როგორ ჩავირიცხოთ ამერიკულ უნივერსიტეტში III: სარეკომენდაციო წერილი

0
ამერიკული განათლების მისაღებად, ტესტირებებთან და მოხალისეობრივ გამოცდილებასთან ერთად, აუცილებელია, ვინმე სხვამაც დაადასტუროს თქვენი პიროვნული თუ პროფესიული უნარ-ჩვევები. ამისთვის არსებობს სარეკომენდაციო წერილი. რა არის სარეკომენდაციო წერილი? მარტივად რომ ვთქვათ, ეს არის დოკუმენტი, სადაც ვინმე სხვა (მასწავლებელი, დამსაქმებელი, არასამთავრობო ორგანიზაციის ხელმძღვანელი) დაადასტურებს, რომ მართლაც გამოირჩევით რაღაც აკადემიური თუ პიროვნული თვისებებით. ხშირად, უნივერსიტეტები ითხოვენ ორ წერილს. ჩემი რჩევაა, რომ ერთი ასეთი წერილი დაწეროს ადამიანმა, ვინც აკადემიური თვალსაზრისით გიცნობთ - მაგალითად, მასწავლებელმა. მეორე წერილი კი შესაძლებელია, დაწეროს პირმა, ვინც თქვენს პიროვნულ თვისებებზე ილაპარაკებს. მაგალითად, თუ რომელიმე არასამთავრობო ორგანიზაციაში მოხალისეობდით, შეგიძლიათ იქ ითხოვოთ, წარმომადგენელმა დაგიწეროთ ასეთი სახის წერილი. აქვე გაითვალისწინეთ, რომ თქვენმა ნათესავმა ან მეგობარმა წერილი არ უნდა დაგიწეროთ, უნივერსიტეტისთვის ეს სრულიად არარელევანტურია. არ ეცადოთ, საკუთარ თავს დაუწეროთ რეკომენდაცია, უნივერსიტეტში ერთნაირი წერის სტილი ადვილი შესამჩნევია. საქართველოში სარეკომენდაციო წერილების წერისას მთელი რიგი პრობლემა არსებობს. ამერიკისგან განსხვავებით, ჩვენ არ ვიცით, როგორი უნდა იყოს კარგი სარეკომენდაციო წერილი. ხშირად ენის ბარიერიც არის პრობლემა. თუ თქვენმა მასწვლებელმა კარგად არ იცის ინგლისური, ხანდახან უნივერსიტეტი გრთავთ ნებას, წერილი ქართულად დაწეროს პედაგოგმა და შემდეგ დამოწმებული თარგმანი გააგზავნოთ უნივერსიტეტში. რაც შეეხება მეორე პრობლემას, თუ როგორ უნდა დავწეროთ სარეკომენდაციო წერილი, ამაზე ინტერნეტში ბევრი ლიტერატურა არსებობს. მოკლედ რომ ვთქვათ, ამერიკულ უნივერსიტეტში გასაგზავნი წერილი კონკრეტული უნდა იყოს. მაგალითად, ცუდი წერილია "გიორგი კარგი ბიჭია, სულ ათიანები ჰყავს". ასევე არანაკლებ ცუდია (მაგრამ, შეიძლება უკეთესად მოგვეჩვენოს) ასეთი ნაწერი: "ის ფრიადოსანია, გამოირჩევა მაღალი აკადემიური მოსწრებით". ვისგან გამოირჩევა? როგორ შეედარება ჩვენი ფრიადოსანი სხვებს? ეს ასეთი ფრაზებიდან არ ჩანს. ამიტომ, საჭიროა განმარტება და მეტი კონკრეტული რიცხვი. მაგალითად, უკეთესია წერილი, თუ ასეთ ფრაზებს ვხედავთ: "ბოლო სამი წლის განმავლობაში 6 სხვადასხვა კლასში ვასწავლი, გიორგი კი ტოპ 5%-შია აკადემიური მოსწრებით ამ ყველა კლასიდან". აქ უკვე ვხედავთ, ვისთან შედარებითაა გიორგი ფრიადოსანი და რა მასშტაბთან გვავქვს საქმე. არ არის აუცილებელი, ყველა დროის საუკეთესო მოსწავლეზე იყოს საუბარი, მაგრამ აუცილებელია ჩანდეს შედარებითობა. ასეთი მეთოდით, კარგია თუ 2-3 თვისებაზე გავამახვილებთ ყურადღებას. როგორც წესი, წერილის ბოლოს რეკომენდატორი წერს: "თუ დამატებითი შეკითხვები გაგიჩნდათ, შეგიძლიათ დამიკავშირდეთ ი-მეილზე/ტლეეფონის ნომერზე". სულ ბოლოს კი წერილს ხელი უნდა მოეწეროს და დაისვას თარიღი. ესეც ასე, აპლიკაციის კიდევ ერთი მნიშვნელოვანი კომპონენტი მზადაა. #განათლება #ამერიკა #როგორ_ჩავირიცხოთ_ამერიკულ_უნივერსიტეტში #წერილი #batumidaily
0