სებასტიან კოშარი - „საქართველო ევროკავშირში. და რატომაც არა?“

0
„ საქართველო ევროკავშირში: და რატომ არა?“- ამ სათაურით სტატიას გავლენიანი ფრანგული ფინანსური გამოცემა Les Echos აქვეყნებს. „მაშინ, როდესაც ევროკავშირმა ახლახან დაკარგა ერთი წევრი დასავლეთით, მეორე სახელმწიფომ, ამჯერად ევროპის აღმოსავლეთით, საჩქაროდ განაცხადა, რომ ის შეცვლის დიდ ბრიტანეთს ბრიუსელში. ეს არის ის, რაც საქართველოს მოქმედმა პრეზიდენტმა და ყოფილმა ფრანგმა დიპლომატმა სალომე ზურაბიშვილმა თქვა“, – წერს სტატიის ავტორი. სებასტიან კოშარის თქმით, ზოგიერთი ამ წინადადებას შესაძლოა, ღიმილით შეხვდეს და ქედმაღლურად შეხედოს „პატარა საქართველოს“, თუმცა ეს ბევრი მიზეზის გამო შეცდომა იქნება. „პირველი მიზეზი არის ის რომ, პანდემიის ამ ტრაგიკულ დღეებში, როდესაც ევროკავშირი კვლავ დგას მიგრაციული კრიზისის წინაშე, რომელმაც ევროკავშირს დიდი ზიანი მიაყენა, ყველაზე სულელებისთვისაც კი ცხადია, რომ ჩვენი ცხოვრების ნაწილს ჩვენს საზღვრებზე მიმდინარე მოვლენები განსაზღვრავს. საქართველო კი, ევროკავშირისთვის აღმოჩნდა იგივე, რასაც რუსეთი „უახლოეს საზღვარგარეთს“ უწოდებს. ამიტომ, ის, რაც საქართველოში ხდება, ჩვენ გვეხება და ჩვენ ეს უნდა გვაინტერესებდეს“, – წერს ავტორი. გამოცემაში აღნიშნულია, რომ საქართველო ერთი მხრივ არის ხიდი ევროპას, რუსეთსა და ახლო აღმოსავლეთს შორის, ხოლო მეორე მხრივ, საქართველოში პოლიტიკური და ეკონომიკური სიტუაცია უმჯობესდება. სტატიაში ხაზგასმულია, რომ საქართველოს მოსახლეობის უდიდესი ნაწილი მტკიცედ უჭერს მხარს ევროკავშირთან დაახლოებას. ავტორი აღნიშნავს, რომ საქართველოს გაფორმებული აქვს ევროკავშირთან ასოცირების შეთანხმება, რაც თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმებას მოიცავს. ასევე საქართველო არის ევროპის საბჭოს თავმჯდომარე ქვეყანა. საქართველოში პოლიტიკური სტაბილურობასთან ერთად ეკონომიკაც მნიშვნელოვნად იზრდება, რაც გადამწყვეტია, განსაკუთრებით თუ გავიხსენებთ, რომ ევროკავშირი უპირველეს ყოვლისა საერთო ბაზარია. მაგალითად, მსოფლიო ბანკმა საქართველოსთან თანამშრომლობის 25-ე წლის აღნიშვნისას ხაზი გაუსვა ქვეყანაში ეკონომიკური და სოციალური სისტემის მნიშვნელოვან გაუმჯობესებას. განსაკუთრებით აღსანიშნავია სიღარიბის მაჩვენებლის შემცირება. ეს მაჩვენებელი 2006 წელს 32, 5% იყო, ხოლო 2017 წელს 16, 3%“, – წერს ავტორი. სტატიაში ასევე ნათქვამია, რომ საქართველოს წინა მთავრობის დროს, 2008 წლის რუსეთ-საქართველოს ომმა შეახსენა ევროპას, რომ ევროკავშირის უსაფრთხოების და კეთილდღეობის დაცვა მოითხოვს, ევროკავშირის საზღვრებს გარეთ საზრიანი და აქტიური პოლიტიკის გატარებას. „ეს გრძელვადიან პერიოდში ევროკავშირის გაფართოებას და საქართველოს გაწევრებას ნიშნავს? გამოწვევა დიდია და დიდწილად დამოკიდებულია ქართველებზე. თუმცა, ევროკავშირის და საფრანგეთის ინტერესებშია მუდმივად მიადევნოს თვალი პოლიტიკურად სტაბილურ, დინამიური ეკონომიკის მქონე ქვეყანას, რომელსაც პროდასავლური მთავრობა და მოსახლეობა ჰყავს და რომელიც ევროპის საზღვარზე მდებარეობს. ეს არის ყველაზე ცოტა, რასაც საზრიანი სამეზობლო პოლიტიკისგან უნდა ველოდოთ“, – წერს ავტორი- ეკონომისტი სებასტიან კოშარი. #EU #Georgia #dailynews #bilisidaily
0