DAVID KOMA *აღარ არის მხოლოდ წითელი ხალიჩის ბრენდი

0
წელს დავით კომახიძე აფრიკის კონტინენტს პირველად ესტუმრა. ქართველი დიზაინერი თავისი ბრენდის ოფიციალურ ინსტაგრამს მოდასთან არათემატური ვიდეოების გასაზიარებლად არ იყენებს, თუმცა კენიაში ვიზიტი გამონაკლისი აღმოჩნდა. ნანახმა მოლოდინს გადააჭარბა და გაოცებული დავითი იშვიათი აქტივობით ანახლებდა სოციალურ ქსელს, რათა ყველასთვის გაეზიარებინა თავისი ემოციები. ცხადი იყო, რომ კომახიძის განცდები, რაც ამ მოგზაურობამ დაუტოვა, აუცილებლად აისახებოდა ახალ კოლექციაზე, რომელიც დღეს ლონდონის მოდის კვირეულზე წარადგინა. პირველი ლუქები ზებრის ტყავისგან იყო შთაგონებული, რაც პირდაპირ ეხმიანებოდა აფრიკას, თუმცა კომას დღევანდელ ჩვენებაში ყველაზე თვალშისაცემი ყოველდღიური სამოსის დეტალების სიმრავლე იყო. David Koma 2020 წლის გაზაფხული/ზაფხული – ლონდონის მოდის კვირეულის ახალი სეზონი, 2019 წლის 15 სექტემბერი. 2020 წლის გაზაფხული/ზაფხულის ჩვენებაზე David Koma-ს 10 წელი შეუსრულდა. მნიშვნელოვანი თარიღის აღნიშვნა კომახიძემ სიახლით დაიწყო. გასულ 10 წელში David Koma ყველა ქალისთვის სასურველ სამოსს ქმნიდა, თუმცა დავითის ხედვა მეტწილად საღამოს კაბებს ერგებოდა, ლუქებს, რომლითაც ვარსკვლავები რეიტინგულ გადაცემებს სტუმრობენ და დაჯილდოებების წითელ ხალიჩებს ამშვენებენ. დავითის ბრენდის ხელწერა ყოველდღიურ ტანსაცმელზე არ აშენებულა და ახლა, როცა მის კოლექციაში ვხედავ „თრენჩს“ ჩექმებთან, დაბალქუსლიან ფეხსაცმელს კაბებთან, ვხვდები, რომ ბრენდის იდენტობას იწვევს, ცდილობს ახალი გამოსცადოს, რაც კარგია, თუმცა გაუცხოების გრძნობა მაქვს. 2020 წლის გაზაფხული/ზაფხული კომახიძის პირველი კოლექციაა, რომელსაც ჰარმონია და სრულყოფილების კომასეული დონე აკლია, მაგრამ – ასევე პირველია, რომლის შექმნისას ქართველმა დიზაინერმა თავისი კომფორტის ზონა დატოვა, ამიტომ ნორმალურია, რომ შოუს არაერთგვაროვანი შეფასებები მოჰყვა. ახლა დავითის ბრენდის ისტორიაში ახალი ათწლეული იწყება და მინდა მჯეროდეს, რომ საუკეთესო ჯერ კვლავ წინ არის. დავით კომახიძე David Koma-ს 2020 წლის გაზაფხული/ზაფხულის კოლექციის ჩვენების დასასრულს – ლონდონის მოდის კვირეული.
#დავითკომა
#ქართველიდიზაინერი
#ქართულიმოდა
#ქართულიადაკარგია
#მოდა
#დიზაინი
Tbilisi
0