქოლოგების რჩევებს გთავაზობთ: ნინო კომახიძე: ​1. პირველი, რისი გაკეთებაც ალბათ ყველაზე ბუნებრივი იქნება, არის ის, რაც ყველაზე ძალიან გენატრებათ ამ პერიოდში. დააჯილდოვეთ საკუთარი თავი, ეს თქვენ ნამდვილად დაიმსახურეთ. 2. ფიზიკური მოძრაობა, სეირნობა, ვარჯიში და ბუნებაში გასვლა. 3. გაანალიზეთ სტრესული პერიოდი. დაფიქრდით, რა გაგიჭირდათ ყველაზე ძალიან და რა აღმოაჩინეთ ცხოვრების შეცვლილი რიტმის ფონზე. ახლა გადასარევი დროა ამ აღმოჩენების და ცვლილებების გასაანალიზებლად. 4. ყოველი კრიზისი, სტრესული სიტუაცია, რომელსაც ადამიანი გადალახავს, ნიშნავს რომ ის უფრო ძლიერი გახდა ვიდრე იყო მანამდე. დარწმუნდით, რომ ამ სტრესიდან ბოლომდე გამოხვედით და იზრუნეთ თქვენს მენტალურ ჯანმრთელობაზე. 5. და ბოლოს, აუცილებლად გაითვალისწინეთ ექიმების რჩევები, რომელიც პანდემიის შემდგომ პერიოდშიც იქნება დასაცავი თქვენი და თქვენი ახლობლების ჯანმრთელობისთვის. ნანა ჩაჩუა: 1. ცხოვრების ნებისმიერ მომენტს აქვს თავისი პოზიტიური მხარე. აღმოაჩინე კარანტინის პერიოდის სიკეთეები, როგორც საკუთარ თავში, ასევე ოჯახში, ქვეყანაში და მთელ სამყაროში. 2. შინ ყოფნამ ცხადია, ახალი გამოცდილებები ყველას თავისებურად შეგვძინა. საყოველთაოდ ცნობილია, რომ გამოცდილებები სულიერად გვაძლიერებენ და ცხოვრებისეული სირთულეების დაძლევაში გვეხმარებიან. ნეგატიურის აღნიშვნა და მასზედ ყურადღების გამახვილება სხვა დროისთვის გადავიტანოთ „არის ჟამი თქმისა და არის ჟამი უთქმელობისა“. 3. გაიხსენეთ კარანტინის პერიოდის კურიოზები. მოუყევით მეგობრებს, ახლობლებს. წამოიღე წარსულიდან სახალისო განცდები. 4. კარანტინიდან გამოყოლილ ჩვევებს „ოქროს შუალედი“ შევუნარჩუნოთ. ადრეულ პერიოდში მისალმების ტრადიციულ, კულტურულ ფორმად მიღებული იყო თავის ოდნავ დახრა. თანამედროვეობამ შორიდან ხელის აწევით მისალმება უფრო მეტად გაითავისა. მშვენიერი „ოქროს შუალედია“ მეტისმეტად შეზღუდვასა და მეტისმეტ ფამილიარობას შორის. 5. ვისაუბროთ უფრო მეტად იმაზე თუ რა გაკეთდა კარგად, როგორც ჩვენი მხრიდან, ასევე სხვისგანაც. არ დაიშუროთ კეთილი სიტყვები, გამოხატეთ მადლიერება. ეს თქვენ და თქვენს ირგვლივ მყოფებს სულიერ ძალას შეგმატებთ. იყავით გულწრფელი და მადლიერი იმისა, რომ სირთულე გადაილახა. გამოცდილება არის და წინ კიდევ დიდი ცხოვრებაა ჩვენს მიერ შესაცნობი და განსახორციელებელი. ჩავთვალოთ თავი ამისთვის მზად. არ არსებობს არც ცუდი და არც კარგი წარსული.
0